„საიდუმლო მარშრუტი“, რომლის მეშვეობით რუსეთი და ირანი ერთმანეთს ეხმარებიან“
ისტორია გვასწავლის, რომ ომები საკმაოდ ხშირად მთავრდება არა იმდენად ბრძოლის ველზე, რამდენადაც მომარაგების გზებზე...

„საიდუმლო მარშრუტი“, რომლის მეშვეობით რუსეთი და ირანი ერთმანეთს ეხმარებიან“
მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინასთან ომი დაიწყო, ირანი რუსეთის უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ გადაიქცა.
რუსეთმა თითქმის შეუმჩნევლად გააფართოვა მარშრუტი ირანისაკენ (და პირიქით) კასპიის ზღვის მეშვეობით. ეს ლოჯისტიკური დერეფანი, რომელსაც ზოგიერთებმა უკვე „კასპიის ექსპრესი“ უწოდეს, მოსკოვსა და თეირანს შორის თანამშრომლობის საფუძველი გახდა - მარშრუტი ორივე ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, რომ გვერდი აუარონ აშშ-ის საზღვაო ზეწოლას სპარსეთის ყურეში.
კასპიის ზღვა პლანეტის შიდა ზღვებს მიეკუთვნება, ანუ ისეთ წყალსატევებს, რომლებთაც მსოფლიო ოკეანესთან გასასვლელი არ აქვთ. რუსეთმა კასპიის ზღვა ირანთან ეკონომიკური ურთიერთობის საბაზო სატრანსპორტო ობიექტად გადააქცია. კრემლის ამ ნაბიჯის სტრატეგიული შედეგები სულ უფრო მეტად იკვეთება იმ ომის კვალობაზე, რაც ახლო აღმოსავლეთში ღვივდება - „მესამე მსოფლიო ომი სპარსეთის ყურეში“.
ისრაელის ავიაციამ რამდენჯერმე მიაყენა ავიადარტყმა ბენდერ-ენზელს - ირანის სამხედრო-საზღვაო ბაზას კასპიის ზღვის სამხრეთ ნაპირზე - და რამდენიმე სამხედრო კატერი და სანავსადგურო ნაგებობა გაანადგურა. ეს იყო ისრაელის ავიაციის პირველი ოპერაცია კასპიის რეგიონში. გასული თვის ბოლოს კი ისრაელს უკრაინაც დაემატა: უკრაინულმა დრონმა კასპიის ზღვაში მცურავი ირანის სავაჭრო გემი დააზიანა, რის შედეგადაც ერთი მეზღვაურიც დაიღუპა. თეირანი რამდენიმე დღე ფიქრობდა საპასუხო დარტყმა მიეყენებინა ოდესისათვის [ბალისტიკური რაკეტებით], მაგრამ, როგორც ჩანს, სიტუაციის გამწვავებას თავი აარიდა.
კასპიის ზღვაზე ირანს ოთხი ნავსადგური აქვს, რომლებიც ბოლო თვეებში დღედაღამ შეუსვენებლივ მუშაობენ და მარცვლეულის და ნავთობის სატვირთო სამუშაოებს აწარმოებენ - ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო თეირანმა თავისი სავაჭრო ოპერაციების ძირითადი ნაკადი შიდა ზღვისაკენ გადაამისამართა.
კასპიის ჩრდილოეთ ნაპირზე, რუსეთში, საკვანძო სატრანზიტო საზღვაო პუნქტი გახდა ნავსადგური ოლია, რომელიც მდინარე ვოლგის დელტაში, ასტრახანის ოლქში მდებარეობს. ანუ კასპიის ზღვა ამჟამად ორივე ქვეყნისთვის მომარაგების შეუცვლელი არხი გახდა. ისტორიის ირონიად შეიძლება ჩავთვალოთ ის ფაქტი, რომ „სპარსეთის დერეფანი“ აქტიურად გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც: კასპიის ზღვის აკვატორიისა და მისი სახმელეთო ნაპირის გასწვრივ შედიოდა სსრ კავშირში ამერიკული ტვირთების დიდი მოცულობა - „ლენდ-ლიზის“ პროექტით - ნაცისტური გერმანიის წინაღმდეგ ომში დასახმარებლად.



