ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საშინელი ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ციხეში მჯდომ, სასჯელმისჯილ ადამიანს, რა განსაცდელი შეიძლება დაემუქროს? რა და 15 წელი! ხოლო თუ სიმართლეს თვალებში ჩავხედავთ, ვინ იცის, იქნებ 20 წელი და მეტიც!
გულწრფელად ვიტყვი, როცა ირაკლი ღარიბაშვილი ჩასვეს და 5 წელი მიუსაჯეს, არცთუ მთლად გამოკვეთილი ბრალდებით, გული დამწყდა. იმიტომ რომ, ამ კაცის როგორც პოლიტიკური მოღვაწის მიმართ გარკვეული სიმპათიები მქონდა, ამას გარდა, მახსოვდა მისი მტკიცედ დგომა ევროკავშირის აშკარად გამოკვეთილი ანტიქართული გამოხდომებისადმი. მაშინ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დამაბნეველად პატარა სასჯელით და მოფერებასავით სულგრძელი სასამართლო პროცესით გადარჩა. არადა, კაცმა რომ თქვას, საკმაოდ ხელშესახები თანხა უპოვეს სახლში - 6, 5 მილიონი "დაპაჭკული" დოლარი. თითქოს ამხელა თანხა თავისთავად მოითხოვდა 10 ან 15 წელს, მაგრამ აიღეს და 5 წელი მისცეს! "მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა" (ძვირფას ადამიანში უთუოდ ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება) დაწერა ირაკლიმ. მაშინ ერთმა გამოცდილმა კაცმა მითხრა, ირაკლის, როგორც ჩანს, ყველაფერი ჯერ წინ აქვსო, ის ხომ როგორც სახელმწიფო გუნდის კორუმპირებული წევრი არ გაუსამართლებიათო. მის პარალელურად ლილუაშვილი და ბურჭულაძე სწორედ ამ რანგით გასამართლდნენ და კაი-კაი სასჯელებიც მიიღეს.
ახლა რა აუცილებლობამ შვა ეს ახალი ბრალი და, შესაბამისად, 11-15 წელი გარანტირებული ახალი სასჯელი? თუ ეს ჯერჯერობით ბუნდოვნად ჩანს ჩვენთვის, გამოძიების პროცესში ყველაფერს ნათელი მოეფინება, მით უფრო, რომ ღარიბაშვილმა "რაღაცის თქმა" დაიქადნა.
რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ არ მომხდარა...
ივლისში მან ციხეში მიიღო მამუკა მდინარაძის წერილი, რომლითაც ატყობინებდნენ, რომ იგი "პოლიტიკაში აპირებდა დაბრუნებას", დასაზღვევად საჭირო იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და მის მიერ ბრალის აღიარება. ეს იქცა წითელ ხაზად, რამაც ირაკლის გადაადგმევინა მის ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი: "რადგან სხვა გამოსავალი არა მაქვს, იძულებულს მხდიან დავიწყო ბრძოლა". ამ ბრძოლას ირაკლიმ წინ სამი განცხადება-წერილი წარუმძღვარა. პირველ წერილში ყველასთვის მოულოდნელად ბიძინა ივანიშვილი ახსენა: "დღეიდან ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას," - დაწერა მან. მეორე წერილში გაამჟღავნა მისთვის შეგზავნილი წერილის ავტორი - მამუკა მდინარაძე, ხოლო მესამე განცხადებაში ისრები ბიძინა ივანიშვილიდან მთლიანად ყოფილ თანაგუნდელებზე გადაიტანა: "მივმართავ ხელისუფლებას. თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ... მთელი ეს საშინელი ტკივილი და ტრაგედია, ყველაფერი მოთმინებით და მდუმარებით, ჩემს გულში დავიტიე ბიძინა ივანიშვილთან ჩემი 20 წლიანი ურთიერთობის გამო, ჩემი მისდამი უდიდესი სიყვარულის, პატივისცემის, უსაზღვრო მადლიერებისა და აბსოლუტური ერთგულების ძალით... შედეგად ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო... მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო: მე არავის არ ვებრძვი, მე მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ"!..
25 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე პირველი სხდომა გამართა, რომელსაც თავად ყოფილი პრემიერი არ დასწრებია, მან უარი განაცხადა პროცესებში მონაწილეობაზე და საპატიმროდან კიდევ ერთი წერილი გაავრცელა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. "ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემს წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები დაიცავენ...მოსახდენი უკვე მოხდა, ამიტომ ჩემი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა. ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს!"'- დაწერა ღარიბაშვილმა.
მაშ ასე, ერთ დროს ხალხში დიდად პოპულარულმა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისათვის ლამის კუმირად ქცეულმა ექს-პრემიერმა არჩევანი გააკეთა, არჩევანი, რომლისკენაც ასე დაჟინებით მოუწოდებდა რადიკალური ოპოზიცია: ელაპარაკა ხალხთან, ემხილებინა ყოფილი გუნდი და ამით წვლილი შეეტანა დღევანდელი "რეჟიმის" დამხობაში, რომლის ნაწილი ცოტა ხნის წინ თავად იყო!
X X X
ამასობაში ოპოზიციაში მონასტერი აირია და ერთმანეთის საცვლების გამომზეურება დაიწყეს.
ანა წითლიძე გვარამიას დაუპირისპირდა:
"ადამიანი, რომელსაც თვეში 85 ათასი ლარი ხელფასად ჰქონდა მაშინ, როცა მისი თანამშრომლების დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდა, შემდეგ, ესეც არ ეყო, ჯერ ბიძინას დავალებით "მთავარი არხი" დახურა, მერე კი ისევ იმ ადამიანებს მიადგა, ვინც ჩააცვა და ღალატის სანაცვლოდ 40 მილიონი აიღო..."
გვარამიამ პასუხად ენმ-ის წევრები დავით კირკიტაძე და რამაზ ნიკოლეიშვილი ჩაუშვა:
"დავით კირკიტაძემ ენმ-ისგან 9 მილიონად იყიდა ოფისი (პროქსის მეშვეობით) და დღეს ამ ოფისიდან ჩინურ მანქანებს ყიდის და ფულს აკეთებს... გაურკვეველია, თუ 9 მილიონი დაჯდა ანგარიშზე, რატომ ტირის ენმ, რომ არაფრის ფული არა აქვს, საკუთარი პარტიის პატიმრების ფულიც კი არ გადაუხდიათ...
გამოიკვეთა ორი პარტია - აფხაზეთის ჩამბარებელი მოღალატე "ქოცები" და ომის რიტორიკის მქადაგებელი უპასუხისმგებლო პოპულისტი "ნაცები". "გამოიკვეთა ორი პოზიცია:
1. "ქოცური"! ნდობის აღდგენა, რაც ფაქტობრივად იმეორებს ივანიშვილის "ბოდიში უნდა მოვიხადოთ"-ს და ითარგმნება, როგორც "აფხაზეთი უნდა დავივიწყოთ".
2. "ნაცური"! აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ ომით, რაც ფაქტობრივად ითარგმნება, როგორც უკიდურესი პოლიტიკური პოპულიზმი და ომის რიტორიკა".
არ დააყოვნა და დისკუსიაში მიხეილ სააკაშვილიც ჩაერთო: "პარტია "ახალი" თავიდანვე ნაციონალური მოძრაობის გასაყოფად შექმნილი ბიზნესპროექტი იყო, რომელიც დაფინანსების შეწყვეტისთანავე დაიშალა. დღეს კი ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ გილაურებისგან ათობით მილიონი აიღეს. გილაურების კეთილდღეობა კი მთლიანად ივანიშვილზეა დამოკიდებული. ფულს ივანიშვილის ნებართვის გარეშე ვერ მისცემდნენ".
გვარამიამ პირადი შეურაცხყოფით უპასუხა ყოფილ მამა-მარჩენალს: "ტრადიციულად ისევ გილაურების ფულზე ილაპარაკა გაიაგოხვიჩიებულმა პოლიტპატიმარმა. თურმე იმიტომ დაგვიჭირეს მე, ნიკა, ზურა და ელენე, რომ ბიძინა გადავაგდეთ (ანუ ბიძინასთან შეთანხმება დავარღვიეთ). ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია და მასთან ერთად მე არ ვაპირებ ამ ჭუჭყის ზელას" და ა. შ. და ა.შ.
პარლამენტარი ლევან მაჭავარიანი ასე გამოეხმაურა ოპოზიციაში არსებულ აურზაურს, კერძოდ, ანა წითლიძის განცხადებას, სადაც ის "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას "რუსთავი 2-ის", "მთავარი არხის" და შემდეგ ნაციონალური მოძრაობის გაძარცვაში ადანაშაულებს: "ნაცებმა პირდაპირ აღიარეს, რომ ნიკა გვარამიამ "რუსთავი-2" ნამდვილად გაძარცვა. ამ შემთხვევაში ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი მოტივატორი არის ფული და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე. ვაკვირდებით, როგორ ეზიზღებათ ამ ადამიანებს ერთმანეთი. რაც მთავარია, ისინი იბრძვიან ფავორიტობისთვის, იმისთვის, თუ ვინ გახდება გარე პატრონების ფავორიტი, იქიდან გამომდინარე, რომ ფავორიტს მიაქვს მეტი დაფინანება და ფავორიტი სარგებლობს მეტი პრივილეგიით".
...ან ახლა მაინც დავირაზმებით ყველანი, გავანძრევთ ხელს და დავამტკიცებთ, რომ ღირსი ვართ თავისუფლების, ან გავქრებით როგორც ერი...ახლა უიმედობის კი არა, გადამწყვეტი შემოდგომისთვის მომზადების დროა!
ჩვენს თავს უნდა შევუძახოთ - ან ახლა ან არასდროს!"
აშკარად იკვეთება, რომ ძვლებში დაშლილი ოპოზიცია ცდილობს ეს ახალი ეპიზოდი - ღარიბაშვილის ახალი სასამართლო პროცესი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ამიტომაც არის, რომ მეტ კონკრეტიკას უკიჟინებს. გვარამია-ზურაბიშვილი აქეზებენ, შენი პოზიცია ბუნდოვანია, რადგან გაუგებარია, ებრძვი ბიძინა ივანიშვილს, თუ ჯერ კიდევ ლოიალობას უცხადებო.
აქვე ირაკლის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: "ძალიან გააქტიურდნენ სააკაშვილები და მათი მეტასტაზები. თქვენ ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რამე გეშველებათ. მიუხედავად უამრავი უსამართლობისა და სიბინძურისა, რასაც ზოგიერთი ყოფილი "მეგობრისგან" ვიგებთ, ირაკლი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე. დარწმუნებული ვარ, იგი თავს მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში დაიცავს".