
პრეზიდენტი შარლ დე გოლი...
საფრანგეთში მას ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ როგორც „გენერალი დე გოლი“.
ფრანგული ისტორიოგრაფიისა და საზოგადოებრივი აზრის თანახმად, შარლ დე გოლი საფრანგეთის უახლეს ისტორიაში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მმართველად, ნაპოლეონ ბონაპარტისა და ფრანსუა მიტერანის შემდეგ.
შარლ დე გოლმა 1912 წელს სან-სიროს სამხედრო კოლეჯი (საფრანგეთის ცნობილი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი) 22 წლის ასაკში დაამთავრა. მონაწილეობა მიიღო პირველ მსოფლიო ომში ლეიტენანტის ჩინით, რამდენჯერმე დაიჭრა კიდეც და ბოლოს გერმანელებს ტყვედაც ჩაუვარდა. შარლმა გერმანელების ტყვეობაში თითქმის წელიწადნახევარი დაჰყო. რამდენჯერმე შეეცადა გაქცევას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს იგი ბავარიაში, ინგოლშტადტის ციხეში გადაიყვანეს. შარლმა გერმანული ენა კარგად იცოდა, ამიტომაც არ უჭირდა გერმანული გაზეთების კითხვა. იგი თავის პატრიოტულ განწყობასა და მოსაზრებებს აქტიურად უზიარებდა ტყვეობაში მყოფ სხვა ადამიანებს.
სწორედ იმ პერიოდში, ინგოლშტადტის ციხეში ყოფნისას, შარლ დე გოლმა გაიცნო პორუჩიკი მიხეილ ტუხაჩევსკი, წითელი არმიის მომავალი მარშალი, რომელიც ასევე ტყვედ იყო ჩავარდნილი რუსეთ-გერმანიის ფრონტზე ბრძოლის დროს. ორივე ერთ ოთახში ცხოვრობდა და და რადგანაც ტუხაჩევსკიმ ფრანგული ენა კარგად იცოდა, ბევრს საუბრობდნენ. შარლ დე გოლი ცდილობდა რუსული ენის შესწავლასაც. მათი ხედვები სამხედრო ტაქტიკასა და სტრატეგიის საკითხებში ერთმანეთს დაემთხვა. სხვათა შორის, დე გოლმა სწორედ ტყვეობაში ყოფნის დროს დაწერა თავისი პირველი წიგნი, „უთანხმოება მტრების ბანაკში“ (Discorde chez l'ennemi), რომელიც 1924 წელს გამოქვეყნდა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შარლ დე გოლმა სახელი გაითქვა, როგორც სატანკო ტაქტიკოსმა და მძიმე ტექნიკისა და ავიაციის კონცენტრირებულად გამოყენების მომხრე სტრატეგმა. მუშაობდა სხვადასხვა სამხედრო თანამდებობებზე - სატანკო პოლკის მეთაურიდან თავდაცვის უმაღლესი საბჭოს გენერალურ მდივნამდე...
შარლ დე გოლი მეორე მსოფლიო ომს პოლკოვნიკის სამხედრო ჩინით შეხვდა. იმ დროს, როცა გერმანიის ვერმახტი საფრანგეთს თავს დაესხა, შარლ დე გოლი ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, შემდეგ კი უშუალოდ ფრონტზე წავიდა და დივიზიის მეთაური გახდა, მიენიჭა ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება. შარლ დე გოლი ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს, უპირველესად კი თავდაცვის მინისტრს ფილიპ პეტენს, რომლებიც გერმანიასთან დაზავებას ცდილობდნენ. 1940 წლის ივნისში გენერალი დე გოლი იმ დელეგაციის წევრი იყო, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილისათვის დახმარების სათხოვნელად. სწორედ იმ ხანებში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი პოლ რეინო გადადგა და მისი ადგილი ფილიპ პეტენმა დაიკავა, რომელმაც დაზავებისათვის მზადება დაიწყო. შარლ დე გოლმა არ ისურვა პეტენთან ურთიერთობა. 1940 წლის 18 ივნისს მან ბრიტანული BBC-ის რადიოსადგურით საფრანგეთის მოსახლეობას მიმართა, რომ შეექმნათ „წინააღმდეგობის მოძრაობა“ მტერთან საბრძოლველად.
შარლ დე გოლი მეორე მსოფლიო ომის დროს იყო მოძრაობა „თავისუფალი საფრანგეთის“ ლიდერი და ალჟირში 1944 წლის 3 ივნისს ჩამოყალიბებული საფრანგეთის დროებითი მთავრობის მეთაური. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გენერალს უთანხმოება მოუვიდა საფრანგეთის მე-4 რესპუბლიკის პოლიტიკურ ძალებთან და პოლიტიკას ძირითადად ჩამოშორდა, სამხედრო მემუარების წერა დაიწყო. 1958 წელს, როცა მე-4 რესპუბლიკის პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, შარლ დე გოლის მოწოდებით შეიქმნა ახალი მთავრობა, მნიშვნელოვანი წვლილი გაიღო ახალი კონსტიტუციის შექმნაში და იყო მეხუთე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1958-69 წლებში. მისი პოლიტიკური იდეოლოგია ცნობილია, როგორც გოლიზმი, და მან დიდი გავლენა იქონია ფრანგული პოლიტიკის შემდგომ განვითარებაზე.
შარლ დე გოლმა „სამხედრო მემუარების“ პირველი ტომი „მოწოდება: 1940-1942“ 1954 წელს გამოაქვეყნა. მეორე ტომი - „ერთიანობა: 1942-1944“ – 1956 წელს, მესამე ტომი - „გადარჩენა: 1944-1946“ – 1959 წელს.
შარლ დე გოლის მემუარები შესაძლებლობას იძლევა ფრანგი ოფიცრის - გენერლის თვალით დავინახოთ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო და პოლიტიკური მოვლენები. მისი წიგნები ადასტურებს ფრანგი ერის ლიდერის, უნიკალურ პიროვნების ნათელ გონებას, პატრიოტიზმს, უბადლო ანალიტიკურ თვისებებს, ორატორულ ტალანტს, ურყევ ნებისყოფას. წიგნებში ასახულია მისი დაკვირვებები და შეფასებები იმდროინდელ პოლიტიკურ ლიდერებთან, სახელმწიფოების მეთაურებთან შეხვედრის დროს.
შარლ დე გოლი რამდენჯერმე იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში: პირველად 1944 წლის 2-10 დეკემბერს, როცა იგი მოსკოვში სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს (ანუ, დღევანდელი გაგებით - პრემიერ-მინისტრს) იოსებ სტალინს შეხვდა (იყო სტალინგრადშიც), მეორედ კი - 1966 წლის 20 ივნისიდან პირველ ივლისამდე - სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ნიკოლაი პოდგორნის მიწვევით (იყო სტალინგრადშიც, რომელსაც იმ დროს უკვე ვოლგოგრადი ერქვა).
შარლ დე გოლის იოსებ სტალინთან შეხვედრა და შთაბეჭდილებები მემუარების მეორე ტომშია გადმოცემული, რომლის მოცულობა საკმაოდ დიდია. რუსულ ენაზე წიგნი გამოცემულია 2003 წელს, ქართულ ენაზე მისი თარგმანი არ მომხდარა.
1953 წლის მარტში, როდესაც გენერალმა შარლ დე გოლმა გენერალისიმუსის იოსებ სტალინის გარდაცვალება გაიგო, მას თურმე უთქვამს: „სტალინი მარტო წარსულს არ ეკუთვნის, ის მომავლის ისტორიის შექმნაშიც მონაწილეობს! სტალინი არ მომკვდარა, ის განზავდა მომავალში!“.
1966 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა მოსკოვში ვიზიტის დროს ისეთი რამ მოითხოვა, რომლითაც სსრ კავშირის მთავრობა და კომპარტიის პოლიტბიურო შოკში ჩააგდო, თუმცა წითელ მოედანზე მომხდარი ამ პოლიტიკური „ინციდენტის“ შესახებ მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა იცოდნენ... შარლ დე გოლმა იოსებ სტალინის საფლავზე მისვლა მოისურვა, კრემლის კედელთან..
ეს ის დროა, როცა ნიკიტა ხრუშჩოვი ქვეყნის ლიდერობიდან უკვე წასულია, ხოლო პარტიის გენერალურ მდივნად ლეონიდ ბრეჟნევია არჩეული. სსრ კავშირის ხელმძღვანელობა იდეოლოგიური კრიზისი წინაშე დგას: დიდი ხანი არ გასულა იმ მომენტიდან, როცა 1956 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა იოსებ სტალინის „პიროვნების კულტი“ ამხილა, ხოლო 1964 წლის ოქტომბერში ბიჭვინთაში დასასვენებლად მყოფი ნიკიტა ხრუშჩოვი პოლიტბიუროს წევრებმა იძულებული გახადეს თანამდებობიდან გადამდგარიყო. ესე იგი, გამოდიოდა, რომ მმართველმა პარტიამ დაგმო როგორც სტალინისეული, ისე ხრუშჩოვისეული საბჭოთა პოლიტიკა.
და ამ დროს პრეზიდენტი შარლ დე გოლი ითხოვს სტალინის საფლავთან მისვლას... ასეთი ნაბიჯის გადადგმას იმ დროს ვერავინ ბედავდა, თვით სოციალისტური ქვეყნების ლიდერებიც კი. რა თქმა უნდა, გაოგნებულმა საბჭოთა ლიდერებმა ფრანგი სტუმარს სურვილი შეუსრულეს, თუმცა ეს ფაქტი იმდროინდელი საბჭოთა მასმედიით არ გავრცელებულა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ყვავილებით შეამკო იოსებ სტალინის საფლავი და ძველი მოკავშირის სამარესთან 20 წუთი იდგა. რაზე ფიქრობდა იმ მომენტში შარლ დე გოლი? ეს არავინ იცის, პრეზიდენტს თავისი ფიქრები არავისთვის არ გაუმხელია.
ახლა კი გთავაზობთ ამონარიდებს შარლ დე გოლის მემუარების მეორე და მესამე ტომებიდან („ერთიანობა - 1942-1944“ და „გადარჩენა - 1944-1945“), რომლებშიც გადმოცემულია იოსებ სტალინთან შეხვედრები და ის შეფასებები, რომლებსაც ფრანგი ლიდერი საბჭოთა ლიდერის მიმართ აკეთებს.
----------------
1943 წლის დეკემბერში ბენეში[1] ლონდონიდან მოსკოვში გაემგზავრა და იოსებ სტალინს შეხვდა. მან ხელი მოაწერა აგრეთვე ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. ლონდონში რომ ბრუნდებოდა, ედუარდ ბენეში ორ იანვარს ალჟირში გაჩერდა. ჩვენ ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს მეთაური ძალიან დიდი პატივით მივიღეთ, რადგან გვახსოვდა, რომ საფრანგეთის მკაცრი და მწარე ბედის მიუხედავად, იგი ყოველთვის მისი მეგობარი რჩებოდა.
ედურად ბენეშმა გამაცნო მოსკოვში გამართული მოლაპარაკების დეტალები. მან სტალინი დაახასიათა როგორც ადამიანი, რომელიც თავშეკავებულია საუბარში, მაგრამ მტკიცეა განზრახვებში. მას აქვს თავისი საკუთარი აზრი ევროპის ყოველ პრობლემაზე - ფარული, მაგრამ სრულებით განსაზღვრული. შემდეგ ბენეშმა თავისი პოლიტიკა გამაცნო: „შეხედეთ რუკას, - თქვა მან, - რუსები უკვე კარპატებს უახლოვდებიან, მაგრამ დასავლეთში მოკავშირეთა ჯარები ჯერ კიდევ მზად არ არიან საფრანგეთში გადმოსხმისათვის. ეს ნიშნავს, რომ სწორედ წითელი არმია გაათავისუფლებს ჩემს ქვეყანას გერმანელებისაგან. იმისათვის, რომ მე ჩვენი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება შევძლო, იოსებ სტალინს უნდა შევუთანხმდე. ამიტომაც მე ეს უკვე გავაკეთე, თანაც ისეთ პირობებში, რომელიც ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობას არ ეხება: ჩვენი და რუსების ხელშეკრულების თანახმად, რუსული სარდლობა ჩვენს პოლიტიკურ საქმეებში არანაირად არ ჩაერევა“.
გადავიდა რა ქვეყნის საერთო მდგომარეობის დახასიათებაზე, პრეზიდენტმა ედუარდ ბენეშმა დამიწყო იმის დამტკიცება, რომ მან ასეთი რამ ადრეც არაერთხელ გააკეთა და რომ ჩეხოსლოვაკია მხოლოდ მოსკოვთან კავშირით შეიძლება აღორძინდეს. იგი თითს ადებდა რუკას და იძახდა: „აი, სუდეტის ოლქი, რომელიც ჩვენ გერმანელებისგან უნდა დავიბრუნოთ. აი, ტეშინი, რომლის მითვისება პოლონელებს სურთ. აი, სლოვაკეთი, რომლის უკან დაბრუნებაზე უნგრელები ოცნებობენ - იქ უკვე [გერმანელი ნაცისტების სატელიტმა პრეზიდენტმა იოზეფ] ტისომ თავისი სეპარატისტული მთავრობა შექმნა. არადა, ვატყობ, რომ ხვალ აღმოსავლეთი გერმანია, პოლონეთი და უნგრეთი საბჭოთა რუსეთის ხელში იქნება. მოსკოვმა რომ მათ მხარი დაუჭიროს, ამას ჩეხოსლოვაკიის დაშლა მოჰყვება. როგორც ხედავთ, რუსებთან კავშირი ჩვენთვის სრულიად აუცილებელია“. მე შევეცადე მისთვის გამეხსენებინა, რომ არსებობს დასავლეთისადმი მიმართვის შესაძლებლობა, მაგრამ ედუარდ ბენეშმა ძალზე სკეპტიკურად მიპასუხა: „[ფრანკლინ] რუზველტს სტალინთან მოლაპარაკება უნდა და აპირებს, რომ გერმანელ ნაცისტებზე გამარჯვების შემდეგ თავისი ჯარი რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოს ამერიკაში. [უინსტონ] ჩერჩილი ჩვენზე თითქმის არ ფიქრობს. მისი აზრით, ინგლისის თავდაცვის ხაზი გადის რეინზე და ალპებზე. როგორც კი ამას მიაღწევს, მას მეტი სხვა დარდი აღარ ექნება, ხმელთაშუა ზღვის გარდა. ჩვენთან დამოკიდებულებაში მას რუზველტის მსგავსი პოზიცია აქვს... როგორც ვიცი, თეირანის შეხვედრის დროს ჩეხოსლოვაკიაზე ერთი სიტყვაც კი არ თქმულა. გენერალო, თქვენი სახით მე ვხედავ ძლიერი და მტკიცე საფრანგეთის მშენებელ ადამიანს, რომელიც ევროპული წონასწორობისათვის აუცილებელია. თქვენ რომ არ გამოჩენილიყავით [საფრანგეთის] დამარცხების შემდეგ, თავისუფალ ევროპაზე იმედი არავის აღარ ექნებოდა. ამიტომ არავინ ისე მხურვალედ არ გისურვებთ წარმატებას, როგორც მე“. (...)
ედუარდ ბენეშის აზრი ლონდონისა და ვაშინგტონის პოზიციის თაობაზე საბჭოელთა მისწრაფებების შესახებ სულ მალე დადასტურდა პოლონეთის საკითხით. რაც უფრო უახლოვდებოდა წითელი არმია ვარშავას, მით უფრო მკაფიოდ ჩანდა მოსკოვის განზრახვა - პოლონეთზე გავლენა მოეხდინა და მისი საზღვრები შეეცვალა. ისიც აშკარად იხატებოდა, რომ იოსებ სტალინს სურდა ლიტვის, ბელორუსიის და უკრაინის ტერიტორიების გაფართოება [პოლონეთის ხარჯზე], ხოლო თვითონ პოლონეთს აფართოებდა დასავლეთით, ოდერზე და ნოისეზე მდებარე გერმანელთა ტერიტორიებით. ასევე არანაკლებ ნათელი იყო, რომ კრემლის ბინადარს განზრახული ჰქონდა ვისლაზე რეჟიმი საკუთარი შეხედულებით შეექმნა და რომ ანგლოსაქსები მის სურვილებს ვეტოს ვერ დაადებდნენ. მოკლედ, ლონდონში მყოფი პოლონეთის [ემიგრანტული] მთავრობისათვის მძიმე პრობლემები წარმოიქმნა: მას არ ჰქონდა მატერიალური რესურსები წინააღმდეგობა გაეწია მოსკოვის გადაწყვეტილებისათვის...
სიმართლე უნდა ითქვას: გენერალი ვლადისლავ სიკორსკი - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და მთავარსარდალი - შეეცადა იოსებ სტალინთან შეთანხმების დადებას, მაგრამ უშედეგოდ. სიტუაცია გაამწვავა პოლონეთის ბრალდებებმა 1943 წლის გაზაფხულზე, რომ რუსებმა კატინის ტყეში ათასობით ტყვე პოლონელი ოფიცერი დახვრიტეს. გაბრაზებულმა იოსებ სტალინმა პოლონეთის ემიგრანტულ მთავრობასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. სულ მალე ამ ამბიდან გენერალი სიკორსკი გიბრალტართან ავიაკატასტროფაში დაიღუპა, როცა ეგვიპტიდან ლონდონში ბრუნდებოდა. იგი შეუცვლელი ადამიანი იყო, ავტორიტეტიანი, მას მსოფლიოში კარგად იცნობდნენ. სიკორსკის დაღუპვის შემდეგ რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობაში კრიზისი დაიწყო...
ახალი პრემიერი სტანისლავ მიკოლაიჩიკი აცხადებდა, რომ პოლონეთში ისეთი ხელისუფლება და მთავრობა იქნებოდა, რომელიც მოსკოვთან მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობას უზრუნველყოფდა, საზღვრების საკითხი კი სამშვიდობო ხელშეკრულების დადების დროს გადაწყდებოდა. (...) უინსტონ ჩერჩილი და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ენტონი იდენი სტანისლავ მიკოლაიჩიკს იოსებ სტალინთან შეხვედრას აჩქარებდნენ. იგი მოსკოვში პირველ აგვისტოს ჩავიდა - სწორედ იმ დღეს, როცა წითელი არმია ვარშავას მიადგა. თვით ქალაქში კი მოსახლეობა აჯანყდა და გერმანელებს ებრძოდა, იატაკქვეშა არმია „კრაიოვას“ გენერლის ტადეუშ ბურ-კომაროვსკის მეთაურობით. მოსკოვში ჩასულ პოლონელ მინისტრებს, სტანისლავ მიკოლაიჩიკის ხელმძღვანელობით, იოსებ სტალინისა და ვიაჩესლავ მოლოტოვის მხრიდან არანაირი მხარდამჭერი სიტყვები არ მოუსმენიათ, პირიქით - გაიგეს, რომ საბჭოთა კავშირს შეთანხმება დაუდია ეროვნული გათავისუფლების პოლონურ კომიტეტთან [კომუნისტურთან], რომელიც უფლებამოსილი იყო ქვეყნის ტერიტორიების მართვა-კონტროლი დაეწყო.
ჩვენ, საფრანგეთის მთავრობა, ვერაფრით დავეხმარებოდით პოლონეთს. ჩვენ არც ამის უფლება და არც შესაძლებლობები არ გვქონდა. პირადად მე სრულიად მისაღებად ვთვლიდი იმას, რომ სტალინს პოლონეთის აღმოსავლეთში „ამპუტირებული“ მიწები დასავლეთში პრუსიით და სილეზიით ჩაენაცვლებინა. რა თქმა უნდა, მიმაჩნდა, რომ მოსახლეობის გადასახლება ჰუმანურად უნდა მომხდარიყო. მაგრამ იმავდროულად იმასაც ვთვლიდი, რომ პოლონეთში იოსებ სტალინის მხარდამჭერთა დიქტატურა არ უნდა დამყარებულიყო...
(...)
[1944 წლის] 24 ნოემბერს რუსეთში გავემგზავრე. ჩემთან ერთად იყვნენ მუსიე ჟორჟ ბიდო, ასევე გენერლები ჟიუენი, პალევსკი, დეჟანი და სხვები. ჩვენს დელეგაციას საბჭოთა კავშირის ელჩი საფრანგეთში ალექსანდრე ბოგომოლოვი[2] მოჰყვებოდა. თავდაპირველად ჩვენი თვითმფრინავი ქაიროს აეროდრომზე დაეშვა, ვეწვიე ეგვიპტის მეფეს ფარუკს (...)
ჩვენი მოგზაურობის შემდეგი ეტაპი იყო თეირანი. ირანის დედაქალაქში დაძაბული ატმოსფერო სუფევდა, რაც განპირობებული იყო სამმაგი ოკუპაციით: ბრიტანელების, რუსებისა და ამერიკელების კონტროლქვეშ. (...) შაჰმა მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ ჩემს მიმართ მეგობრული დამოკიდებულება გამოამჟღავნა. სევდიანად გამაცნო ის მდგომარეობა, რომელშიც მისი ქვეყანა იმყოფებოდა სამი სახელმწიფოს კონტროლით, რაც სახელმწიფოს მართვის სისტემას მოშლით ემუქრებოდა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნიდა. მონარქმა, რომელიც ხშირად ძალიან დაღვრემილად გამოიყურებოდა, რჩევა მკითხა: „აი, ხომ ხედავთ, როგორ მდგომარეობაში ვართ... თქვენი აზრით, როგორი პოლიტიკური კურსი უნდა გავატარო ასეთ პირობებში? თქვენ უკვე აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის ბედზე ყველაზე რთულ დროს და მე რას მირჩევდით?“.
მოჰამედ რეზა ფეჰლევის მე ვუპასუხე, რომ თუ ოდესმე ირანის წინაშე მდგარა საკითხი - ჰყოლოდა ისეთი მმართველი, რომელიც დამოუკიდებლობისა და ერთიანობის სიმბოლო იქნებოდა, ამჟამად ასეთი ადამიანი სწორედ თვითონ არის. ვუთხარი, რომ ტახტიდან არ გადამდგარიყო არავითარ შემთხვევაში „და თუ სამი სახელმწიფოდან რომელიმე შეეცდება თქვენს გადაბირებას თავის მხარეზე, არ დაეთანხმოთ და მტკიცედ იდექით, რადგან თქვენი პოზიციის ცვლილება ქვეყნისთვის მძიმე შედეგებს გამოიწვევს. როგორც კი საფრანგეთი თავის ძალებს და ავტორიტეტს დაიბრუნებს, მერწმუნეთ, ჩვენ მთელი ძალისხმევით შევეცდებით დაგეხმაროთ მოკავშირეთა [სსრ კავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის] ჯარების ქვეყნიდან გაყვანაში“. შაჰმა მადლობა მითხრა და დაამატა, რომ ჩემს მიერ გამოთქმული აზრი მისთვის მორალურ მხარდაჭერას წარმოადგენდა.
26 ნოემბერს ბაქოში დავეშვით. აეროდრომზე საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები დაგვხვდნენ. მივიღე საპატიო ყარაულის პატაკი და გაოცებული თვალს ვადევნები, თუ როგორ ლამაზად და გამართულად გამოიყურებოდნენ წითელარმიელები - შაშხანები მხრებზე და მწყობრი ნაბიჯით, რომლის ხმა ტყვიის გასროლას ჰგავდა. საპატიო ყარაულის ასეულის მარში ჩემთვის, სამხედრო პირისთვის საინტერესო იყო. „აი, ისიც - რუსეთის გმირი არმია...“, - ვფიქრობდი.
აეროდრომზე შეხვედრის შემდეგ მასპინძლებმა ავტომანქანებით მაღალი სისწრაფით წაგვიყვანეს და ბინა დიდებულ შენობაში მოგვიჩინეს. აქ თავი ისახელა ელჩმა ალექსანდრე ბოგომოლოვმა... ჩვენ გვსურდა რაც შეიძლება მალე გაგვეგრძელებინა ჩვენი მგზავრობა მოსკოვისაკენ. საბჭოთა მხარემ გვითხრა, რომ რადგანაც თქვენმა ეკიპაჟმა არც მარშრუტი არ იცის და არც სიგნალები, რუსული თვითმფრინავით წაგიყვანთ მოსკოვშიო. მოგვიანებით გვაცნობეს, რომ ზამთრის დროს, ავიატრასაზე ცუდი ამინდია, ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის რეზერვში სპეციალური მატარებელი გვყავს და რკინიგზით გაგამგზავრებთო. მოკლედ, იძულებულნი გავხდით ბაქოში ორი დღე გაგვეტარებინა. როგორმე დრო რომ მოგვეკლა, მასპინძლებმა გვაჩვენეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები, წარმოდგენები თეატრში, გვაძლევდნენ სააგენტო „ტაას“-ის {სსრკ სატელეგრაფო სააგენტოს) მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს და... თითქმის განუწყვეტელი სადილები, რომლებიც გაუგონარი სიუხვით და მდიდრული გაწყობით გამოირჩეოდნენ.
სპეციალურ მატარებელს „დიდი მთავრის“ სახელი ერქვა: თურმე ის ადრე, პირველი მსოფლიო ომის დროს, რუსეთის არმიის მთავარსარდალს, გენერალს, დიდ მთავარს ნიკოლაი ნიკოლაევიჩს ეკუთვნოდა. ვაგონები კარგად იყო მოწყობილი, მაგრამ ნელა მივდიოდით რკინიგზის მდგომარეობის გამო, სადგურებზე ვჩერდებოდით და როცა ვაგონებიდან გადმოვდიოდით, ადგილობრივი მოსახლეობა ჩუმად, მაგრამ მეგობრულად გვიყურებდა.
ვითხოვე, რომ მოსკოვში სტალინგრადის გავლით წავსულიყავით - მინდოდა, რომ რუსული არმიის დიდება საკუთარი თვალით მენახა და რუსი ჯარისკაცების გმირობისათვის პატივი მიმეგო. ქალაქი სრულიად დანგრეული იყო, მაგრამ ისიც ვნახე, თუ როგორ ენერგიულად მუშაობდნენ ადამიანები სტალინგრადის აღსადგენად. მას შემდეგ, როცა ბრძოლების ადგილები დავათვალიერეთ, ჩვენმა გიდებმა წაგვიყვანეს მეტალურგიულ ქარხანაში, რომელიც სრულიად დანგრეული ყოფილა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ აღუდგენიათ და უკვე ფოლადსაც ადნობდნენ. დავათვალიერეთ ტანკების დიდი ქარხანაც, რომელიც ასევე აღდგენილი იყო და ჯავშნიან ტექნიკას უშვებდა. როცა საამქროებში შევდიოდით, ირგვლივ მუშები გვეხვეოდნენ მეგობრული საუბრისათვის, თარჯიმნების მეშვეობით. ქარხნიდან რომ გამოვდიოდით, შევნიშნე ადამიანთა დიდი კოლონა, რომლებსაც გვერდით შეიარაღებული ჯარისკაცები მოჰყვებოდნენ. როგორც ამიხსნეს, ისინი რუსი პატიმრები იყვნენ. გამიკვირდა რომ მათი ჩაცმულობა იგივე იყო, როგორიც მშენებლებისა და მითხრეს, რომ საკმაოდ კარგად მუშაობდნენ.
სტალინგრადის საქალაქო საბჭოს გადავეცი საპატიო ხმალი, რომელიც საფრანგეთიდან მქონდა წამოღებული, შემდეგ კი მიგვიწვიეს ბანკეტზე, ბოლოს კი „დიდი მთავარის ნიკოლაის“ მატარებელში დავბრუნდით. შაბათს, ორ დეკემბერს, შუადღისას, მოსკოვში ჩავედით.
ვაგზლის ბაქანზე დაგვხვდა საბჭოთა დიპლომატიური უწყების მეთაური ვიაჩესლავ მოლოტოვი, სახალხო კომისრებთან და გენერლებთან ერთად. ვაგზალზევე იმყოფებოდა უცხოელთა მთელი დიპლომატიური კორპუსი. ორკესტრმა სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. ჩვენ წინ საუკეთესო მწყობრი ნაბიჯით ჩაიარა კურსანტების ბატალიონმა. როგორც კი ვაგზლის შენობიდან გამოვედით, იქვე შეკრებილი მოსკოველების დიდი ჯგუფისაგან ჩემს მიმართ მისასალმებელი შეძახილები გაისმა. წავედით საფრანგეთის საელჩოში, სადაც მინდოდა ცალკე რეზიდენციაში ვყოფილიყავი: წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები მელოდა. ჩვენი დელეგაციის სხვა წევრებს - საგარეო საქმეთა მინისტრს ჟორჟ ბიდოს, გენერალ ალფონს ჟუენს [გენშტაბის უფროსს] და მორის დეჟანს [საფრანგეთის წარმომადგენელს მოკავშირეებთან ლონდონში] ბინები სხვა შენობაში ჰქონდათ, რომლებიც მათ საბჭოთა მთავრობამ გამოუყო.
მოსკოვში 8 დღე გავატარეთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ რუსებთან შეხვედრების დროს ერთმანეთს მრავალი იდეა, წინადადებები და ინფორმაციები გავუზიარეთ. ბიდო და დეჟანი, როჟე გაროსთან [დიპლომატთან] და [ჟან] ლალუასთან [თარჯიმანთან] ერთად, რომლებიც კარგად ლაპარაკობდნენ რუსულად, მოლოტოვს და მის თანამშრომლებს შეხვდნენ, ალფონს ჟუენს კი [ერნსტ] პეტთან - ჩვენი სამხედრო მისიის მეთაურთან ერთად - ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა საბჭოთა გენერალური შტაბის უფროსთან ალექსი ანტონოვთან, თუმცა, ბუნებრივია, ყველა ძირითადი გადაწყვეტილება დამოკიდებული იყო ჩვენს შეხვედრაზე იოსებ სტალინთან.
ვსაუბრობდი რა იოსებ სტალინთან სხვადასხვა თემებზე, მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემს წინ იყო საოცრად ეშმაკი და ულმობელი, ტირანული ხელმძღვანელი ქვეყნისა, რომელიც სისხლს ღვრიდა ომში, მაგრამ იმავდროულად ის იყო ადამიანი, რომელიც მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
იოსებ სტალინი ხელისუფლების წყურვილით იყო შეპყრობილი. მას თავისმა ცხოვრებამ, რომელიც სავსე იყო ჯერ იატაკქვეშა პოლიტიკური საქმიანობით, შემდეგ კი ინტრიგებითა და შეთქმულებებით, აწავლა ის, რომ დაემალა ნამდვილი სახე და შინაგანი ბუნება, მას არ უნდა შექმნოდა არაფრის ილუზია, არ უნდა ყოფილიყო ზედმეტად ლმობიერი, გულწრფელი, ყოველი ადამიანისათვის ეჭვის თვალით შეეხედა და მასში სხვებისთვის შეუმჩნეველი საფრთხე დაენახა. იგი თავის ხასიათში ერთმანეთს უთავსებდა ანგარიშიანობას, მომჭირნეობას, უნდობლობას და დაჟინებულობას. რევოლუციურმა გამოცდილებამ, პარტიულმა და სახელმწიფო სამსახურმა, აგრეთვე ომმა იოსებ სტალინს მისცეს შესაძლებლობა და საშუალებები დაექვემდებარებინა ან გაენადგურებინა მისთვის ხელშემშლელი ადამიანები. მან მიაღწია იმ ყველაფერს, რაც ახლა ჰქონდა, იყენებდა რა მარქსისტული დოქტრინის ყველა ფანდს და ტოტალიტარული რეჟიმის ზეწოლის ბერკეტებს, იჩენდა რა არადამიანურ კადნიერებას და მზაკვრობას.
ხელისუფლების მწვერვალზე ყოფნისას, უყურებდა რა ზემოდან რუსეთს, იოსებ სტალინი მას ხედავდა როგორც იდუმალ და იმავდროულად ძლიერ და მარადიულ ქვეყნად, ვიდრე ის პოლიტიკურ დოქტრინებში და თეორიებში იყო ასახული. იოსებ სტალინს რუსეთი თავისებურად უყვარდა. თავის მხრივ, რუსეთმა იგი მიიღო როგორც მეფე და ბოლშევიზმს დაემორჩილა. რუსეთი თავის ხელმძღვანელს ენდობოდა, ის იყო როგორც ბრძოლის საშუალება ისეთ აგრესორთან და აგრესიასთან, რომელიც მანამდე მსოფლიოს არ ენახა. სლავი ხალხების ერთ მუშტად შეკვრა, ნაცისტური გერმანიის გასრესვა, აზიის თავის გავლენაში მოქცევა და მსოფლიო ოკეანის სივრცეში გასვლა - ასეთი იყო რუსი ერის ოცნებები, რომელიც სახელმწიფოს სათავეში მდგომი დესპოტის მიზნებად იქცა. მათი მიღწევისათვის აუცილებელი იყო ორი პირობა: გადაექცია რუსეთი ძლიერ და თანამედროვე ქვეყნად, ანუ ინდუსტრიულ „დერჟავად“ (სახელმწიფოდ) და როცა დადგებოდა დრო, მსოფლიოს [დასაუფლებლად] ომში ჩართულიყო. პირველი პირობა შესრულდა ადამიანთა გაუგონარი მსხვერპლის, გაჭირვებისა და ტანჯვა-წვალების ფასად. როცა მე სტალინი ვნახე, იგი მეორე პირობის შესრულებას ამთავრებდა - საფლავებსა და ნანგრევებს შორის მდგომი. მისდა საბედნიეროდ, იგი ხელმძღვანელობდა ისეთ ამტან და მომთმენ ხალხს, რომელსაც საშინელმა მონობამაც კი ვერ გაუქრო ნებისყოფა და სიცოცხლისუნარიანობა. იოსებ სტალინი ბუნებრივი რესურსებით ისეთ მდიდარ სახელმწიფოს ხელმძღვანელობდა, რომ მას ყველაზე თავაშვებული ძარცვაც კი ვერ გამოფიტავდა. სტალინს ისეთი მოკავშირეები ჰყავდა, რომელთა დახმარების გარეშე ნაცისტურ გერმანიას ვერ დაამარცხებდა, მაგრამ არც მის მოკავშირეებს არ ექნებოდათ გამარჯვების შანსი სტალინის გარეშე.
ჩემი საუბრები სტალინთან, თუ მათ ხანგრძლივობას გავაერთიანებთ, დაახლოებით 15 საათს გრძელდებოდა. ეს საკმარისი იყო გამეგო მისი თავისებური პოლიტიკის არსი, რომელიც მსხვილმასშტაბური და შენიღბული იყო ერთდროულად კომუნისტი მარშლის მუნდირით, დიქტატორ-დამპყრობელი გულკეთილი და აუღელვებელი სახით. მისი შინაგანი ძალა იმდენად დიდი იყო, რომ უნებლიედ მაინც იზიდავდა მოსაუბრეს და ხიბლავდა.
ჩვენი პირველი საუბარი კრემლში, ორი დეკემბრის საღამოს გაიმართა. ჩვენ, საფრანგეთის დელეგაცია, ლიფტმა გრძელი დერეფნის დასაწყისში მიგვიყვანა, რომლის გასწვრივ დაცვის მრავალრიცხოვანი თანამშრომლბი იდგნენ. მოლოტოვი დერეფნის ბოლოს დიდ ოთახში წაგვიძღვა, სადაც რამდენიმე მაგიდა და სკამი იდგა. შევედით. იოსებ სტალინი გველოდებოდა. თავაზიანი ურთიერთმისალმების შემდეგ ყველანი მაგიდასთან დავსხედით. სტალინს, ლაპარაკის ან დუმილის დროს, თვალები დახრილი ჰქონდა და გაუჩერებლად ძნელად გასარჩევ რაღაცეებს წერდა.
ჩვენ სწრაფად შევუდექით საკითხის განხილვას გერმანიის მომავალის შესახებ. ოთახში მყოფებთაგან არცერთი ადამიანს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მესამე რაიხი მალე დაეცემოდა მოკავშირეთა ჯარების დარტყმებით. სტალინმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე მძიმე დარტყმები გერმანიას რუსებმა მიაყენეს. მალე მივედით პრინციპულ შეთანხმებამდე, რომ აუცილებელია გერმანიის გაუვნებლობა სამომავლოდ, მაგრამ როცა მე ვთქვი, რომ საფრანგეთისა და რუსეთის ერთმანეთისაგან დაშორებამ გერმანიის ამბიციები გააღვივა, ამას საფრანგეთის ოკუპაცია მოჰყვა და შესაბამისად, მისი შეჭრა საბჭოთა ტერიტორიაზეც-მეთქი, როცა მე მოსკოვსა და პარიზს შორის ხელმოსაწერი შეთანხმების კონტურები და პრინციპები გამოვკვეთე, რომლებიც შეიძლებოდა მოკავშირეებისათვის ერთად წარგვედგინა, მომეჩვენა, რომ სტალინმა თავშეკავება გამოავლინა. მან თქვა, რომ აუცილებელია აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან დასადები ხელშეკრულების ყოველი პუნქტის შესწავლა. თუმცა საბოლოოდ მე დავასკვენი, რომ მას ყველა საფუძველი ჰქონდა იმითვის, რომ ფრანკლინ რუზველტიც და უინსტონ ჩერჩილიც მისთვის საინტერესო საკითხებში აუცილებლად დაეთანხმებოდნენ.
სტალინმა მკითხა იმ [ტერიტორიული] გარანტიების თაობაზე, რომელთა მიღებასაც საფრანგეთი დასავლეთისაგან გეგმავდა. მაგრამ როგორც კი მე რეინის ოლქზე, საარზე და რურზე ლაპარაკი დავიწყე, მან განაცხადა, რომ ამ ტერიტორიების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ოთხმხრივ მოლაპარაკებაზე უნდა მიღებულიყო. ჩემს კითხვაზე გერმანიის აღმოსავლეთი საზღვრის შესახებ სტალინმა კატეგორიულად მიპასუხა: „პოლონეთს თავისი ისტორიული და ძირ-ძველი მიწები აღმოსავლეთ პრუსიაში, პომერაინასა და სილეზიაში აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს“. „ანუ საზღვარი ოდერზე გატარდება?, - ვკითხე. „ოდერზე და ნოისეზე“, - დააზუსტა მან, - გარდა ამისა, საზღვარი ჩეხოსლოვაკიის სასარგებლოდაც უნდა გასწორდეს“.
ვთქვი, რომ ჩვენ რაიმე პრინციპული საწინააღმდეგო აზრი არ გვქონდა ამ ტერიტორიული ცვლილებებისადმი, რომელიც, როგორც ჩანს, პოლონეთისთვის ერთგვარ კომპენსაციას წარმოადგენდა მისი აღმოსავლეთი საზღვრის შეცვლის გამო [პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილების ანუ დას. უკრაინისა და დას. ბელორუსიის სსრ კავშირის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ]. თუმცა მე მაინც დავამატე: „ნება მომეცით შევნიშნო, რომ თუ თქვენი აზრით, რეინის ოლქის საკითხის ახლა გადაწყვეტა ნაადრევია, მაშინ გამოდის, რომ ოდერზე პოლონეთის საზღვრის საკითხი უკვე გადაწყვეტილია?“. სტალინს არაფერი უთქვამს და ისევ კარაკულებს წერდა, შემდეგ თავი ასწია და წინადადება შემომთავაზა: „მოდით, უმჯობესია ერთად განვიხილოთ საფრანგეთ-რუსეთის ხელშეკრულების დებულებები, რომ ჩვენი ქვეყნები უსაფრთხოდ და დაცულნი იყვნენ ახალი გერმანული აგრესიისაგან“.
„ჩვენ ამისთვის მზად ვართ, - ვუპასუხე, - იმავე მიზეზების გათვალისწინებით, რომლებმაც ძველი ფრანგულ-რუსული ალიანსი განაპირობეს და უფრო მეტიც, - დავამატე გარკვეული ცბიერი გამომეტყველებით - „1935 წლის პაქტიც“. შევატყვე, რომ სტალინს და მოლოტოვს ამ პაქტის გახსენება არ ესიამოვნათ. მოლოტოვმა თქვა, რომ „პრემიერ-მინისტრ პიერ ლავალთან ჩვენს მიერ ხელმოწერილი პაქტის მოთხოვნები იმავე თქვენმა ლავალმა აბსოლუტურად არ შეასრულაო. მაშინ მე შემრიგებლურად შევნიშნე, რომ ორ ქვეყანას შორის დადებული 1935 წლის პაქტი და უფრო ადრინდელი 1892 წლის ალიანსი გერმანიის საფრთხის გამო გაფორმდა და სიტუაციას სრულებით შეესაბამებოდა-მეთქი. ის, რომ 1935 წლის პაქტის მოთხოვნები არ შესრულდა, ეს ორივე ქვეყნისთვის გაკვეთილი უნდა იყოს. „რაც შემეხება მე“, - დავამატე, - „მე პიერ ლავალი არ ვარ“. სიტუაცია განიმუხტა და შევთანხმდით, რომ ჟორჟ ბიდო და ვიაჩესლავ მოლოტოვი ხელშეკრულების ტექსტის შემუშავებით დაკავდებიან.
მომდევნო დღეების განმავლობაში ორივე ქვეყნის მინისტრები ერთმანეთს მრავალჯერ ხვდებოდნენ. მათ გაცვალეს ხელშეკრულების პროექტები, რომლებიც, სხვათა შორის, ერთმანეთს შინაარსით ძალიან ჰგავდნენ. იმავდროულად მუდმივად ვიყავით დაკავებულები ურიცხვი მიღებებით, ვიზიტებით და ექსკურსიებით.
ერთ დღეს სპირიდონოვკაზე[3] ვიაჩესლავ მოლოტოვმა საუზმე მოგვიწყო, რომელშიც მისი მოადგილეები - [ვლადიმერ] დეკანოზოვი, [მაქსიმ] ლიტვინოვი და [სოლომონ] ლოზოვსკი მონაწილეობდნენ... და რაც მთავარია, მოვიდა იოსებ სტალინიც.
დესერტის დროს იოსებ სტალინმა ბოკალი ასწია და სადღეგრძელო იმ ხელშეკრულებას მიუძღვნა, რომლის დადება ჩვენს ქვეყნებს შორის იყო დაგეგმილი და რომელიც უკვე მზადდებოდა: „საქმე ეხება ჩვენს ნამდვილ ალიანსს და არა ისეთს, როგორიც პიერ ლავალის დროს იყო“, - თქვა მან. შემდეგ ჩვენ ორივე დიდხანს ვსაუბრობდით. ჩემს მილოცვაზე რუსეთის არმიის წარმატებებთან დაკავშირებით [უკრაინის მესამე ფრონტის ჯარების სარდლის, მარშალ ფედორ ტოლბუხინის მეთაურობით წითელი არმიის ნაწილები უნგრეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და წინ მიიწევდნენ]. სტალინი შემეპასუხა: „ჯერ მხოლოდ რამდენიმე ქალაქი დავიკავეთ, ჩვენ გვჭირდება ბუდაპეშტი, ვენა და ბერლინი!“. ზოგჯერ იგი ხუმრობდა ხოლმე: „ალბათ, თქვენთვის რთული იქნება ისეთი ქვეყნის მართვა, როგორიც საფრანგეთია... ფრანგი ხალხი ძალიან მოუსვენარი და დაუდეგარია!“. „დიახ, - ვპასუხობდი, - თუმცა თქვენგან მართვის მაგალითს ვერ ავიღებ, თქვენ ხომ სწორუპოვარი, შეუდარებელი ხართ“.
საუბრის დროს სტალინმა მორის ტორეზი [საფრანგეთის კომპარტიის ლიდერი] ახსენა, რომელსაც ჩვენ პარიზში დაბრუნების ნება მივეცით. ჩემს უკმაყოფილო დუმილზე მარშალმა შენიშნა: „არ გეწყინოთ ჩემი კადნიერი ნათქვამი. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ტორეზს დიდი ხანია ვიცნობ და, ჩემი აზრით, ის კარგი ფრანგია. თქვენს ადგილზე რომ ვიყო, მას [იდეების გამო] ციხეში აღარ ჩავსვამდი“. შემდეგ კი ღიმილით დაამატა: „ყოველ შემთხვევაში, ცოტა ხანს მაინც დავაცდიდი!“. „საფრანგეთის მთავრობა, - ვუპასუხე სტალინს, - ფრანგებს იმის მიხედვით ექცევა, როგორც ისინი იქცევიან და როგორც მათგან არის მოსალოდნელი“.
მასპინძლებმა შესაძლებლობა მოგვცეს მოსკოვის დიდ თეატრში საბალეტო სპექტაკლით აღვფრთოვანებულიყავით. გარდა ამისა, ჩვენს საპატივსაცემოდ სპირიდონოვკაზე დიდი წვეულებაც გაიმართა, რომელზეც ბევრი სახალხო კომისარი შეიკრიბა, მაღალი რანგის ჩინოვნიკები, გენერლები, მათი ცოლები და მოსკოვში აკრედიტებული ყველა უცხოელი ელჩი, აგრეთვე მოკავშირეთა სამხედრო მისიების ოფიცრები.
ჩვენ ასევე წაგვიყვანეს წითელი არმიის ოფიცერთა სახლში, სადაც ხალხური ცეკვებისა და სიმღერების შთამბეჭდავი კონცერტს დავესწარით. ყველა ამგვარი ღონისძიებების დროს ვიაჩესლავ მოლოტოვი ხშირად თან დაგვყვებოდა, იგი ყოველთვის ზუსტი იყო თავის გამოთქმებში და უკიდურეს სიფრთხილეს იცავდა იმ დროს, როცა საკითხების არსს ეხებოდა. არცთუ იშვიათად იგი ცოტა ხნით გვტოვებდა ხოლმე, მაგრამ თანხმლებ პირს ჩვენთან აუცილებლად ტოვებდა. მაგალითად, ასე იყო, როცა ჩვენ წმინდა ლუდოვიკოს ეკლესიაში (მოსკოვში მოქმედ ერთადერთ კათოლიკურ ტაძარში) წირვას ვესწრებოდით, ან როცა ვორობიოვის გორაზე წავედით, საიდანაც ნაპოლეონ ბონაპარტი [1812 წელს] მოსკოვს უყურებდა, ან როცა გერმანული იარაღის ტროფეი ვნახეთ. მოლოტოვი არ გამოგვყოლია მოსკოვის მეტროში ჩასვლის დროსაც, როცა სხვადასხვა ქარხნებში ვიყავით, ჰოსპიტლებში და რადისტთა სკოლაში.
მოსკოვის გაყინულ ქუჩებში გასვლისას ხალხს ვაკვირდებოდი, თუ როგორ მდუმარედ და თავიანთ ფიქრებში ჩაძირულნი მიაბიჯებდნენ გამვლელები. ამასთან, შეგვექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ იმ რუსებს, რომლებთანაც ურთიერთობის შესაძლებლობა გვქონდა - ჩვეულებრივ მოქალაქეებს თუ ელიტის წარმომადგენლებს - ძალიან სურდათ გამოეხატათ ჩვენდამი სიმპათია, თუმცა მაინც თავს იკავებდნენ გრძნობების გამოვლენაზე, ალბათ, გარკვეული აკრძალვების გამო.
ჩვენ, ფრანგები, ჩვენი მხრიდან ვცდილობდით, რომ მეგობრული აღფრთოვანება გამოგვეხატა გმირული სულის მქონე დიდი რუსი ხალხის მიმართ და ამისათვის ყველა შესაძლებლობას ვიყენებდით სხვადასხვა შეხვედრებისა თუ საოქმო ღონისძიებების დროს. საელჩოში სადილი მოვუწყეთ ინტელიგენციის - მწერლებისა და პოეტების - მთელ კოჰორტას, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ წარმოგვიდგინა როგორც „საფრანგეთის მეგობრები“, მათ შორის იყვნენ ვიქტორ ფინკი და ილია ერენბურგი - ტალანტიური ადამიანები, თუმცა ისინი თავიანთ ტალანტს მხოლოდ კონკრეტული მიმართულებით აჩვენებდნენ. სხვათა შორის, მოწვეულთა შორის იმყოფებოდა გრაფი ალექსი იგნატიევი[4] - გენერალი, რომელიც პარიზში, რუსეთის მეფის დროინდელ საელჩოში სამხედრო ატაშედ მუშაობდა. მოხუცებულობის ასაკის მიუხედავად, წლები არ ეტყობოდა, სამხედრო ფორმა საოცრად კარგად ადგა ტანზე, ბრწყინავდა დიდგვაროვნის მანერებით, თუმცა, როგორც შევატყვე, მაინც მორიდებულად იქცეოდა.
ჟან-რიშარ ბლოკმა, ერთ-ერთმა ფრანგმა ანტიფაშისტმა, რომელმაც გერმანელებისაგან დევნის გამო 1941 წელს თავი რუსეთს „შეაფარა“, ზედიზედ წარმომიდგინა სტუმრები და გამაცნო. ისე გამოვიდა, რომ ჩვენ საელჩოში მთელი ოფიციალური მოსკოვი შევკრიბეთ. ყველას საუბარში გარეგნულად გულახდილობა მოჩანდა, თუმცა შეკრებილ საზოგადოებაში მაინც რაღაც ბუნდოვანი შეშფოთება შეიმჩნეოდა - თითქოსდა ადამიანები საკუთარ „მე“-ს შეგნებულად მალავდნენ.
ამასობაში კი ხელშეკრულების (პაქტის) მომზადება გარკვეული გართულებებით მიმდინარეობდა. კაცმა რომ თქვას, ყველა წვრილმანი უთანხმოება შეიძლებოდა ერთ წუთში ჟორჟ ბიდოსა და ვიაჩესლავ მოლოტოვს შორის მოგვარებულიყო, მაგრამ საბჭოთა მხარე ნელ-ნელა ცდილობდა ჩვენთან ვაჭრობა დაეწყო. რუსები ჯერ შეეცადნენ ზეწოლა მოეხდინათ და ხელშეკრულების სამომავლო რატიფიკაციის საკითხი წამოსწიეს: „იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი მთავრობა დროებითი სტატუსით სარგებლობს, ვის აქვს პაქტის რატიფიცირების უფლება?“, - ჰკითხა მოლოტოვმა დეჟანს, შემდეგ კი ბიდოს. საბოლოოდ, როცა საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი ჩემთან საუბრობდა, მის ეჭვები გავფანტე: „თქვენ ხომ მსგავსი ხელშეკრულება ედუარდ ბენეშთანაც გააფორმეთ. მისი მთავრობაც, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, დროებითია. გარდა ამისა, იგი პრაღის ნაცვლად ლონდონში იმყოფება, ჩვენ კი ჩვენს დედაქალაქში, პარიზში ვმუშაობთ“. ამის შემდეგ რატიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვა აღარ წამოჭრილა.
რაც შეეხება მოსკოვის სამომავლო მოქმედებას, ჩვენ ძალიან გვაინტერესებდა პოლონეთის საკითხი და ველოდებოდით, რომ რუსები გვეტყოდნენ, რა ჰქონდათ განზრახული, როცა მათი ჯარები ვარშავაში შევიდოდნენ. დადგა ნამდვილი დავა-კამათის დღე. 6 დეკემბერს, კრემლში შეხვედრის დროს, გადავწყვიტე იოსებ სტალინთან პირდაპირ მესაუბრა პოლონეთზე. ჩემთან ერთად იყვნენ ბიდო, გარო და დეჟანი, სტალინთან კი მოლოტოვი, ბოგომოლოვი და თარჯიმანი პოდზეროვი, რომელიც მშვენივრად თარგმნიდა.
საუბრის დაწყებისას სტალინს გავახსენე, რომ საფრანგეთს ყოველთვის სურდა პოლონეთის დამოუკიდებლობა და ყველანაირად მხარს უჭერდა მის სუვერენიტეტს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვნად ხელი შევუწყეთ პოლონეთის აღორძინებას. რა თქმა უნდა, ვარშავის მიერ 1930-იან წლებში გატარებული საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა მინისტრის იუზეფ ბეკის მიერ, არ გვაკმაყოფილებდა და საბოლოო ჯამში, მან ჩვენთან ურთიერთობა საფრთხის ქვეშ დააყენა და ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენდა საბჭოთა კავშირ-საფრანგეთის ურთიერთდამოკიდებულებაზეც. თუმცა ჩვენ აუცილებლობად ვთვლიდით, რომ პოლონეთი ისევ გამხდარიყო საკუთარი „ბედის მჭედელი“ და მეგობრული ყოფილიყო როგორც საფრანგეთთან, ისე რუსეთთანაც. მზად ვიყავით, რომ ამ მხრივ ჩვენი გავლენა გამოგვეყენებინა პოლონელებზე ზეწოლის მოსახდენად. ამის შემდეგ გადავედი პოლონეთის საზღვრების საკითხზე და ვთქვი, საზღვრები ისეთნაირად, როგორიც სტალინმა მონიშნა, ანუ „კერზონის ხაზით“ აღმოსავლეთში, ხოლო დასავლეთში - „ოდერ-ნოისეთი“, ჩვენ მიუღებლად ვთვლით. გავიმეორე, რომ ჩვენი თვალსაზრისით, პოლონეთი რეალურად უნდა გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა - მომავალი მთავრობის თავისუფლად არჩევის უფლება მხოლოდ პოლონელი ხალხის პრეროგატივას წარმოადგენს. იმ დროს საფრანგეთი მხარს უჭერდა პოლონეთის ემიგრანტულ მთავრობას ლონდონში, რომელიც გერმანელ ნაცისტებთან ბრძოლას არ წყვეტდა. თუ საფრანგეთი ოდესმე რაიმეს შეცვლიდა თავის პოლიტიკაში პოლონეთის მიმართ, ეს მოხდებოდა მხოლოდ სამივე მოკავშირის თანხმობით.
აიღო რა სიტყვა, მარშალი სტალინი გაცხარდა. იგი ლაპარაკობდა საკმაოდ ხმამაღლა, მძაფრად და მჭევრმეტყველად. იგრძნობოდა, რომ „პოლონეთის საკითხი“ მის პოლიტიკაში ცეტრალური ადგილი ეკავა და გულთან ახლოს მიჰქონდა. მან განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო დროს მკვეთრად შეცვალა თავისი დამოკიდებულება პოლონეთის მიმართ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რუსეთის მტერი იყო, ახლა კი მოსკოვი ვარშავას მეგობრულ ურთიერთობას სთავაზობს. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ პოლონეთმა გარკვეული პირობები შეასრულოს. „პოლონეთი, - ამბობდა იოსებ სტალინი, - ყოველთვის დერეფანი იყო გერმანიისთვის რუსეთზე თავდასასხმელად. ეს დერეფანი უნდა გადაიკეტოს და ეს თვითონ პოლონეთმა უნდა გააკეთოს“. ამ მიზნის მისაღწევად მისი დასავლეთი საზღვრების გადაწევა მდინარეებზე ოდერზე და ნოისეზე გადამწყვეტი იქნებოდა და იმ მომენტიდან პოლონური სახელმწიფო ძლიერი და „დემოკრატიული“ გახდებოდა, რადგან, როგორც თვითონ მარშალმა განაცხადა, „სახელმწიფო არ შეიძლება ძლიერი იყოს, თუ ის დემოკრატიული არ იქნება“.
სტალინი თავდაპირველად შეეხო პოლონეთის მთავრობის საკითხს, რომელიც ვარშავაში უნდა ყოფილიყო. იგი მკვეთრად ლაპარაკობდა და როგორც შევატყე, მისი სიტყვები სიძულვილით იყო გაჟღენთილი ლონდონში მყოფი ემიგრანტული მთავრობის მიმართ. სამაგიეროდ, პოზიტიურად საუბრობდა „ლიუბლიანის კომიტეტზე“, რომელიც კომუნისტების მიერ იყო შექმნილი და ამტკიცებდა, რომ პოლონელებს მხოლოდ ასეთი მთავრობა სურთ და ელოდებიან. მარშალი ცდილობდა ეს არჩევანი პოლონელი ხალხის განწყობით დაესაბუთებინა, მაგრამ მის საუბარში აშკარად მიკერძოება ჩანდა. პოლონელები იმ ძალაში, რომელიც მათ ქვეყანას დამპყრობლებისაგან გაათავისუფლებს, ლონდონში მყოფი რეაქციულ ემიგრანტულ მთავრობას და ანდერსის[5] არმიას ვერ ხედავენ. პირიქით, ისინი მხარს უჭერენ საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილ „პოლონეთის ეროვნული გათავისუფლების კომიტეტს“ და გენერალ ზიგმუნდ ბერლინგის არმიას, რომელიც ანდერსის არმიის სანაცვლოდ შეიქმნა.
(გაგრძელება იქნება)
შარლ დე გოლის ძეგლი მოსკოვში.
მოქანდაკე - ზურაბ წერეთელი.
გაიხსნა 2005 წლის 9 მაისს რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების -
ვლადიმერ პუტინისა და ჟაკ შირაკის მიერ.
ძეგლი პოსტამენტზე დგას შარლ დე გოლის სახელობის მოედანზე, სასტუმრო „კოსმოსის“ წინ და ითვლება რუსეთ-საფრანგეთის მეგობრობის სიმბოლოდ.
[1] ედუარდ ბენეში (1884-1948), ჩეხოსლოვაკიის მეორე პრეზიდენტი 1935-1948 წლებში. იმყოფებოდა დევნილობაში 1938-1945 წლებში, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის სტატუსი შენარჩუნებული ჰქონდა.
[2] ალექსანდრე ბოგომოლოვი (1900-1969) – საბჭოთა დიპლომატი. 1939-1940 წლებში მუშაობდა სსრკ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში, 1941-1943 წლებში იყო საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი მოკავშირეთა მთავრობებთან ლონდონში, მათ შორის ეროვნული გათავისუფლების ფრანგულ კომიტეტთან, 1944 წლის 23 ოქტომბრიდან 1950 წლის 25 მარტამდე - სსრ კავშირის ელჩი საფრანგეთში, შემდეგ - ჩეხოსლოვაკიაში და იტალიაში.
[3] ქუჩა მოსკოვში, პრესნიას რაიონში, სადაც სსრკ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის (სამინისტროს) კუთვნილი შენობები იყო უცხოეთის დელეგაციების ოფიციალური მიღებებისათვის.
[4] ალექსი იგნატიევი (1877–1954) - პარიზში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე. 1917 წლის შემდეგ იგი საფრანგეთში რუსული ემიგრაციის ხელმძღვანელი იყო. 1920-იან წლების დასაწყისში, როცა რუსეთში შიმშილობამ იფეთქა, მან საბჭოთა მთავრობას საფრანგეთში მყოფ ემიგრანტებს შორის შეგროვებული 225 მილიონი ფრანკი გადასცა ოქროთი. მოგვიანებით, 1937 წელს საბჭოთა კავშირში დაბრუნდა და წითელი არმიის ოფიცერი გახდა. გენერალმა იგნატიევმა 1943 წელს წამოაყენა იდეა წითელი არმიისათვის კადეტთა სამხედრო სკოლების ჩამოყალიბების თაობაზე. იოსებ სტალინმა იდეა მოიწონა და მისი წინადადებით, სამხედრო სკოლებს „სუვოროველთა სკოლები“ ეწოდა.
