საკვები მოდის მხოლოდ მიწიდან!
თუ მიწაზე მომუშავე გაქრა, თუ სოფლები დღევანდელი ტემპით დაცარიელდა, მხოლოდ შიმშილს კი არა ქვეყნის ფუნდამენტური საყრდენის დაკარგვას მივიღებთ...

საკვები მოდის მხოლოდ მიწიდან!
რთველი - 2026, კარგი მოსავალი - სახელმწიფოს წარმატება თუ გლეხის თავსატეხი?
საქართველოში წელს ყურძნის დიდი მოსავალია.
წინასწარი პროგნოზით, მოსავალმა, შესაძლოა, 300 000 ტონას გადააჭარბოს, რაც, როგორც ამბობენ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყოს.
7 ოქტომბრისთვის კახეთში უკვე 180 000 ტონამდე ყურძენი იყო დაბინავებული.
ეს, ერთი შეხედვით, მხოლოდ კარგი ამბავია, მაგრამ უხვი მოსავალი ავტომატურად არ ნიშნავს მაღალ ფასს, პირიქით, დიდი მოსავალი შეიძლება ფასზე საწინააღმდეგოდაც მოქმედებდეს - როდესაც ბაზარზე ერთდროულად დიდი რაოდენობის პროდუქტი ჩნდება, მისი რეალიზაციის პრობლემა უფრო მძაფრდება.
ამას ოფიციალური მხარეც პირდაპირ აღიარებს.
2026 წლის მოსავლის მოცულობის ფონზე, მნიშვნელოვანია რა მხოლოდ ყურძნის სრულად დაბინავება, არამედ მისი შემდომი რეალიზაცია. სამინისტროს შეფასებით, ღვინისა და ყურძნისეული სპირტის გლობალურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობა რთულია, ამიტომ რეკორდულად დიდი მოსავალი შეიძლება ერთდროულად იყოს დიდი შესაძლებელობაც და დიდი გამოწვევაც.
ეს არ არის მხოლოდ წლევანდელი წლის პრობლემა, ეს საკითხი ტრიალებს აგერ უკვე 30 წელზე მეტია და ქართველი გლეხი გამოსავალს ვერსად პოულობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, წლევანდელი წელი, მოსავლიანობის თვალსაზრისით, გამორჩეულია არა მხოლოდ მევნახეობა-მეღვინეობის, არამედ სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებებისთვისაც.
ამ წლის მოსავალზე საუბრისას, ოფიციალური წყაროები განსაკუთრებით მიუთითებენ უკეთეს კლიმატურ პირობებზე, თუმცა შედეგი მხოლოდ „კარგი ამინდით“ ვერ აიხსნება. ჩემი აზრით, ეს, ასევე, არის ქართველი გლეხის, ქართველი მევენახის უღალატო შრომა შვილივით ნაზარდი ვენახისა და ვაზისადმი.
ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ წერილში, რამდენიმე თვის წინ, ვსაუბრობდით სოფლის წინაშე არსებულ პრობლემებზე, რომელიც ქართულ სოფელს შთანთქმას უპირებს, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, წლევანდელმა მოსავალმა დაამტკიცა, რომ ქართული სოფელი ჯერ კიდევ არსებობს, ცოცხალია და საკმაოდ დიდ მოსავალსაც ქმნის. ქართველ გლეხს ჯერ კიდევ აქვს მიწის დამუშავების, ვენახის მოვლის, მოსავლის მოყვანისა და ოჯახური მეურნეობის შენარჩუნების ჩვევა.
ეს ჩვევა ჩვენი უძველესი ტრადიციებიდან, „გეორგიანელობიდან“ და კიდევ იმ „ავადსახსენებელი“ საბჭოთა ეპოქის სოფლის მეურნეობისადმი პრიორიტეტული დამოკიდებულებებიდან მოდის. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ პირდაპირ გეტყვით, სოფლის მეურნეობის ჯერ კიდევ ძალუმად არსებობა საქართველოში ზოგიერთს რომ ჩვეულებრივ ამბად შეიძლება მიაჩნდეს, არის უზარმაზარი ეკონომიკური რესურსი, რადგან თუ ადამიანს მიწასთან მუშაობა შეუძლია, ვენახის მოვლა, ცოდნის გადაცემა, ტექნიკის გამოყენება და მოსავლის მოლოდინი, ეს თავისთავად ჰქმნის ქვეყნის ეკონომიკურ საფუძველს.
ამ თვალსაზრისით, 2026 წლის მოსავალი შეგვიძლია დავინახოთ არა მხოლოდ როგორც ბუნების, არამედ ბუნებისა და ადამიანის ხანგრძლივი შრომის შედეგი...
ჩვენ ხშირად ვამბობთ, სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის ამდენ და ამდენ პროცენტს ქმნისო, მაგრამ პროცენტები ყოველთვის ვერ გვიჩვენებს სფეროს სტრატეგიულ მნიშვნელობას.
შეიძლება სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის ეკონომიკაში მცირე იყოს, მაგრამ მის გარეშე სხვა სექტორების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ იმუშავებს. მაგალითად, ღვინის მრეწველობა ვერ იარსებებს ყურძნის გარეშე, საკვების მრეწველობა ვერ იარსებებს სოფლის მეურნეობის გარეშე, ტურიზმიც, გარკვეულწილად, ეყრდნობა სოფლის მეურნეობას, რადგან ქართული სუფრა, ღვინო და ადგილობრივი პროდუქტი ტურისტებისთვის ქართული ეგზოტიკის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ სოფლის მეურნეობის მცირე წილი ეკონომიკაში არ ნიშნავს მის მცირე მნიშვნელობას.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყურძნის ჩასაბარებელ ფასზე ცვლილება რამდენჯერმე მოხდა. ჭინე. Gოვ. გე-ს მონაცემებით, მაღალკონდიციური საფერავის ფასი 1, 50 გახდა, რქაწითელი და სხვა შესაბამისი ჯიშები - 1, 30 ლარი, საშუალო კატეგორიები, შესაბამისად, 1, 00 და 0, 90 ლარი. დაბალი შაქარიანობის შემთხვევაში - 0,50 ლარი, მაგრამ ჩვენს წინაშე თავსატეხად მაინც დგას კითხვა: რამდენად სამართლიანად ფასდება გლეხის შრომა, რომელმაც ეს მოსავალი შექმნა, ანუ არის თუ არა ეს ფასები გლეხის შრომის ადეკვატური.
აქ გენერალურ ეკონომისტს და ფინანსისტს მარქსს მოვიშველიებ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, მარქსისტული პოლიტიკური პროგრამის შეთავაზებას, პირიქით, ეს ნიშნავს ერთი "ძველი" პოლიტეკონომისტის მიერ დასმული კითხვების განმეორებას დღევანდელი რეალობის უკეთ დასანახად, ილუსტრაციისთვის: ვინ მუშაობს, ვინ ფლობს, ვინ იღებს შემოსავალს, როგორ იქმნება ფასი, როგორ ნაწილდება შექმნილი ღირებულება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიძლება თუ არა, ეკონომიკურად წარმატებულად ჩაითვალოს სისტემა, რომელშიც პროდუქტი ბევრი იქნება, მაგრამ მისი მწარმოებლის შრომა მაინც იმდენად იაფად შეფასდება, რომ ზოგ შემთხვევაში თვითღირებულებასაც ვერ დაფარავს?!
კი, ბატონო, რეკორდული მოსავალი ნამდვილად სასიხარულოა, მაგრამ მხოლოდ მაშინ იქნება ეს ყველაფერი გულის გასახარი, თუ უხვი მოსავლის უკან მდგომი ადამიანების შრომაც ღირსეულად დაფასდება.
თუ გლეხის შრომა დღითიდღე უფასურდება, იგი სოფლიდან ქალაქში, ანდა ზოგჯერ ქვეყნიდანდაც კი მიდის, ვინ აწარმოებს მომავალში სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ანუ საკვებს, მაშინ, როცა მსოფლიოს მოსახლეობას უფრო და უფრო მეტი საკვები სჭირდება?
ჩემს პერიოდში უმაღლეს სასწავლებლებში პოლიტეკონომიის საგანს აღარ ასწავლიდნდენ, მაგრამ აბიტურიენტობისას მყავდა ისტორიის რეპეტიტორი, შესანიშნავი მოაზროვნე, უგანათლებულესი პიროვნება, დიდად პატრიოტი კაცი, ცხონებული მერაბ გოგუაძე, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცოდა ეკონომიკისა და პოლიტიკის არსი და მნიშვნელობა და ისიც, რამდენად იყო და არის ეს ყველაფერი გადაჯაჭვული ისტორიასთან. მისი ლექციებიდან კარგად მახსოვს მარქსისა და ენგელსის შესახებ ჩატარებული გაკვეთილების ფასი. თუ სწორად ვიხსენებ, მარქსის მიხედვით, მნიშვნელოვანია, არა ის, თუ რა რაოდენობის პროდუქტი იწარმოება, არამედ, რა ურთიერთობებში იწარმოება იგი...
თუ გლეხი საკუთარ მიწაზე მუშაობს, მაგრამ იმდენად დაბალ ფასად ყიდის მოსავალს, რომ თავისი შრომის რეალურ ღირებულებას ვერ იღებს, სისტემა შეიძლება გარეგნულად მუშაობდეს, მაგრამ მწარმოებლის სოციალური და ეკონომიკური კვლავწარმოება სუსტდება, ანუ, თუ 1.30 ანდა 1,50 თეთრი მხოლოდ დღევანდელი მოსავლის ჩაბარების ფასია, ის ხვალინდელი ვენახის მოვლის სამუშაოებს ვერ დააფინანსებს და ეს ეკონომიკურად წარმატებული ფასი ვერ იქნება.
FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - ფოოდ ანდ აგრიცულტურე ოფ ტჰე უნიტედ ნატიონს ) უკვე დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ საკვების რეალური ღირებულება მხოლოდ მაღაზიაში გადახდილი ფასი არ არის. ამ ორგანიზაციის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, აგროსასრურსათო სისტემების ფარული გლობალური ხარჯები 156 ქვეყანაში შეფასებული იყო, დაახლოებით, 11, 6 ტრილიონ დოლარად 2020 წლის მსყიდველობითი უნარის მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი პროდუქციის ფასი მისი რეალური ფასი არ არის...
ესაა მსოფლიო ტენდენცია და როგორც ერთი არცთუ ხელწამოსაკრავი გონების და განვითარების ქალბატონი მეუბნებოდა: მოვა დრო, ადამიანები აბებით დაიკმაყოფილებენ შიმშილსო, მე მაინც მგონია, რომ ყველაფრის მიუხედავად, სოფლის მეურნეობას ნამდვილად აქვს მომავალი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შეუძლებელია ადამიანის არსებობა მიწის, სოფლის მეურნეობის გარეშე.
ახლა რასაც ვიტყვი, ამის მოსმენისას, სავარაუდოდ, სკეპტიკოსებს გაეცინებათ, თუმცა, თუ კარგად დაფიქრდებიან, ჩემსავით მივლენ ერთ, ამ პერიოდისთვის პარადოქურ დასკვნამდე: სოფლის მეურნეობისთვის საუკეთესო გამოსავალია კოლმეურნეობებისმაგვარი და მეურნეობების მსგავსი კოოპერაციები, ადგილობრივი გადამუშავება, ხარისხის გაუმჯობესება, ბაზარზე პირდაპირ გასვლა, კონკურენცია, ადგილობრივი ბრენდირება, ექსპორტზე წვდომა და ა.შ.
არ ვიცი, სამწუხაროა ეს თუ საბედნიერო, მაგრამ ეს გახლავთ ამჟამად ადამიანის ცივილიზაციის დილემა, რადგან ქალაქს შეიძლება ჰქონდეს ბანკები, ქარხნები, ტექნოლოგიები, ცათამბჯენები, მაგრამ საკვები არც ბანკებიდან მოდის, არც ცათამბჯენებიდან, საკვები მოდის მიწიდან.
საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად აფასებს იმ შრომას, რომლის გარეშეც თვითონ ვერ იარსებებს.
ქართული სოფელი ჯერ კიდევ გვაძლევს მოსავალს, მაგრამ გაურვეველია, რამდენ ხანს შეძლებს ადამიანი მოსავლის მოყვანას, თუ ამ შრომით მისი ცხოვრება სულ უფრო და უფრო რთული გახდება.
ეს ყველა ჩვენგანისთვის, როგორც ვთქვი, ჯერჯერობით გადაუჭრელი საკითხია, რადგან თუ მიწაზე მომუშავე გაქრა, თუ სოფლები დღევანდელი ტემპით დაცარიელდა, მხოლოდ შიმშილს კი არა ქვეყნის ფუნდამენტური საყრდენის დაკარგვას მივიღებთ.
ირანდა კალანდაძე




