რუს-ბელარუსი ევროპას აზანზარებენ!
რუსეთმა ბალტიისპირეთის ქვეყნები გააფრთხილა, რომ დრონების შეტევაზე პასუხის გაცემა მოუწევს. სწორედ, ასეთ ფონზე დაიწყო რუსულ-ბელარუსული წვრთნები, რომელშიც ორივე ქვეყნის ბირთვული სამხედრო დანაყოფებია ჩართული, და ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება

რუს-ბელარუსი ევროპას აზანზარებენ!
რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ჩაატარა, რომელიც უკრაინაში ომის გამწვავების პერიოდს დაემთხვა, ანუ, როცა მხარეებმა ერთმანეთის დედაქალაქებს დრონებით შეუტიეს. კიევზე შეტევები არ წყდება. მოსკოვს იშვიათად უტევს უკრაინა, რადგან მოსკოვი ფრონტის ხაზიდან შორსაა და მას კარგად იცავენ, თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინულმა დრონებმა გაარღვია მოსკოვის დაცვის სისტემა, შეტევის დროს, რამდენიმე სამოქალაქო პირი დაიღუპა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განაცხადებით, უკრაინული დრონები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მოფრინდნენ. უკრაინელები ამ დერეფანს, უკვე, კარგა ხანია, იყენებენ.
რუსეთმა ბალტიისპირეთის ქვეყნები გააფრთხილა, რომ დრონების შეტევაზე პასუხის გაცემა მოუწევს. სწორედ, ასეთ ფონზე დაიწყო რუსულ-ბელარუსული წვრთნები, რომელშიც ორივე ქვეყნის ბირთვული სამხედრო დანაყოფებია ჩართული, და ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. წვრთნებში გამოიყენება თანამედროვე საბრძოლო საშუალებები, საგანგებო საბრძოლო მასალები და საავიაციო დანაყოფები. ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვება რუსეთის საცდელ პოლიგონებზე ხდება. განიხილება ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენება.
შეგახსენებთ, რუსეთმა 2023 წელს ბელარუსში ბირთვული იარაღი განალაგა. წვრთნებში, თითქოს, არაფერი საგანგაშო არ უნდა იყოს. რუსეთიც და ნატოც ხშირად ატარებენ ასეთ წვრთნებს. მაგალითად, 2025 ი წლის სექტემბერში, რუსეთმა და ბელარუსმა, ჩაატარეს ერთობლივი წვრთნები, სახელწოდებით „ზაპად-2025“, რომელიც არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების პრაქტიკას მოიცავდა.
ნატოს სამხედრო ძალები ყოველწლიურად ატარებენ წვრთნებს, ევროპაში განლაგებული ამერიკული ბირთვული იარაღის მქონე საჰაერო ქვედანაყოფებთან ერთად, რომელიც იტალიაში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, გერმანიასა და თურქეთშია განთავსებული, მაგრამ რუსეთის ბოლო დროინდელი წვრთნები, მასშტაბით, მებრძოლთა რაოდენობითა და დროის მოცულობით, სრულიად განსხვავებულია.
მანევრებში მონაწილეობს სტრატეგიული ბირთვული ტრიადის ყველა კომპონენტი: სარაკეტო ძალები, სარაკეტო წყალქვეშა ნავები და შორი დისტანციის ავიაცია. წვრთნებში ჩართულია ჩრდილოეთისა და წყნარი-ოკეანის ფლოტები, პეტერბურგისა და ცენტრალური ოლქის არმია, რომელშიც მონაწილეობს 65000-მდე სამხედრო მოსამსახურე, 200-ზე მეტი რაკეტ-მტყორცნი, 140-ზე მეტი თვითმფრინავი, 73 ი ხომალდი და 13 ი წყალქვეშა ნავი, მათ შორის, რვა სტრატეგიული სარაკეტო წყალქვეშა ნავი.
რუსული მედიის თქმით, წვრთნები არის პასუხი ნატოს ბოლოდროინდელ გაზვიადებულ მოლოდინებზე, რომ ბრძოლის ველზე რუსეთს დაამარცხებს, და ნატოს ზოგიერთი ქვეყნის ომში რეალურად ჩართვის მცდელობაზე.



