სიმონ ბოლივარი - ლათინური ამერიკის ეროვნული გმირი
კაცი, რომელზეც ისტორია დაწერს, რომ სამხრეთ ამერიკაში, ესპანეთის იმპერიის წინააღმდეგ, 100-ზე მეტი ბრძოლა გამართა, ცხენით 112 ათას კილომეტრზე მეტი გაიარა და მისმა სამხედრო კამპანიებმა ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობილ მიწებზე ორჯერ უფრო დიდი ტერიტორია მოიცვა...

სიმონ ბოლივარი - ლათინური ამერიკის ეროვნული გმირი
კაცი, რომელზეც ისტორია დაწერს, რომ სამხრეთ ამერიკაში, ესპანეთის იმპერიის წინააღმდეგ, 100-ზე მეტი ბრძოლა გამართა, ცხენით 112 ათას კილომეტრზე მეტი გაიარა და მისმა სამხედრო კამპანიებმა ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობილ მიწებზე ორჯერ უფრო დიდი ტერიტორია მოიცვა, ესპანეთის ბატონობის წინააღმდეგ ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, გენერალი სიმონ ბოლივარია, მაგრამ მაკედონელის, ნაპოლეონისა და სხვა ცნობილი მხედართმთავრებისგან განსხვავებით, ბოლივარის არმია არ იპყრობდა, იგი მხოლოდ ათავისუფლებდა მიწებსა და ხალხებს. ამიტომ, ბოლივარი, სრულიად დამსახურებულად, ლათინური ამერიკის ეროვნულ გმირად და სიმბოლოდაა მიჩნეული და, სამხრეთ ამერიკის ისტორიულ გმირებს შორის პირველ ადგილზეა.
სიმონ ბოლივარი ბასკური წარმოშობის დიდგვაროვან კრეოლთა ოჯახში, 1783 წელს, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში დაიბადა. მამამისი მდიდარი კაცი გახლდათ, რომელმაც შვილს განათლება სახლში მიაღებინა. ბიჭს სამხრეთ ამერიკის გამოჩენილი პედაგოგები ასწავლიდნენ. პატარა სიმონს დედ-მამა ადრე გარდაეცვალა. ნათესავებმა ის სასწავლებლად ევროპაში გაგზავნეს, სადაც ჯერ-კიდევ ისმოდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის გამოძახილი. სწორედ იქ ჩამოყალიბდა ბოლივარის პოლიტიკური მრწამსი. 1801 წელს, ბოლივარი ერთ ესპანელ არისტოკრატ ქალბატონზე დაქორწინდა და, მშობლების დანატოვარი ქონების სამართავად, ვენესუელაში დაბრუნდა. 1802 წელს, მას საყვარელი მეუღლე, მოულოდნელად, ყვითელი ციებ-ცხელებით, გარდაეცვალა.
ამის შემდეგ, ის აღარასოდეს დაქორწინებულა. დამწუხრებული, ევროპაში დაბრუნდა და მთელი თავისი ცხოვრება გამათავისუფლებელ მოძრაობას მიუძღვნა. დრომაც შეუწყო ხელი:
ლათუნური ამერიკა, მზად იყო ცვლილებებისთვის. 1808 წელს, ესპანეთის სამხრეთ ამერიკის კოლონიებმა, ნაპოლეონის მიერ ქვეყნის მონარქიის დამხობით ისარგებლეს და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყეს. 1810 წელს, ვენესუელაში, პატრიოტულმა ხუნტამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ხუნტამ, მოკავშირეების, მოხალისეებისა და იარაღის მოსაძებნად, სიმონ ბოლივარი ამერიკაში ელჩად დანიშნა. ბოლივარი ამით არ შემოიფარგლა და, სამხრეთ ამერიკის ესპანური კოლონიებისთვის ახალი სახელმწიფო სტრუქტურის შექმნაზე დაიწყო ფიქრი. ჩანაფიქრის განსახორციელებლად კი, მას ამერიკის შეერთებული შტატები მისაბაძ მაგალითად მიაჩნდა, მაგრამ ესპანეთის მთავრობა იოლად დათმობას არ აპირებდა.
ხელისუფლებამ ამბოხებულების წინააღმდეგ კარგად შეიარაღებული არმია გაგზავნა. აჯანყებულ ძალებს სიმონ ბოლივარი და მისი თანამებრძოლი, ფრანსისკო დე მირანდა ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ რეგულარული არმიის წინააღმდეგ ბრძოლა ძნელი აღმოჩნდა, და ისინი დამარცხდნენ. მირანდა ტყვედ ჩავარდა და ციხეში შეეგება სიკვდილს. ბოლივარი კი, ახალ გრანადაში, ანუ, ახლანდელ კოლუმბიაში გაიქცა, სადაც, დევნას გადარჩენილმა, ესპანეთის წინააღმდეგ ახალი ამბოხების მზადება დაიწყო. მიზნის მისაღწევად მან მამის დატოვებული დიდძალი ქონება და პიროვნული ქარიზმაც გამოიყენა. 1813 წელს, ბოლივარმა ახალი გრანადიდან, 500 კაციანი რაზმით, ესპანელების წინააღმდეგ გაილაშქრა. სამხედრო ნიჭმა და ჯანსაღმა ამბიციურობამ მას წარმატება მოუტანა.



