სტალინის ოქრო ბარენცის ზღვის ფსკერიდან...
...ჩაძირული კრეისერის ტრიუმიდან ამოღებულოი ოქრო გადანაწილდა საბჭოთა კავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის - ერთი მესამედი ლონდონს, ორი მესამედი მოსკოვს. ექსპედიციის წევრებმა მიიღეს 35 მილიონი დოლარი და თითო ოქროს ზოდი სამახსოვროდ.

სტალინის ოქრო ბარენცის ზღვის ფსკერიდან...
„თითქმის 40 წლის განმავლობაში „განისვენებდა“ ბარენცის ზღვის ფსკერზე 5 ტონა „სტალინის ოქრო“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატია-ნეკროლოგში სათაურით „ლეიტენანტ-კომანდორი, რომელმაც 1981 წელს ბარენცის ზღვის ფსკერიდან „სტალინის ოქრო“ ამოიღო“.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სამხედრო-საზღვაო ჰიდროგრაფი ჯონ კლარკი ახლახან 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი თავისი საქმის ცნობილი სპეციალისტი იყო და ხელმძღვანელობდა XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ოპერაციას - 1942 წლის გაზაფხულზე გერმანელი ნაცისტების წყალქვეშა ნავის მიერ ჩაძირული ბრიტანული კრეისერის „ედინბურგის“ ბორტზე არსებულ საბჭოთა ოქროს ამოღებას. „მთელი ოთხი ათეული წლის განმავლობაში ძვირფასი ტვირთის პოვნა და ამოღება წარმოუდგენელი იყო, სანამ საქმის დაწყება ჰიდროგრაფმა ჯონ კლარკმა არ იკისრა“, - ხაზგასმულია მასალაში.
ბარენცის ზღვა. 1942 წლის 2 მაისი.
ჰორიზონტზე სამხედრო-სატრანსპორტო კონვოის (ქარავანის) QP11-ის გემები მოჩანს, მათი შავი კვამლი ცაში იფანტება. გემებს შორიახლოს ესკორტის (დამცავი გემების) ხომალდები მიჰყვებიან. აი, უახლესი, 1938 წელს აგებული კრეისერი „ედინბურგი“, რომელიც ყველაზე ძლიერია და ესკორტის მეთაურის, კონტრ-ადმირალ სტიუარტ ბონემ-კარტერის საფლაგმანო ხომალდს წარმოადგენს. მის ბორტზეა 465 ოქროს ზოდი, 93 ხის ყუთში მოთავსებული, რომელიც საბჭოთა კავშირის მთავრობის თავმჯდომარის იოსებ სტალინის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უინსტონ ჩერჩილს და აშშ-ის პრეზიდენტს ფრანკლინ დელანო რუზველტს ეგზავნება და რომელიც ინგლისელი და ამერიკელი ხალხების საკუთრებაა - იმ დახმარების ფასად, რასაც მოკავშირეები რუსეთს უწევდნენ.
მურმანსკიდან გასული კონვოი სრული სვლით მიცურავს... იმიტომ, რომ ბარენცის ზღვა სახიფათოა - აქ გერმანული წყალქვეშა ნავები ბრიტანულ ქარავნებს ჩასაფრებებს უწყობენ. ჰოდა, როცა გერმანული წყალქვეშა ნავის U-456-ის კაპიტანმა მაქს ტაიხერტმა პერისკოპში „ედინბურგი“ შენიშნა, თვალებს არ დაუჯერა - მის წინაშე იყო ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის უახლესი კრეისერი! „ედინბურგმა“ მანევრები დაიწყო, მაგრამ ვერ მოასწრო: U-456-მა ტორპედების სამი ზალპი განახორციელა, რომლებმაც „ედინბურგს“ მარჯვენა გვერდი და კიჩო გაუგლიჯეს.
კრეისერის ეკიპაჟის მნიშვნელოვანი ნაწილი - 60 წევრი დაიღუპა, დანარჩენები ევაკუირებულნი იქნენ. ხომალდს ჯერ კიდევ შეეძლო ზღვის ზედაპირზე ყოფნა, მაგრამ რადგანაც გერმანელთა ნაღმოსნები ახლოვდებოდნენ (U-456-მა მათ ქარავნის ზუსტი კოორდინატები აცნობა), კონტრ-ადმირალმა სტიუარტ ბონემ-კარტერმა, ოქრო გერმანელებს რომ არ ჩავარდნოდათ ხელში, „ედინბურგის“ ჩაძირვა გადაწყვიტა... ხუთ ტონაზე მეტი ოქროს ზოდებიც ბარენცის ზღვამ შთანთქა.
ოქროს ტვირთი, რომლის ღირებულება იმ დროისათვის 1,5 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევდა (ამჟამად კი რამდენიმე ასეული მილიონი გირვანქა სტერლინგი ღირს), თითქმის ოთხი ათეული წელი ბარენცის ზღვის ფსკერზე „გაწოლილი“ კრეისერის ტრიუმებში ხელუხლებლად იდო, სანამ 1980 წლის მაისში მყვინთავების ჯგუფის ხელმძღვანელმა რიკ უორტონმა ჯორჯ კლარკს არ დაურეკა, რომელიც იმ დროს საზღვაო გადაზიდვების ასოციაციის ლონდონის ცენტრში სპეცპროექტების დირექტორად მუშაობდა. იმ ხანებში კლარკი უამრავ შეტყობინებებს იღებდა ჩაძირული ძველი გალეონების (გემების) შესახებ და უორტონის ზარს ყურადღება არ მიაქცია. მეორედ დარეკვის შემდეგ კი დაინტერესდა: იგი დაარწმუნეს, რომ საარქივო დოკუმენტები „ედინბურგის“ მდებარეობის საკმაოდ ზუსტ კოორდინატებს იძლეოდა და რომ კრეისერზე მართლაც იყო ოქროს ზოდები.



