დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი
ახალმა პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის არსებული სესხების ლიმიტები და პირობა დადო, რომ ფისკალურ დისციპლინას განამტკიცებს და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებს შეამცირებს. მე შემიძლია, ხალხს ახლავე მივცე ამოსუნთქვის საშუალება და ცხოვრების ყოველდღიური ხარჯების შემსუბუქებაში დავეხმარო, განაცხადა ბერნემმა და დასძინა: სულ მალე, გავცემ პირველ განკარგულებას ჩვენს ქვეყანაში უსახლკარობისა და ქუჩაში ძილის პრობლემის დასრულების შესახებ. ბრიტანული მედიის რეაქცია კი, ახალი პრემიერის ამ სიტყვებზე, სულ მცირე, სკეპტიკური იყო. ასე თქვეს, დაპირება ერთია და შესრულება მეორეო...

ვინ არის დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი ენდი ბარნემი?
დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, 56 წლის გამოცდილი პოლიტიკოსი, მანჩესტერის ყოფილი მერი, ენდი ბერნემი. მან ბრიტანეთის მეფისგან უკვე მიიღო ქვეყნის მართვის სიგელი და საზოგადოებას მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრები წარუდგინა, რომელთა უმრავლესობა ლეიბორისტული პარტიის ძველი სახეებია: შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა შაბანა მაჰმუდმა შეინარჩუნა. ფინანსთა მინისტრის პოსტი, ასევე, ძველი კაბინეტის წევრმა, ჯონ ჰილიმ დაიკავა, რომელიც სტარმერის კაბინეტში თავდაცვის მინისტრი იყო და, პროტესტის ნიშნად, თანამდებობიდან გადადგა. ჯონ ჰილის კირ სტარმერთან თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის თაობაზე ჰქონდა უთანხმოება. ახლა უკვე მისი დრო დადგა, როცა ქვეყნის ბიუჯეტის მართვის სადავეები ჩაიბარა. ბრიტანელ ხალხს, ყველაზე მეტად, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პოსტზე ორი ცნობილი პოლიტიკოსის დანიშვნა გაუკვირდა. საგარეო საქმეთა მინისტრი ლეიბორისტული პარტიის ყოფილი ლიდერი, ედ მილიბენდი გახდა, რომელიც სტარმერის კაბინეტში ენერგეტიკის მინისტრი იყო.
ის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, დევიდ მილიბენდის ძმაა, რომლიც პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის კაბინეტში მსახურობდა. ახალი საგარეო საქმეთა მინსტრი, ერთ დროს, ლეიბორისტულ პარტიას ხელმძღვანელობდა, თუმცა, ძალიან წარუმატებლად. ის, ასევე, პროპალესტინური და ანტი ამერიკული რიტორიკითაა ცნობილი. ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა, უკვე, გამოთქვეს უკმაყოფილება ედ მილიბენდის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის გამო.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის პოსტს! მას კირ სტარმერის დიდი მოწინააღმდეგე, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, უესტ სტრიტინგი დაიკავებს. ეს ის კაცია, ვინც მთელი ლეიბორისტული პარტია აუბუნტა სტარმერს და, ვინძლო, თანამდებობაც დააკარგვინა.
ზოგადად კი, ბრიტანეთის ახალი პრემიერის, ენდი ბერნემის საგარეო და შიდა პოლიტიკას ძველი წახნაგებიც აქვს და ახალი მიმართულებებიც. უფრო ზუსტად, საგარეო პოლიტიკაში, ენდი ბერნემი სტარმერის გზას მიჰყვება, კერძოდ, ევროკავშირთან დაახლოებას, ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან და ნატოსთან ურთიერთობის გაღრმვებასა და უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. როგორც მან განაცხადა, პირველი საგარეო ზარები სამ ლიდერთან განახორციელა: ტრამპთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ზელენსკისთან. ენდი ბერნემს, საგარეო პოლიტიკაში, ბევრი გამოწვევა ელოდება, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი, დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გამოსწორება, უპირველეს ყოვლისა, ჩაგოსის კუნძულებთან დაკავშირებული კონფლიქტის ნეიტრალიზაციაა.



