(„მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“). თეატრში 27-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. „სპექტაკლის დროს დიდი სითბო მოდის მაყურებლისგან... ჩვენი ყველაზე დიდი საჩუქარი აპლოდისმენტებია. ეს გულით დაკრული ტაშია, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ... მისი უდიდებულესობა მაყურებელი მოვიდა და კმაყოფილი წავიდა, ამაზე დიდი სიხარული არტისტისთვის არ არსებობს,“ ამბობდა კახი.
მისი ნიჭიერების გამოხატულებას საზღვარი არ აქვს. მსახიობი დაუღალავად შრომობს და ნიჭიერებასთან შერწყმული შრომა შედეგს იძლევა, იქმნება შთამბეჭდავი და განუმეორებელი სახეები. მან 108 ფილმში მიიღო მონაწილეობა, რაც თავისთავად სარეკორდოა. ჯერ კიდევ ადრე, სკოლის დამამთავრებელ კლასში კახი, კინოსტუდია ქართულ ფილმში სინჯებზე დაიბარეს და ფილმზე - „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ მთავარი გმირის, ვეფხია ხალიბაურის როლზე დაამტკიცეს, მაგრამ მოულოდნელად მიღებული ტრამვის გამო, დებიუტი ვერ შედგა, ამის მერე კინოში გადაღების სურვილი არ უნელდებოდა. საბოლოოდ ოცნება მაინც აიხდინა. უამრავი საინტერესო და დაუვიწყარი კინოროლი შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ კინოხელოვნებაში დღეს არსებობს ეგრეთწოდებული „კახი კავსაძისეული გმირი“, რომელშიც კონცენტრირებულია მსახიობის შესანიშნავი უნარი ჟანრის ზუსტი შეგრძნებისა, ყოველ მხატვრულ სახეში ჩაქსოვილია პიროვნული ხიბლი, მსახიობური გარდასახვა, ამა თუ იმ მომენტის თავისებურად გადმოცემა, რომელიც არავის არ ჰგავს, არავის ბაძავს, მხოლოდ და მხოლოდ მისი საკუთრებაა, მისი ხელწერაა. პირველად ეს ყველაზე ნათლად გამოიკვეთა ფილმში „სამკაული სატრფოსთვის“, სადაც მან ზაურის როლი შეასრულა. მეტად შტამბეჭდავი და საინტერესოა მისი როლები - ინოჩენცი („ვერის უბნის მელოდიები“), ელიბო („ღვინის ქურდები“), დიაკვანი („ლაზარე“), საშიკო („აურზაური სალხინეთში“), ტიტე ნატუტარი („ყვარყვარე“), იორამი („ნატვრის ხე“), დონკიხოტი („დონკიხოტი და სანჩოპანსა“)... როგორი მკვეთრი საღებავებითაა გამოხატული მსახიობის პალიტრა, რისთვისაც მაყურებელმა ნახვისთანავე შეიყვარა. მისი სახელი ასოცირებულია მაყურებლის გარკვეულ განწყობასთან. ეკრანზე კახი კავსაძის გამოჩენისთანავე, ფილმის ჟანრისა და როლის სიდიდის მიუხედავად, მაყურებლის არასტანდარტულ, უცნაურ პერსონაჟებთან შეხვედრის ხალისიანი მოლოდინი ეუფლება. ამ სრულიად განსხვავებულ ფილმებში მსახიობმა ზუსტად აუღო ალღო ავტორთა სტილს, ჟანრს და მისთვის ჩვეული მრავალფეროვნება გამოამჟღავნა.
რეჟისორები, რომლებსაც კახი კავსაძესთან უმუშავიათ ფილმებზე, ერთხმად აღნიშნავენ, რომ იგი მდიდარი ფანტაზიის მქონე, ჩინებული მსახიობია და კინოკამერის წინ გარდასახვის იშვიათი უნარითა და მისაბაძი შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. ძნელია თეატრში ისე განვლო შემოქმედებითი გზა, რომ გულნატკენი ან მოშურნე ადამიანი არ გყავდეს, თეატრის მოღვაწეთაგან არასოდეს მსმენია მასზე რაიმე აუგი. იყო თავის პროფესიაზე თავდადებული და უზომოდ შეყვარებული, საკუთარი თავისადმი მომთხოვნი, გულწრფელი, მოყვასი, ადამიანის მოყვარე, კოლეგიალური, მეგობრული. საქვეყნოდ ცნობილია მისი და გივი ბერიკაშვილის მეგობრობის ისტორია, მათი ესტრადაზე ერთად გამოსვლა. ყოველთვის შინაგან სითბოს და სიყვარულს ასხივებდა. მანქანით ნელა დადიოდა, რომ ვინმე დაენახა და წაეყვანა: "ნაცნობებს რომ ვერ ვხვდები, უცნობებს ვუჩერებო“ - ამბობდა. ალბათ ამიტომაც უყვარდა ყველას.
მსახიობობის გარდა, კახი შესანიშნავად მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებს. მსახიობი რომ არ გამოსულიყო, ბრწყინვალე მომღერალი იქნებოდა. ამ სტრიქონების ავტორს, საშუალება ჰქონდა არა ერთხელ მასთან ერთად შეესრულებინა - „ცედური“ და „ცერკოვნი“ მრავალჟამიერები. სიმართლე გითხრათ, მისგან ასეთი მაღალი დონის შესრულებას ნამდვილად არ ველოდი. მისმა შესრულებამ ჩემში ერთგვარი აღფრთოვანება და ამავე დროს გაკვირვებაც გამოიწვია. ეს იყო ქართული ხალხური სიმღერის უზადო შესრულება. სხვათა შორის, ქალაქურ სიმღერებსაც შესანიშნავად მღეროდა. მაშინ ვგრძნობდი, რომ ჩემ წინ იდგა მრავალმხრივი ნიჭიერებით დაჯილდოებული ადამიანი, კაცი ლეგენდა, კავსაძეების გვარის გვირგვინის დამდგმელი. ამ მხიარული და გულღია პიროვნების უკან აშკარად სევდიანი და ტრაგიკული ადამიანი იმალებოდა. ალბათ იმიტომ, რომ განგებამ მას ბევრჯერ მოუწყო გამოცდა. თუმცა ამას სხვას არ აგრძნობინებდა. არ უყვარდა პომპეზურობა. თვით უკანასკნელი განსასვენებელიც კი უბრალოდაა მოწყობილი, მასზე მხოლოდ ბელა მირიანაშვილის და კახი კავსაძის ავტოგრაფებია ამოტვიფრული.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ყველამ იცის, რომ მან ბედი ულამაზეს და უნიჭიერეს მსახიობს, ბელა მირიანაშვილს დაუკავშირა. ამ წყვილის ლეგენდარულ სიყვარულზე ბევრი დაწერილა და თავადაც დიდი გატაცებით ხშირად უსაუბრია კახის. კახი კავსაძემ და ბელა მირიანაშვილმა 26 წელი იცხოვრეს ერთად, 1992 წლის 28 აგვისტოს კი ბელამ მიწიერი ცხოვრება დატოვა და მათმა სიყვარულმა სხვა განზომილებაში გადაინაცვლა. ბელა მაშინ 54 წლის იყო, კახი 57 წლის.
კახი კავსაძესა და ბელა მირიანაშვილზე უსასრულოდ შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა, ალბათ, ყველა ლამაზი სიტყვა, ერთად აღებული, ვერ ამოწურავს იმ გრძნობას, რასაც ქართველი ხალხი უსაყვარლესი მსახიობების მიმართ განიცდის. დღეს ამ ნიჭიერი წყვილის თეატრალური ტრადიციები გრძელდება მათ შთამომავლებზე - ირაკლი კავსაძისა და ნანუკა ხუსკივაძის სახით.
მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებები, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, ქალაქ დუშამბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიები, ღირსების ორდენი. რუსთაველის თეატრის წინ გახსნილია მისი ვარსკვლავი.