ცნობილი და პოპულარული ქართველი ისტორიული პირების, მეფეების, საზოგადო მოღვაწეების, მწერლების, პოეტების, საერთოდ, ღირსეული მამულიშვილების თავზეხელაღებული ლანძღვა-გინება ერთადერთ ბინძურ მიზანს, ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვას ემსახურება; მათ დარწმუნებას, რომ არც ისტორიაში და არც თანამედროვეობაში ავტორიტეტების არსებობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს
წლეულს, 6 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა ჩემი წერილი „ლიტერატურული რატიანიზმი თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში“. წერილში საუბარი იყო ბოლო დროს სახიფათოდ გაპოპულარებული (სხვათა შორის, როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე ხელისუფლების მხარდამჭერთა მიერ) ცნების, „ღალატისა“ და მისი რაობის შესახებ.
სამაგალითოდ მოყვანილი იყო გვერდი სოციალური ქსელებიდან „პოეზიარი - მხატვართა წარმოჩენა“. უკვე კარგა ხანია და იგი დღესაც ჯიუტად ცდილობს ქვეყნის მოღალატედ წარმოადგინოს ყველა ის ქართველი მწერალი, ინტელიგენციის წარმომადგენელი, ვინც არ ებრძოდა კომუნისტურ რეჟიმს და, რაც მთავარია, არ იზიარებდა ზვიად გამსახურდიას იდეებს. ჯიუტად აქვეყნებს კარგა ხნის წინათ იმქვეყნად გადაბარგებული „მოღალატე მწერლების“ სიებს და „მამხილებელ“ ოპუსებს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ცნობილი და პოპულარული ქართველი ისტორიული პირების, მეფეების, საზოგადო მოღვაწეების, მწერლების, პოეტების, საერთოდ, ღირსეული მამულიშვილების თავზეხელაღებული ლანძღვა-გინება ერთადერთ ბინძურ მიზანს, ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვას ემსახურება; მათ დარწმუნებას, რომ არც ისტორიაში და არც თანამედროვეობაში ავტორიტეტების არსებობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს; რომ დავით აღმაშენებელსა და მიშა სააკაშვილს, თამარ მეფესა და ელენე ხოშტარიას შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს; ამიტომ არ წაიკითხოთ წიგნები, მიაფურთხეთ მეცნიერებას, დარჩით უვიცებად, ირბინეთ ქუჩებში, არ მოერიდოთ ბილწსიტყვაობას - პრესტიჟული ადგილები საზოგადოებაში და თანამდებობები სახელისუფლებო სტრუქტურებში თქვენთვის უამისოდაც გარანტირებულია.
„პოეზიარის“ რეალური მფლობელის ვინაობით მაშინ არ დავინტერესბულვარ, ახლა კი ვიცი, რომ ეს ყოფილა პოეტი და ახალგაზრდობის აღზრდაზე გადაგებული ბრძენკაცი თემურ (თემო) ჭახნაკია, დაბადებული 1992 წელს.
ამ ბრძენი მოღვაწის კატეგორიული მტკიცებით, სამშობლოს მოღალატეა უკლებლივ ყველა ქართველი მწერალი, ვინც იყო კომპარტიის წევრი და ემსახურებოდა კომუნისტურ საქართველოს. მეტიც, სამშობლოს მოღალატეა ყველა ქართველი მწერალი, ზოგადად, ქართული ინტელიგენციის უკლებლივ ყველა წარმომადგენელი, ვინც მხარს არ უჭერდა ზვიად გამსახურდიას და მის ხელისუფლებას.
ეს არის კომუნისტური იდეოლოგიის სრული გამეორება ერთადერთი განსხვავებით - „ზვიადი“ „კომუნისტურის“ ნაცვლად. მართალია, ზრდილობით და ოჯახიშვილობით გამორჩეული ბატონი ჭახნაკია ბრძანებს, „ვინ ჩემი შაშაკოლაა ეს თეიმურაზ ქორიძე, მისი ნაწერები არც წამიკითხავს და არც წავიკითხავო“, მაგრამ ვისაც წაუკითხავს და მომავალშიც წაიკითხავს, იმათ გასაგონად ცნება „ღალატის“ კლასიკურ განმარტებას კიდევ ერთხელ გავიმეორებ: „გამცემლობა, ვერაგობა, დაგმობა, უარყოფა; ვინმეს ან რაიმეს საზიანოდ შეგნებულად ჩადენილი ბოროტება, ორგულობა, მეგობრის (ახლობლის) სხვაზე გაცვლა“.
უფრო კონკრეტულად - მე რომ ვინმე პერსონას, ან იდეას ვუღალატო, ამ პერსონის ან იდეის ერთგული თუ არა, მხარდამჭერი მაინც უნდა ვიყო. კიდევ უფრო რომ დავწვრილმანდეთ - მე, თეიმურაზ ქორიძე, სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერასოდეს ვერ ვუღალატებდი, ვთქვათ, ედუარდ შევარდნაძეს, ზვიად გამსახურდიას ან მიხეილ სააკაშვილს, რადგან არასოდეს ვყოფილვარ ამ პერსონების, მათი ხელისუფლებების ერთგული ან მხარდამჭერი. და კიდევ ერთი - ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურის, თუნდაც ბელადის მწვავე კრიტიკა სულაც არ ნიშნავს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას - ღალატს. სამაგიეროდ, სამშობლოს ღალატის მძაფრი სუნი ასდის ზოგიერთი ქართველი „პოლიტიკოსის“ მოწოდებებს რუსეთისთვის ომის გამოცხადების, ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპანტისთვის ოფიციალურად მიკუთვნების, ან რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარის თქმის თაობაზე. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ბატონ ჭახნაკიას.
მის გასაგონად ვიტყვი (იქნებ ვინმემ ამბავი მიუტანოს!), რომ ბატონ ზვიად გამსახურდიასთან საკმაოდ თბილი ურთიერთობა მქონდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულიდან, ჩრდილოეთ კავკასიაში მისი სიმბოლური გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ. ხელისუფლების სათავეში აღზევებისთანავე ერთი ჩვენი საერთო მეგობრის პირით საკმაოდ პრესტიჟული თანამდებობაც შემომთავაზა, რაზეც დიდი მადლობით და კატეგორიული უარით ვუპასუხე. თუ ბატონი ჭახნაკია დაინტერესდება, ასე რატომ მოვიქეცი, - აუცილებლად ავუხსნი.
გვიყვარს თუ არა, მოგვწონს თუ არა, ზვიად გამსახურდია სამარადჟამოდ შევიდა ქვეყნის ისტორიაში, როგორც თავისუფალი საქართველოს პირველი პრეზიდენტი. ოღონდ, ეს ფაქტი არ არის მისი გაღმერთების საბაბი.
საქართველოს ბევრი კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქე, მათ შორის მეც, წინააღმდეგი იყო მისი ხელისუფლების სათავეში მისვლისა და ამას ჰქონდა თავისი მიზეზები:
ზვიად გამსახურდიას, თავისი ალალი პატრიოტიზმისა და მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მიუხედავად, არ გააჩნდა მმართველობის არავითარი გამოცდილება;
იყო უაღრესად გულუბრყვილო და მიმნდობი ადამიანი. შესაბამისად, მის უახლოეს გარემოცვაში ყელყელაობდნენ ერთობ საეჭვო რეპუტაციის ადამიანები;
რა თქმა უნდა, იყო სხვა მიზეზებიც, რომელთა გამო, ქვეყნის და პირადად ზვიად გამსახურდიას ინტერესებიდან გამომდინარე, მისი უმაღლეს სახელისუფლებო თანამდებობაზე არჩევა არ შეიძლებოდა - ეს ნაბიჯი ტრაგედიად შემოუბრუნდებოდა ქვეყანას და პირადად ზვიად გამსახურდიას.
სამწუხაროდ, მოვლენები ზუსტად ასე განვითარდა.
იმის თქმა მინდოდა, რომ ზვიად გამსახურდიას პიროვნებისა და იმჟამინდელი საქართველოს ირგვლივ განვითარებული ტრაგიკული მოვლენები სულაც არ ყოფილა ძნელი დასანახი.
რაც მთავარია, მისი გაღმერთების მცდელობები შეურაცხყოფს ამ ალალი, ტრაგიკული პიროვნების სახელს და ემსახურება მაშინდელ ხელისუფლებაში აღზევებული თაღლითთა ბანდის გამართლებას.
ვიდრე ქვებს დამიშენდეთ, გთხოვთ, იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების სიას გადახედოთ. განსაკუთრებით იმ „ლიდერებს“ მიაქციოთ ყურადღება, ზვიად გამსახურდიას პირველები რომ განუდგნენ. არც ის მაღალჩინოსნები დაივიწყოთ, ზვიადის ხელისუფლების კრიზისის დაწყებისთანავე, ან სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ თავი კრემლს და „მეგობარ“ ევროპას რომ შეაფარეს!
თავისუფალი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ტრაგიკული აღსასრული არის არა ედუარდ შევარდნაძის ან თეიმურაზ ქორიძის, არამედ ზვიად გამსახურდიას უახლოესი გარემოცვის, დები არჩვაძეების, ე.წ. „კარვის ქალებისა“ და კოლექტიური თემურ ჭახნაკიას აზროვნების დონის „მხარდამჭერთა“ დამსახურება.
ძალიანაც არ მინდა, მაგრამ უნდა დავუბრუნდე ბრძენი და მამაცი ჭახნაკიას კომენტარებს ჩემს ხსენებულ წერილზე. უფრო ზუსტად, ამ წერილის ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებულ ნაწილზე:
„რადგან თემურ ქორიძე ერქვა ერისკაცს და ქართული პოლიტიკური პუბლიცისტიკის შუქურას, მის მოსახელეს, შევარდნაძის მეხოტბეს, სიმბოლურად ვუწოდებ ფალოსოფოსს. ეს ფალოსოფოსი ჩემზე წერს, რომ თითქოს "ახალგაზრდებს ტვინს ვუწამლავ", როდესაც წყაროების მითითებით გვერდზე ვანთავსებ საქართველოს დამქცევთა სალანძღავ პოსტებს. ამ ფალოსოფოსს მეტი არაფერი შეუნიშნავს ჩემს გვერდზე, მხოლოდ ცუდი ჩხვლეტა იგრძნო, უსიამოვნო ადგილებში. არადა მთელმა პოეტურმა ელიტამ იცის, რომ აბსოლუტურად უანგაროდ, 10 წელია ლექსმწერებს და მხარტვრებს წარმოვაჩენ, მთელს ენერგიას და დროს ვახარჯავ მარტოკაცი ამ საქმიანობას, კეთილი მიზნით, ნიჭიერებს გზა გავუკვალო და შევეწიო, გონება გავუნათო, რომლის დახშობასაც ამისნაირი ფალოსოფოსები ცდილობენ ამაოდ“. (სტილი დაცულია თ.ქ.)
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ: ამას წერს თანამედროვე ქართული პოეზიის დიდი ამაგდარი, თავადაც პოეტი და ლიტერატურის კორიფე (აბა, ოპონენტის დასახასიათებლად, მას რომ მოსწონს, იმ ეპითეტებს ხომ არ მოვიშველიებ!). თანაც, მისეულ მიჯრით ჩამომწკრივებულ შვიდ კომენტარში ჩემი, პაპისტოლა ქართველი კაცის მისამართით, ზედიზედ 17-ჯერ (ჩვიდმეტჯერ!) იმეორებს ეპითეტს „ფალოსოფოსი.“
ბრძენი ჭახნაკიას და მისი ახალგაზრდა შეგირდების (დიდი მასწავლებელი რომ „გონებას უნათებთ“) გასაგონად ვიტყვი, რომ რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ლიტერატორი თემურ ქორიძე იყო ჩემი მეგობარი მრავალი წლის განმავლობაში. ამავე დროს, იყო ჩემი პუბლიცისტური ნაშრომების ერთგული მკითხველი და დამფასებელი. ისევე, როგორიც მე - მისი შემოქმედებისა.
ამ ახალგაზრდების გასაგონად იმასაც ვიტყვი, რომ მრავალწლიანი ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში შევხვედრივარ უამრავ ავად თუ კარგად ცნობილ ადამიანს - პოლიტიკოსებს, მეცნიერებს, მწერლებს, ჟურნალისტებს, რევოლუციონერებს, სამხედრო ჩინოსნებს, გლეხებს, სატუსაღოების გუშაგებს, ქურდებს თუ ბანდიტებს. არა მგონია, დიდი დანაშაული იყოს, რომ პირადად ვიცნობდი ედუარდ შევარდნაძეს, ჯუმბერ პატიაშვილს, გივი გუმბარიძეს, ზვიად გამსახურდიას, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ კიტოვანს, თენგიზ სიგუას, მურმან ომანიძეს, ზურაბ ჟვანიას, ვენერა ურუშაძეს (ვეფხისტყაოსნის ინგლისურ ენაზე მთარგმნელი ქალბატონი), ნინო გეგეჭკორს (ლავრენტი ბერიას მეუღლე), სერგო ბერიას (ლავრენტი ბერიას ვაჟიშვილი), ჭაბუა ამირეჯიბს, ანა კალანდაძეს, ჯანსუღ ჩარკვიანს, აკაკი ბაქრაძეს, ლევან თედიაშვილს... თვით მიხეილ სააკაშვილსაც კი.
- მაგ ფულით ახლა ერთ კარგ კედლის გაზეთს გაგიკეთებ. დანარჩენზე კი შევარდნაძე ციხიდან რომ გამოგიშვებს, მერე ვილაპარაკოთ.
მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრ სხვასთან ერთად ჯაბა იოსელიანიც ციხეში მოხვდა. ერთ მშვენიერ დღესაც ციხიდან მირეკავს:
- შენა, თემურ, კაცო, ვანგა ხომ არა ხარ, ვანგა, ააა?!
***
ორმოცწლიანი ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, სამართალზე, სოციალურ საკითხებზე, ლიტერატურაზე, კონკრეტულ პირებზე და კონკრეტულ მოვლენებზე გამოქვეყნებული მაქვს 2000-მდე ანალიტიკური პუბლიცისტური სტატია. კომუნისტური რეჟიმის დროს დაუნდობლად ვაკრიტიკებდი კომუნისტურ ხელისუფლებას, გამსახურდიას დროს - გამსახურდიას ხელისუფლებას, შევარდნაძის დროს - შევარდნაძის ხელისუფლებას, სააკაშვილის დროს - სააკაშვილის ხელისუფლებას... როგორც წესი და რიგია, ისე ვერ ვაკრიტიკებ „ოცნების“ ხელისუფლებას - გვარამიული ოპოზიციის მხარდაჭერა რომ არ დამბრალდეს.
გამოცემული მაქვს ოთხი სოლიდური წიგნი (გამოსაცემად მზად არის კიდევ რვა წიგნი).
ალბათ ამის ბრალია, რომ ჭახნაკიას ლიტერატორი თემურ ქორიძე და პუბლიცისტი თეიმურაზ ქორიძე ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია.
ვერც გაარჩევდა, რადგან ამ უმამაცესი ბიჭუნას დაბადებამდე და მერეც, დედიკოს ძუძუებზე რომ ეკიდა, ჟურნალისტი და პუბლიცისტი, საჰაერო-სადესანტო არმიის ყოფილი ოფიცერი, სამი შვილის მამა „ვინმე თეიმურაზ ქორიძე“ ქვეყნის გადასარჩენად, საბედისწერო სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად დღედაღამ იბრძოდა თბილისშიც, აფხაზეთშიც, ზუგდიდშიც, ცხინვალის რეგიონშიც და სამტრედიაშიც...
როცა წინა სტატიას ვწერდი („რატიანიზმი...“), „პოეზიარის“ მფლობელის ვინაობით არ დავინტერესებულვარ. ამჯერად უკვე ვიცი, რომ ჭახნაკია პოეტი ყოფილა. მისი ლექსებიც წავიკითხე. ამის დასტურად შემოგთავაზებთ ერთ სტროფს მისი ლექსიდან:
თუ ვინმე ამ სტროფში თემოს სიბრძნეს აღმოაჩენთ, აუცილებლად შემატყობინეთ. ჩემი მხრიდან კი შეგახსენებთ, რომ როგორც ჭახნაკიას შემოქმედების თაყვანისმცემელმა, ამ წერილში იგი ბევრჯერ მოვიხსენიე ბრძენკაცად.
ალალი იყოს!
P. შ. ეს წერილი თავისი შინაარსით არ არის ის, რასაც ბატონი ჭახნაკია თავისი უკიდურესი უზრდელობისა და თავხედობის გამო იმსახურებს. იმედია, გამოუჩნდება ვინმე კეთილისმყოფელი და ბოდიშის მოხდას ურჩევს.
თეიმურაზ ქორიძე
მთავარი
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო