ქუჯისა და ფარნავაზის სკულპტურა, ჯერ საქართველოში არ გვაქვს
ქუჯის და ფარნავაზის მონუმენტი, თავისი ისტორიული მნიშვნელობით, მრავალსაუკუნოვანი წარსულის, დღევანდელობისა და უკეთესი მერმისის ერთობლიობაა... ის იქნება ტრადიციების გაგრძელება და ამასთან, ახალი სიტყვა ჩვენს თანამედროვეობაში.

ქუჯისა და ფარნავაზის სკულპტურა -
საქართველოს ერთიანობის უანალოგო იდეის განსხეულება .
საქართველოში არსად დგას ქართველთა გამორჩეული წინაპრების ქუჯისა და ფარნავაზის მონუმენტი თუ ძეგლი. მინდა შევახსენო საზოგადოებასა ,რომ ქართლის მომავალმა მეფემ, ფარნავაზმა მაცნენი აახლა ეგრისის მეფეს და შეუთვალა „ ვიყვნეთ ჩვენ ძმა “ , მაშინ განიხარა ქუჯიმ და მიუგო „ აღდეგ და მოვედ ჩემ თანა “
ამით ქუჯიმ მკაფიოდ გამოხატა ქართული იდეის საბოლოო მიზანი, „ განიხარონ ყველა ქართველთა “ ეს აჩენს სურვილს საქართველოს გამთლიანების შანსის მიმართ. ქუჯისა და ფარნავაზის შეხვედრას მოყვა შეთანხმება და ერთიანი, ძლიერი ჯარის შექმნა და საბოოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვება.
ქართველთა ერთიანობის სიმბოლური და მხატვრული სახე ჯერ არსად დადგმულა. საზოგადოების დიდი სურვილია პატარა , კოლხურ ქალაქ სენაკში განთავსდეს ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ წოდებულ მეფეთა - ქუჯისა და ფარნავაზის მონუმენტი.
უკვეშე ქმნილია პოეტური ქანდაკების მცირე კომპოზიცია,რომელიც ერთგვარი მონახაზია მომავალი სკულპტურისა. მონუმენტის მაკეტის ავტორია მოქანდაკა გია ჯაფარიძე; არქიტექტორებია - ვახტანგ დავითაია და გიორგი ღვამბერიძე.
2017 წელს, ქუჯისა და ფარნავაზის ძეგლის შექმნისა და ლოკაციის შერჩევასთან დაკავშირებით, სენაკს, ხელისუფლების, არქიტექტორებისა და საზოგადო მოღვაწეების ჯგუფი ეწვია.
გაიმართა დისკუსია, რომელშც მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა დირექტორმა , დირექტორის მოადგილემ, მწერალმა გურამ ოდიშარიამ, მხატვარმა გიორგი გეგეჭკორმა, ადგილობრივი ინტელიგენციისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
სენაკის მუნიციპალიტეტიდან წამოსული ინიციატივა, რომელიც საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების მხარდაჭერით სარგებლობს, საქართველოს ერთიანობის უანალოგო ისტორიული ფაქტის სკულპტურაში ხორცშესხმით, მიზნად ისახავს, 27 საუკუნის შემდეგ, ახალი ძალით გააცოცხლოს ქვეყნის მომავალი გამთლიანების იდეა.
ჩვენი სამშობლო რომ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა ხელოვნების უნიკალურ ნიმუშთა თვალსაზრისით, ამას იუნესკოს სიაში შეტანილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების სიმრავლე ცხადყოფს.
თითოეული ქართული საგანძური იმდენად განუმეორებელია, რომ შეუძლებელია, რომელიმე მათგანს უპირატესობა მიანიჭო...
ქუჯის და ფარნავაზის მონუმენტი, თავისი ისტორიული მნიშვნელობით, მრავალსაუკუნოვანი წარსულის, დღევანდელობისა და უკეთესი მერმისის ერთობლიობაა...
ის იქნება ტრადიციების გაგრძელება და ამასთან, ახალი სიტყვა ჩვენს თანამედროვეობაში.
სამწუხაროდ, ,, საუკუნის პროექტად “ წოდებული სკულპტურის შექმნა ერთი, კონკრეტული მუნიციპალიტეტის, ან თუნდაც, ერთი რეგიონის ფინანსურ რესურსებს აღემატება.
აქედან გამომდინარე, ვთხოვ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატ. გიორგი გაბუნიასა და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ბატ. მიხეილ კიკნაძეს , თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ ისტორიული იდეის ხორცშესხმაში.
ბორის დავითაია



