"გამარჯობა აფხაზეთო შენი"!.. | საქართველოს რესპუბლიკა
მთავარი
"გამარჯობა აფხაზეთო შენი"!..
დიდი იმპერიების გამოცდილი, მზაკვრული მეთოდი - დაყავი და იბატონე, ქართველი და აფხაზი ხალხების უძველესი ისტორიიდან წამოსულ ძმურ ურთიერთობას ვერ გააცამტვერებს, როგორც იტყვიან სანთელ საკმეველი თავის გზას არასდროს დაკარგავს...
5 წთ წაკითხვა
გაზიარება:
ბოლო წლებში აფხაზეთის არქიტექტურა თითქმის არ განვითარებულა!
"გამარჯობა აფხაზეთო შენი"!..
"გამარჯობა აფხაზეთო შენი, ლურჯო მთებო, "თეთრო სანატორია" - ასე იწყებს გალაკტიონი თავის ერთ-ერთ შესანიშნავ ლექს აფხაზეთზე. ვფიქრობ პოეტური იმპულსი თეთრი სანატორია ქართველი არქიტექტორების უმაღლეს შეფასებაა, რომლებსაც თავიანთი პროფესიონალური ოსტატობა არ დაუშურებიათ აფხაზეთის არქიტექტურული კეთილმოწყობისთვის, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ რუსი არქიტექტორებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ აფხაზეთის არქიტექტურას, უფრო მეტიც აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორია ერთგვარ შემოქმედებით საპაექრო არეალად იქცა ქართველ და რუს არქიტექტორებს შორის.
1933 წელს აკადემიკოს ვ.შჩუკოს და ვ.გელფრეიხის მიერ შედგენილ იქნა პროექტი აფხაზეთის მთავრობის სახლის, ქალაქ სოხუმში, მაგრამ ამ შენობის მხოლოდ გვერდითი ფლიგელები განხორციელდა. ამ ფლიგელების განხილვით აშკარად ჩანს, რომ ეს არქიტექტურა არ გამოირჩევა საბჭოთა კავშირში აშენებული იმ ნაგებობებისაგან, რომელიც რუსული კლასიციზმის ფორმებს ეფუძნებოდა და გამოკვეთილად ატარებდა ეგრეთწოდებული სტალინური არქიტექტურის ნიშან-თვისებებს. ფლიგელებს შორის დარჩენილ სივრცეში 1981 წელს აშენდა მრავალსართულიანი მაღლივი შენობა ლ. გოლუბოვსკის და ა. კალაბერნიკოვის პროექტით.
ოცდაათიანი წლების დასაწყისში მოსკოვის ქალაქგეგმარების ინსტიტუტის მიერ დამუშავებულ გენგეგმაზე დაყრდნობით 1939 წელს დამუშავდა სოხუმის ახალი დაგეგმარების პროექტი, სადაც მიწვევით საქართველოდან დაგეგმარებაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა არქიტექტორებმა ა. ნიკოლაიშვილმა და შ. გოგოლაშვილმა.
სტალინური არქიტექტურის გამოკვეთილი ნიშანთვისებებით გამოირჩევა 1938 წელს დაპროექტებული და აშენებული სასტუმრო "აფხაზეთი" ქალაქ სოხუმში - ავტორები: ი. გოლუბევი და ი. შჩუკო.
1936 წლის მნიშვნელოვან არქიტექტურულ გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში მოღვაწე ქართული არქიტექტურის დიდი თაყვანისმცემლის არქიტექტორ ნ. სევეროვის დასასვენებელი სახლი ქალაქ გაგრაში, არქიტექტორმა შენობა ორგანულად ჩართო ბუნებაში, ზღვის პირას კლდოვან ბორცვზე.
ამავე წელს ქალაქ გაგრაში აშენდა სასტუმრო "უკრაინა" - არქიტექტორი
აფხაზეთის არქიტექტურის განვითარებაში აღმავლობა შეინიშნება დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ.
ქართული ხუროთმოძღვრების სტილური ნიშნებით გამოირჩევა არქიტექტორ მ. ჩხიკვაძის ქალაქ სოხუმის ქართული თეატრის შენობა. პროექტის თანაავტორია არქიტექტორი კ. ჩხეიძე.
მნიშვნელოვან შენობად აღიარეს სოხუმის რკინიგზის სადგური - ავტორი ლ. მუშკუდიანი.
ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე, სოხუმის მთაზე დაპროექტდა და განხორციელდა კულტურის და დასვენების პარკი რომელიც 32 ჰექტარზეა განთავსებული - არქიტექტორები ო. ლითანიშვილი, თ. მაჭარაშვილი, ლ. მუშკუდიანი, თ. თელია ს. ცინცაბაძე.
რიწის ტბის ირგვლივ არქიტექტურული ობიექტების ორგანიზებაში, სავაჭრო და სამომხმარებლო შენობების დაპროექტებაში მონაწილეობას იღებდნენ არქიტექტორები: ლ. აბაშიძე, ა. რევაზიშვილი, თანაავტორები: ი.გაბიტაშვილი, მ.დევიძე, ნ. დოჭვირი
1968 წელს დამთავრდა საკურორტო კომპლექსი ბიჭვინთაში, რომელიც ერთიანი გეგმის მიხედვითაა გაშენებული არქიტექტორები: ა. პასოხინი, ა. დოიანცი, ვ. სვირსკი, ი. პოპოვი. კონსტრუქტორები: ს. შკოლნიკოვა, ვ. ნიკოლაევა. ბიჭვინთის არქიტექტურული ანსაბლის მხატვრულ დეკორატიული გაფორმების ხემძღვანელია მხატვარი ზ. წერეთელი.
არქიტექტურული შემოქმედებითი პალიტრა კიდევ უფრო გამდიდრდა სამოცდაათიან წლებში. აიგო სანატორიუმი "გაგრა" 1969 - წელს, არქიტექტორები ნ. ბელოუსოვა, ტ. ვინოგრადოვა, ი. შვარცბრეიმი, კონსტრუქტორი ფ. კოლოდნაია.
1970 წელს გაგრაში დაპროექტდა და აშენდა სასტუმრო "კოლხეთი", არქიტექტორი გ. ჯაფარიძე. ასევე საკურორტო სასტუმრო "გაგრიპში" არქიტექტორები: პ. ანდღულაძე, ო. დარჩიევი, ლ. ჟამიერაშვილი.
არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებითი დასასვენებელი სახლის არქიტექტორები არიან ვ. აბრამიშვილი, რ. ბაირამაშვილი, ი. ყავლაშვილი, დ. მორბედაძე, კონსტრუქტორი - შ. გაზაშვილი.
დასასვენებელი სახლი ახალ კინდღაში. არქიტექტორები: ნ. გვასალია, თ.გუნია, გ. ნადირაძე, გ. ხეჩინაშვილი.
80-იან წლებში კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა ქართველი არქიტექტორების მოღვაწეობა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
ინსტიტუტ "სახქალაქმშენპროექტმა" ამ წლებში არქიტექტორთა უძლიერესი ავანგარდი ჩართო პროექტირებაში. სამართლიანად უნდა მოვიხსენიოთ ის პროექტები, რომლებიც დამუშავდა და ობიექტური მიზეზების გამო ვერ განხორციელდა. ესენია: აფხაზეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, - კონკურსის პირველი პრიზის ლაურეატები არქიტექტორები ნ. მაღლაკელიძე და გ. გეგეშიძე. მეორე პრიზის მფლობელი არქიტექტორები ვ. დავითაია და ო. ნახუცრიშვილი დღევანდელი თვალსაწიერიდან სასურველი იქნებოდა ორივე საავტორო ჯგუფი გაერთიანებულიყო და ერთობლივი პროექტი შექმნილიყო, რაც სამწუხაროდ ვერ შესრულდა.
პანსიონატი "სკალას" რეკონსტრუქციის პროექტი - არქიტექტორი ლ. სიმონია და გ. გეგეშიძე. მსუბუქი მრეწველობის საკავშიროს სამინისტროს 300 კაციანი პანსიონატი - არქიტექტორი ჯ. ჩხეიძე და კ. მაჩაიძე; საბავშო ბაღი 280 ბავშზე - არქიტექტორები ჯ. ჩხეიძე, კ. მაჩაიძე, მ. ლაითაძე. საპარკო ზონა ახალ გაგრაში არქიტექტორები შ.დავითაშვილი, ჯ.ჩხეიძე, მ.პაპავა. თავდაცვის სამინისტროს პანსიონატი 420 ადგილზე არქიტექტორები ჯ. ჩხეიძე, მ. პაპავა, დ. ელოშვილი. პროპკავშირების ტურისტული კომპლექსი - არქიტექტორი შ. დავითაშვილი ზ. მოწონელიძე. არქიტექტორ ლ. გოშაძის ავტორობით შესრულდა ქალაქ გაგრის გენერალური გეგმა. აფხაზებთან დაკავშირებით დაგემილი და პროვოცირებული კომფლიქტის დაწყებამდე ქალაქ გაგრაში ძალიან ნაყოფიერ შემოქმედებით და აღმშენებლობით მოღვაწეობას ეწეოდნენ არქიტექტორები: მ. ლაითაძე, ზ. მამალაძე, ვ. ქობულია, გ. ჭიაურელი, ა. ბახტაძე, ვ. მიქელაძე ც. ჩიკვაიძე, ა. კიკნაძე, თ. მალანია.
საქართველოს დამსახურებულმა არქიტექტორმა მ. ლაითაძემ თავისი პროფესიული აღზევების წლები მთლიანად აფხაზეთის გამშვენიერებას მიუძღვნა. ის და მისი შემოქმედებითი ჯგუფი ლამის სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე მოღვაწეობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე.
არქიტექტორ მ. ლაითაძის ხელმძღვანელობით ქალაქ გაგრაში განხორციელდა კლიმატო-ბალნეოლოგიური ცენტრი 240 ადგილზე, ავტორები: მ. ლაითაძე, ზ. მამალაძე, გ. ჭიაურელი, ა. ბახტაძე, ვ. მიქელაძე. ამ პროექტს მიენიჭა არქიტექტურის საერთაშორისო ბიენალეს დიპლომი ნოვატორული პროექტის საუკეთესოდ განხორციელებისათვის 1987 წელს. ანალოგიური დიპლომით და მედლით აღინიშნა სახელმწიფო ბანკის შენობა ქალაქ გაგრაში.
თითქმის სამ ათეულ წელიწადზე მეტია რაც ძმათამკვლელმა საომარმა მოქმედებებმა აფხაზეთი საქართველოს დააშორა. ამ დროის განმავლობაში დადასტურდა, რომ აფხაზეთის თანამედროვე არქიტექტურა განვითარებას არ განიცდის და ეს კანონზომიერია, რადგან აფხაზეთი საქართველოს ისტორიული ნაწილია.
აფხაზთა ცხოვრების ტრადიციები გადაჯაჭვულია მეგრელების, სვანების, იმერლების, გურულების, აჭარლების, იმერლების ცხოვრების ტრადიციებთან, აქედან გამომდინარე ამ ხალხების არქიტექტურას ერთი საერთო ფესვები აქვთ და მისი აღზევების და შემდგომი განვითარების პირობა ისევ ერთად ცხოვრებას ეფუძნება.
დიდი იმპერიების გამოცდილი, მზაკვრული მეთოდი - დაყავი და იბატონე, ქართველი და აფხაზი ხალხების უძველესი ისტორიიდან წამოსულ ძმურ ურთიერთობას ვერ გააცამტვერებს, როგორც იტყვიან სანთელ საკმეველი თავის გზას არასდროს დაკარგავს.
თამაზ დოგრაშვილი,
არქიტექტორი
მთავარი
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო