უკრაინას ბრძოლის მეთოდები უკან უბრუნდება. რუსეთი ომის სტრატეგიას ცვლის“
დასავლეთის მიერ უკრაინის სიმტკიცისა და ამტანობის ქება სტრატეგია არ უნდა იყოს, მხოლოდ ქება-დიდებით საქმე ვერ გაკეთდება. უკრაინამ თავისი ჯარისკაცების სისხლისღვრით და ინჟინრების ტალანტით ომს ოთხი წელი გაუძლო... ახლა კი ჩვენ უკრაინა ისევ მარტო არ უნდა დავტოვოთ, როცა მკაცრი ზამთარი ახლოვდება.

„უკრაინას ბრძოლის მეთოდები უკან უბრუნდება. რუსეთი ომის სტრატეგიას ცვლის“
„რუსეთი ტექნოლოგიურ შეჯიბრში უკრაინას ბევრად წინ უსწრებს. მოსკოვი, იარაღის წარმოების დაჩქარების მიზნით, სამრეწველო სიმძლავრეებს აფართოებს“, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“
ზაფხულის მიწურული იყო, როცა კოლეგებთან ერთად უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტისპირა რაიონიდან მატარებლით წამოსული, კიევში შევედით. უეცრად საჰაერო განგაში გამოცხადდა: ათობით რუსული ბალისტიკური რაკეტა უკრაინის დედაქალაქისკენ მოფრინავსო. მატარებლიდან სასწრაფოდ გადმოვედით და ხალხის ნაკადს შევუერთდით, რომლებიც თავშესაფრისაკენ მირბოდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენს ახლოს აფეთქებების ხმა გაისმა - რუსული ბალისტიკური რაკეტები კიევს ზედიზედ ეცემოდა ციდან, რკინიგზის სადგური ქვეშ მდებარე დარბაზში, სადაც ჩვენ ვიყავით, მატარებლის ასობით მგზავრი იყო თავმოყრილი, მათ შორის ბავშვებიც და დაბომბვის დასრულებას ველოდით.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ხშირად დავდივარ, ვეხმარები უკრაინელ სამხედროებს მოწინავე ტექნოლოგიების შექმნაში ფრონტისათვის, მაგრამ ამ ბოლო ყოფნის დროს უფრო მეტი შთაბეჭდილება დამრჩა, ვიდრე ომის პირველ ეტაპზე მივიღე.
რუსეთის არმიის სამხედრო მომზადება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, სახმელეთო ბრძოლის ველზეც და საჰაერო ფრონტზეც. ვაშინგტონს მოუწევს იმის აღიარება, რომ მოსკოვი ტოტალური ომის სტრატეგიაზეა გადასული, ახდენს მრეწველობისა და ცოცხალი ძალის მობილიზებას, რათა დაბომბვებით აიძულოს უკრაინა კაპიტულაცია გამოაცხადოს. დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთზე გასამარჯვებლად უკრაინისათვის მხოლოდ იარაღის გადაცემა საკმარისი არ არის. უკრაინას სჭირდება, რომ დასავლეთმა უფრო მეტი რესურსის მობილიზება მოახდინოს, რუსეთს წარმოების ტემპებით გაუსწროს და იმდენი იარაღი აწარმოოს უკრაინისადმი მისაცემად, რომ კიევმა მოსკოვის შეტევა წარმატებით მოიგერიოს.
ომის დიდი ხნის განმავლობაში უკრაინის უპირატესობა ადაპტირების უნარში და ინოვაციების სწრაფ დანერგვაში გამოიხატებოდა. მართალია, რუსეთს ომის წინა წლებშიც მეტი ჯარისკაცი ჰყავდა, მეტი ფული და ძლიერი მრეწველობა ჰქონდა, მაგრამ უკრაინელმა ინჟინრებმა და სტარტაპებმა რამდენიმე თვის განმავლობაში მოახერხეს მოწინავე იარაღისა და თავდაცვითი სისტემების შექმნა, რომლებიც წარმატებით გამოსცადეს კიდეც ფრონტის წინა ხაზზე და სრულყოფილებამდე მიიყვანეს. ომისაგან დაზარალებული უკრაინის თავდაცვის მრეწველობა უფრო სწრაფად და უნარიანად მოქმედებდა, ვიდრე მოუხერხებელი და ტლანქი რუსული სამხედრო ბიუროკრატია.



