თუ ასაკრძალი პარტიების სია ისევ არ გაიზარდა (არადა, ამის დიდი ალბათობა არსებობს), მაქსიმუმ ცხრა თვის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება უთუოდ გვეცოდინება.
მოკლედ ასე: თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ცეცხლი ოლიგარქიას, სანქციები ივანიშვილს, ერთმმართველი პრეზიდენტის სავარძელი ნიკა გვარამიას (ან ნანუკა ჟორჟოლიანს, ან ხაბეიშვილს, ან გიგა ბოკერიას, ან რომელიმე გირჩს...)!
ვწუხვარ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი ქართული ოპოზიციის ქმედებები არის უვიცობისა და უნიჭობის ზეიმი და, პოლიტიკა რომ გვერდზე გადავდოთ, არავითარი კავშირი არა აქვს, უბრალოდ, საღ აზრთან, მამულიშვილობასთან.
ამას დავუმატოთ კიდევ ერთი მძიმე და თვალშისაცემი ობიექტური მოცემულობა - შეურიგებელი დაპირისპირება თვით ოპოზიციურ დაჯგუფებებს შორის: უკლებლივ ყველა ერთადერთია, უკლებლივ ყველა განუმეორებელია და უკლებლივ ყველა მზადაა ქვეყნის მმართველობაში აღსაზევებლად!
იმედია, მოფიქრალ ქართველ საზოგადოებას ნაცოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაქრობაზე გული არ აუჩუყდება, მაგრამ, მოდი, ვიფიქროთ, რა გზას შეიძლება დაადგეს ნებით თუ უნებლიედ უოპოზიციოდ დარჩენილი ხელისუფლება.
თუ კაცობრიობის გამოცდილებას თუნდაც ზერელედ მაინც გავიხსენებთ, პოლიტიკური ოპოზიციის არარსებობის გარდუვალი შედეგი გახლავთ... დიქტატორული მმართველობა. შორეულ წარსულს რომ თავი დავანებოთ, ამის კლასიკური მაგალითები ფრანკოს, სტალინის, ჰიტლერის და თუნდაც, ჩვენი „დიდი მიშას“ მმართველობებია.
ბუნებრივია, ეს შესანიშნავად იცის „ოცნების“ ხელისუფლებამაც. ამის თვალსაჩინო დასტურია 2024 წლის მარტში ახალი პოლიტიკური პარტიის („ხალხის ძალა“) ჩამოყალიბების მცდელობა „ქართული ოცნების“ წევრი პარლამენტის დეპუტატების ბაზაზე (სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ეკა სეფაშვილი...)
მართალია, შექმნიდან რვა თვის შემდეგ, „ჯანსაღი ოპოზიციის“ შექმნის მიზნით, ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებისა და ოპოზიციაში გადანაცვლების თაობაზე ოფიციალურად განაცხადა, მაგრამ სინამდვილეში ეს განცხადება კეთილ სურვილად დარჩა.
ვიცი, გულახდილობა არ ალამაზებს ადამიანს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას: ნაცმოძრაობა მრავალი წლის განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა მეტნაკლებად კონსტრუქციულ ოპოზიციად იმის გამო, მისი ერთადერთი მიზანი იყო და არის მხოლოდ ძალაუფლების მოპოვება და მეტი არაფერი. ანუ იგი მუდამ კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, მეტიც, კატეგორიულად უარყოფდა მმართველი პარტიის უკლებლივ ყველა გადაწყვეტილებას მისი შინაარსის მიუხედავად!
„ხალხის ძალა“ ვერ ჩამოყალიბდა რეალურ, კონსტრუქციულ ოპოზიციად იმის გამო, რომ იგი უკრიტიკოდ ეთანხმებოდა და ეთანხმება მმართველი პარტიის უკლებლივ ყველა გადაწყვეტილებას მისი შინაარსის მიუხედავად! ან იქნებ საპარლამენტო კულუარებში კრიტიკასაც გამოთქვამს, მაგრამ ამის თაობაზე ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა არაფერი ვიცით.
ნათქვამიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღეს საქართველოში რეალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალის არსებობაზე საუბარი არაფერია კეთილი ფანტაზიის გარდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, კონსტრუქციული ოპოზიციის შესაქმნელად მმართველ პარტიას უკვე დიდი ხანია თვითონვე უნდა ეზრუნა.
ჩემი აზრით, ერთობ საეჭვოდ გამოიყურება ის ფაქტი, რომ აკრძალვის აუცილებლობაზე დაბეჯითებით გვესაუბრებიან ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი ჩინები. ამგვარი გადაწყვეტილების თაობაზე ისტერიული განცხადებები გვესმის ოპოზიციიდან. თუ კულუარულ მითქმა-მოთქმებს არ გავითვალისწინებთ, სრული დუმილია თუნდაც ხელისუფლების მხარდამჭერი ინტელიგენციის მხრიდან.
მოკლედ ასე: ხელისუფლება უკვე ორი წელიწადია გვპირდება ამ მართლაც მავნებლური, დამნაშავე, მოღალატური და ისედაც დასაღუპავად განწირული ოპოპარტიების აკრძალვას.
მრავალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, სულაც არა ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი მოკრძალებული აზრი ხელისუფლების უმაღლესი ჩინების ყურამდე მიაღწევს. ამიტომ, „ოცნების“ უბრალო მხარდამჭერების გასაგონად ვამბობ: მრავალი მიზეზის გამო, ოპოზიციური პარტიების ოფიციალური აკრძალვა, ამის მცდელობაც კი, უპირველეს ყოვლისა, იქნება საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი... ოპოზიციური პარტიების გადასარჩენად! - ჩვენ ისეთი მაგრები, ისეთი ნაღდი პატრიოტები და მებრძოლები ვართ, „ბოროტმა“ ხელისუფლებამ ჩვენი განადგურება გადაწყვიტა!
არ ვამტკიცებ, რომ ნაცმოძრაობის წევრებს დანაშაულები არ ჩაუდენიათ. თუმცა, ადმინისტრაციული, გნებავთ, სისხლის სამართლის მეტნაკლებად მცოდნე ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ უნდა დაისაჯონ დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიმღები პირები, უშუალო შემსრულებლები და არა პარტიის რიგითი წევრები. მაგალითად, აუცილებლად და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ ე. წ. „აფრასიძეების საქმის“ (სხვა დანაშაულებრივი ქმედებების) ორგანიზატორები და მისი შემსრულებლები, მაგრამ აქ არაფერ შუაშია ამ პარტიის ვანელი, ხონელი, ზუგდიდელი, სამტრედიელი ან სიღნაღელი წევრები. ვფიქრობ, ამ კითხვას უეჭველად დასვამს ევროპული სასამართლო და გადაწყვეტილებასაც უეჭველად მომჩივანის სასარგებლოდ მიიღებს.
ხოლო ამას რა მოჰყვება, თავად წარმოიდგინეთ.
სწორედ ამიტომ ვბედავ ვამტკიცო, რომ ისედაც პოლიტიკური მოუსავლეთისთვის განწირული პარტიების აკრძალვის განაჩენი იქნება შვება მათთვის. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამავე დროს, წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს იქნება აღქმული ოპოზიციური პარტიების დაშინების პოლიტიკად.
და რაც მთავარია-კაცობრიობის ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ამის თაობაზე მსჯელობის წამოწყებაც კი, არის ქვეყნის დიქტატორული მმართველობისკენ გადადგმული ნაბიჯი.
არა მგონია, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ამისკენ ისწრაფვოდეს.
ისიც არ მგონია, მე, ქართველმა ამომრჩეველმა გვარამიას სარკაზმისა და მომხიბლავი წვერ-ულვაშის, ნანუკას მომხიბლავი გულ-მკერდის, გირჩი ჯაფარიძის მომხიბლავი უკანალისა და გია ბარამიძის არანაკლებ მომხიბლავი ბრძნული გამონათქვამების გამო მომავალ არჩევნებში ხმა ოპოზიციას მივცე.
ჩემი აზრით, თავისივე და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ოპოპარტიების გაუქმებაზე კი არა, ხელისუფლებამ, სჯობს, სერიოზულად იფიქროს ნამდვილი, კონსტრუქციული ოპოზიციის შექმნაზე.
თეიმურაზ ქორიძე
მთავარი
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო