რატომ არ ამოსდე ლაგამი შენს ოჯახს და სანათესაოს?!
ადამიანმა როგორც კი ანბანი გამოიგონა (მნიშვნელობა არა აქვს, ეს ანბანი იეროგლიფი იყო, სოლისებური თუ ხატოვანი), მაშინვე წერილების წერა დაიწყო. არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, ეს წერილები რაზე იწერებოდა - ქვაზე, ტყავზე თუ პაპირუსზე, მთავარია, ერთ კაცს მეორესთვის შეეტყობინებინა ესა თუ ის ამბავი. თუ ადრე წერილები ძალზე მარტივად იწერებოდა, მერე და მერე გართულდა, დაიშიფრა, დაიძარღვა, იმგვარად, რომ ერთი წერია და მეორე უნდა ამოიკითხო...
ავტორი
ალეკო ასლანიშვილი

რატომ არ ამოსდე ლაგამი შენს ოჯახს და სანათესაოს?!
ეჰ, ირაკლი, ირაკლი!..
ადამიანმა როგორც კი ანბანი გამოიგონა (მნიშვნელობა არა აქვს, ეს ანბანი იეროგლიფი იყო, სოლისებური თუ ხატოვანი), მაშინვე წერილების წერა დაიწყო. არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, ეს წერილები რაზე იწერებოდა - ქვაზე, ტყავზე თუ პაპირუსზე, მთავარია, ერთ კაცს მეორესთვის შეეტყობინებინა ესა თუ ის ამბავი. თუ ადრე წერილები ძალზე მარტივად იწერებოდა, მერე და მერე გართულდა, დაიშიფრა, დაიძარღვა, იმგვარად, რომ ერთი წერია და მეორე უნდა ამოიკითხო...
აგვისტო საქართველოში წერილების თვედ იქცა. წერილები ძირითადად ციხიდან მოდის და მთელ საქართველოში ელვის სიწრაფით ვრცელდება. ავტორი - ყოფილი ორგზის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოუღლელი მწერალი აღმოჩნდა, წერს, წერს, ოღონდ, რაც მეტს წერს, მით უფრო იჭედება ნათქვამ-დაწერილში, წერასაც ოსტატობა უნდა, რაც მთავარია, წერს იმას, რისი დაწერაც აშკარად ვნებს, ააშკარავებს და ამრუდებს.
განსაკუთრებული აურზაური გამოიწვია ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოსწინა წერილმა, რომელშიც მან წინ წამოწია ყოფილი უფლებადამცველის ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი და ეს ამბავი დაუკავშირა გაზეთ "ასავალ-დასავალში" დიტო ჩუბინიძისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის საქმიანობის "ბნელ" მხარეებზე იყო საუბარი. ექს-პრემიერმა დასვა კითხვა: "რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?" და იქვე განაცხადა, რომ საზოგადოებაში "დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს".
მეორე დღეს პროკურატურამ დაადასტურა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, რასაც, ბუნებრივია, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, მაგრამ უცნაური სიახლე, რაც ამ ამბავს ახლდა, იყო საჯარო განცხადებების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არაერთი პოსტის ავტორის - ირმა ინაშვილის, ნიკა გვარამიას, ნანუკა ჟორჟოლიანის, ხატია დეკანოიძის, თაზო დათუნაშვილის, გია ხუხაშვილის, გიორგი ლილუაშვილის, ზაზა დავითაიას, ერმილე ნემსაძის, გიორგი გიგაურის დაბარება.
"ჩამოთვლილი ადამიანებიდან, ვინც დაბარებულები ვართ, ვერავის შეაშინებენ. მიზანი ისაა, რომ გააშავონ ღარიბაშვილი და წარმოაჩინონ, თითქოს მხარს ვუჭერთ. ნამდვილად არ ვუჭერ მხარს, უბრალოდ, კითხვები ჩნდება, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს. შიში ოხერია და ასე ვთქვათ, ნერვულ "პალასაზეა" ივანიშვილიც და კობახიძეც", - განაცხადა გვარამიამ, რაზეც პარლამენტარმა ნინო წილოსანმა ვარაუდი გამოთქვა: "როგორც ჩანს, ახლა ერთ თამაშს თამაშობენ - გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებს, ატკინე, დააზიანე მაინცო... სამწუხაროა, რომ გვარამიას "რჩევებს" აჰყვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი... ისიც სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის პოსტმა გამოხმაურება მხოლოდ ნაცმოძრაობის აქტივისტებსა და ისეთ დეზინფორმატორებში ნახა, როგორებიც გვარამია, ჟორჟოლიანი და მათი თანამოაზრეები არიან."
ლაზარე ჯორბენაძე "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით (იგულისხმება აზერბაიჯანისთვის კომპლექსის ნაწილის გადაცემა), ამტკიცებდა ვითომ საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი ამის დამადასტურებელი საიდუმლო დოკუმენტი ირაკლი კობახიძის ხელმოწერით. ღარიბაშვილის წერილიდან საინტერესო იყო ის ნაწილი, სადაც საუბრობს იმაზე, რომ 12 თებერვალს მდინარაძე-კობახიძის დავალებით მას შეუგზავნეს გაზეთი "ასავალ-დასავალი" და საქმეს ურჩევდნენ: იყო თუ არა ეს მის მიერ შეკვეთილი სტატია, ან დგას თუ არა ღარიბაშვილი ამ ინტერვიუს უკან...
"ამ "გამოკითხვების" სერიას ორი დატვირთვა აქვს პირველი: მათ სურთ ყურადღების და აქცენტების გადატანა დავით გარეჯის თემიდან და მეორე-უნდათ, რომ ერთ ტაფაში მოხრაკონ სხვადასხვა მსოფლმხედველობის პოლიტიკოსები, ექსპერტები და ა. შ." - ასე შეაფასა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე დაბარებულმა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე შესვლამდე.
"ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერის თაზო დათუნაშვილის თქმით, "ეს არ არის მორიგი წერილი, რომლებიც ბატონმა ღარიბაშვილმა ბევრი დაწერა, რაც უინტერესო და ძირითადად კომიკური შინაარსის იყო...აქ საქართველოს ერთი პრემიერ-მინისტრი მეორე პრემიერ-მინისტრს ხელს ადებს და ამბობს, რომ აქვს საფუძვლიანი ეჭვი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით. სწორედ ამაზე გავაკეთე პოლიტიკური კომენტარი და მომავალშიც გავაკეთებ...ქართული საზოგადოება ღირსია, იცოდეს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში აბსოლუტურად ყველაფრის ფასი მომატებულია, როდესაც მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ყოველდღიურად ღარიბდება, ხელისუფლებას არ აინტერესებს მათი ბედი, აინტერესებს მხოლოდ ეს შიდა "კლანური" დაპირისპირება, ბინძური "კანიბალიზმი", რომლითაც დაკავებულები არიან".
წერილის შეფასებისას პარლამენტარი გია ვოლსკი ფიქრობს და პირად შეხედულებასთან ერთად, ალბათ, "ქართული ოცნების" გუნდის აზრსაც გამოხატავს, რომ "საქართველოს მიმართ დამოკიდებულების შექმნა ხდება, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე. არსებობს გეგმა, რომ ღარიბაშვილმა საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს ასეთი განცხადებით, რათა შემდეგ, თუ რევოლუცია მოხდება და წარმატება ექნება, მის მიმართ რაღაც შეღავათი იყოს დაშვებული. დარწმუნებული მინდა ვიყო იმაში და ვერც წარმომიდგენია სხვანაირად, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და შეიძლება, ვიღაცამ ისარგებლა და ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს".
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიშნს უგებს ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს: "კარმა ოხერი რამაა... სწორედ ღარიბაშვილის ბრძანებებით და განკარგულებებით ხდებოდა ჩემი წამება ციხეში. მან ჩემს გამო გააუქმა ქართველი და უცხოელი პარლამენტარების შემოსვლა და შესაბამისად მასთანაც არავის შეუშვებენ. და, როცა აშკარად ცუდად იქნება, მისი ყოფილი კოლეგები სიმულაციაში დაადანაშაულებენ"...მიშა იქვე ლაღობს, ღარიბაშვილი მალე დადუმდება, მაგრამ დიდი ზიანი დიქტატურას მან უკვე მიაყენაო.
მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი იხტიბარს არ იტეხს. ბოლო წერილში ახალი ძალით ესხმის თავს ყოფილ თანაგუნდელებს:
"ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ და აბოლუტურად არაადეკვატურმა ქცევამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა. საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი.
ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დროული და გამჭვირვალე განმარტებები გაეკეთებინა კონკრეტულ ფაქტებსა და დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, ვიხილეთ არასერიოზული გამოკითხვების სერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჩემი დაკავშირება "ნაციონალურ მოძრაობასთან" და პროცესის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და რადიკალურ ოპოზიციასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო. ამ დღეებში გავარკვიე, რომ თურმე "დიფ სტეიტის" აგენტი ვყოფილვარ და ამავდროულად, საფრანგეთის აგენტი...ტყუილად ნუ წვალობთ! როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისევე შეუძლებელია ჩემი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთმანეთთან დაკავშირება... ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი და საზოგადოება ჩემს სიტყვასა და თქვენს სიტყვას ძალიან კარგად განასხვავებს"...
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იძულებული გახდა პასუხი გაეცა: "ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერი კონკრეტული გაზეთის ბლოგერის დონეზე დავიდა". და იქვე დასძინა, რომ მისი წინამორბედის წერილები "არასერიოზულია, სასაცილო და ტრაგიკული".
ეჰ, ირაკლი, ირაკლი!
როგორ არ მემეტები სვავებადქცეული ვითომ პოლიტიკოსების მარაქაში რომ გაერიე. და არა მარტო მე. სოციალურ ქსელებში არაერთი შენი გულშემატკივარი გამოხატავს წუხილს: "რატომ, შვილო ირაკლი, რატომ უღალატე ხალხის ნდობას და სიყვარულს? ღირდა ამად ოქროს ზოდები?"; "ხომ გაგაფრთხილა ბატონმა ბიძინამ პირველი პრემიერობის შემდეგ, მიგეხედა შენი ოჯახისა და სანათესაოსთვის, ამოგედო იმათი მადისთვის ლაგამი?"; "როგორ მეგონა, რომ დალაგდებოდა ეს სიტუაცია" და ა. შ. და ა. შ.
ტვინს გვიბურღავს კითხვა: რა მოხდა და როგორ მოხდა? და, რაც მთავარია, რატომ მოხდა?
რა კარგ საქმეს იზამდი, პატივცემულო ექს-პრემიერო, თუ კიდევ ერთ, ამჯერად ბოლო წერილს დაწერდი და ამ კითხვებზე გაგვცემდი პასუხს!
ალეკო ასლანიშვილი



