რას გვემართლება აზერბაიჯანი?
ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია უკვე გავიდა ჩვეულებრივი დისკუსიის ჩარჩოებიდან და სხვა ხასიათი შეიძინა. ამას მოწმობს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაჟღერებული განცხადება - თბილისში ამბობენ, რომ ისტორიული ძეგლი ქართული სასულიერო და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს, კახის რაიონი კი „ისტორიული ჰერეთის“ ნაწილი არისო...

აზერბაიჯანულ რუსულენოვან გაზეთ „ნოვოე ვრემიაში“ (Новое время) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ისტორიიდან ტერიტორიულ პრეტენზიებამდე: რატომ აღშფოთდა ბაქო საქართველოს საპატრიარქოს განცხადების გამო“ (ავტორი: ზაურ რასულზადე).
აზერბაიჯანის კახის რაიონში (Qax rayonu) მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია უკვე გავიდა ჩვეულებრივი დისკუსიის ჩარჩოებიდან და სხვა ხასიათი შეიძინა. ამას მოწმობს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაჟღერებული განცხადება - თბილისში ამბობენ, რომ ისტორიული ძეგლი ქართული სასულიერო და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს, კახის რაიონი კი „ისტორიული ჰერეთის“ ნაწილი არისო.
ბაქოში ამგვარი რიტორიკა ტერიტორიული პრეტენზიების შემცველად შეაფასეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი განცხადებები ეწინააღმდეგება ორი ქვეყნის ტრადიციულ კეთილმეზობლურ-პარტნიორულ ურთიერთობას, ხოლო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული თუ ისტორიული ტოპონიმების სხვაგვარად მოხსენიება დაუშვებელია. ახლა უკვე ლაპარაკი ნამდვილად აღარ მიდის ერთი რომელიმე ტაძრის აღდგენა-რესტავრაციაზე.
თავისთავად ქართული მხარის ინტერესი ქურმუხის ტაძრისადმი სრულიად კანონზომერი და გასაგებია. ტაძარს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მართლმადიდებელი მრევლისათვის, ხოლო მისი ისტორია ნამდვილად უკავშირდება რეგიონის მრავალსაუკუნეობრივ რელიგიურ და კულტურულ განვითარებას. ქართულ მხარეს უფლება აქვს დაინტერესდეს მისი მდგომარეობით, მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევებში და შემოგვთავაზოს განსახილველი საკითხები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესანარჩუნებლად. მაგრამ სრულიად სხვაგვარად ჟღერს საპატრიარქოს მოთხოვნა, რომ ასეთი მიზეზით სხვა ქვეყანას პირობები წაუყენოს, თუ როგორ უნდა აწარმოოს [სარესტავრაციო] სამუშაოები..
ქურმუხის ტაძარი აზერბაიჯანის კახის რაიონში მდებარეობს, შესაბამისად, ძეგლთა დაცვის, არქეოლოგიური კვლევებისა და სარესტავრაციო სამუშაობის ჩატარება რეგულირდება აზერბაიჯანის კანონმდებლობით და შედის მის სახელმწიფოებრივ იურისდიქციაში.
რასაკვირველია, ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა მსგავს სამუშაოებში სრულიად შეიძლება იყოს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის საგანი, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მხარეთა შორის საფუძველზე და არა ერთი ქვეყნის (ან რელიგიური სტრუქტურის) მოთხოვნით. სწორედ ამიტომ საპატრიარქოს განცხადების ფორმულირება ფართო პოლიტიკურ აზრს იძენს.
ბაქოსათვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტერმინ „ისტორიული ჰერეთის“ გამოყენება ქართული მხარის მიერ, გახის რაიონთან მიმართებით. ცხადია, ისტორიული დასახელება თავისთავად არ მიშნავს უკანონობას და სრულიად დასაშვებია - ისტორიკოსებს აქვთ უფლება გამოიკვლიონ შუა საუკუნეების გეოგრაფიული დასახელებები, იმ დროს არსებული ქვეყნები, სამთავროები და სხვადასხვა საეკლესიო იურისდიქციები, მაგრამ ისტორიული ტერმინოლოგია პოლიტიკურად მგრძნობიარე მაშინ ხდება, როცა ის თანამედროვე ტერიტორიულ რეალობაში გადმოაქვთ.



