“გლობალური ბირთვული წესრიგი აღარ არსებობს”
ბირთვული ბალანსი სწრაფად იცვლება, - წერს ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“... „გლობალური ბირთვული წესრიგი აღარ არსებობს. რა იქნება შემდეგ? „განკითხვის დღის“ საათი შუაღამემდე 85 წამს აჩვენებს“...

"გლობალური ბირთვული წესრიგი აღარ არსებობს”
ბირთვული ბალანსი სწრაფად იცვლება, - წერს ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ სარედაქციო სტატიაში სათაურით „გლობალური ბირთვული წესრიგი აღარ არსებობს. რა იქნება შემდეგ? „განკითხვის დღის“ საათი შუაღამემდე 85 წამს აჩვენებს“.
სამხრეთ კორეა და იაპონია ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ. ვადა გაუვიდა სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას. ჩინეთი უარს აცხადებს ბირთვული იარაღის კონტროლის მოლაპარაკებაზე. ექსპერტები გვაფრთხილებენ: ახალ გამალებულ შეიარაღებას ძალიან დიდი უბედურების პროვოცირება შეუძლია, საზოგადოებამ ეს უნდა გააცნობიეროს - ასეთია მასალის დედააზრი.
ათწლეულების განმავლობაში შემუშავებული ხელშეკრულებების მოქმედების შეწყვეტის კვალობაზე, სახელომწიფოები, რომლებსაც ადრე არ სურდათ ბირთვული იარაღის შეძენა, დღეს პოზიციებს იცვლიან, „განკითხვის დღის“ საათი შუაღამემდე 85 წამს აჩვენებს (ანუ მსოფლიო გლობალურ ბირთვულ აპოკალიპსს ისტორიულად ყველაზე მეტად მიუახლოვდა).
აშშ და რუსეთი, რომელთა წილი მსოფლიოს ბირთვულ არსენალში 86%-ს შეადგენს, 1972 წლიდან პირველად არიან თავისუფალნი შეიარაღების შეზღუდვისაგან, მათ ერთმანეთთან ამ სფეროში არანაირი ხელშეკრულება აღარ აკავშირებთ. „შემტევი შეიარაღების შეზღუდვა - III“ (СНВ-III / New START), რომელსაც 2010 წელს ხელი ბარაკ ობამამ მოაწერა და ჯო ბაიდენმა 2021 წელს გააგრძელა, ამჟამად უკვე ძალადაკარგულია - მას ვადა თებერვალში გაუვიდა. მართალია, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სათვის უფრო მომგებიან დოკუმენტს გავაფორმებთო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჰორიზონტზე მსგავსი არაფერი ჩანს.
მრავალპოლუსიანი მსოფლიოს დროს შეიარაღებისადმი ორმხრივი კონტროლი აზრს კარგავს, რადგან ბირთვული იარაღის მქონე მესამე ქვეყნები პირველ ორს არაფერს ეკითხებიან და საკუთარი ნებით მოქმედებენ. ჩინეთი, რომელიც 500-ზე მეტ ბირთვულ ქობინას ფლობს, აგრძელებს თავისი ატომური პოტენციალის ზრდას და უარს აცხადებს რუსეთსა და აშშ-სთან მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე.
ჩრდილოეთ კორეის არსენალში, ექსპერტთა მიახლოებითი შეფასებით, 50 ბირთვული ქობინა ინახება, მზად არის შესაბამისი მასალები კიდევ 90 ქობინის დასამზადებლად. ფხენიანს საკმაო ბირთვული პოტენციალი აქვს, მაგრამ ჩრდილოეთ კორეა 2019 წლიდან მოლაპარაკებას თავს არიდებს. იმის გამო, რომ სამხრეთ კორეას და იაპონიას ჩრდილოეთ კორეისაგან თავდასაცავად აშშ-ის მხრიდან საიმედო გარანტიები არ აქვს, სეული და ტოკიო იძულებულნი ხდებიან თვითონ იფიქრონ საკუთარ თავდაცვაზე: გამოკითხვების თანახმად, სამხრეთ კორეის მოქალაქეთა თითქმის 70% მხარს უჭერს საკუთარი ბირთვული ბომბის შექმნას.
მართალია, იაპონია აგრძელებს „სამი პრინციპის“ დაცვას - არ შეინახოს, არ აწარმოოს და არ განალაგოს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი, მაგრამ პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიტი ნელ-ნელა რიტორიკას ცვლის, თავდაცვის მინისტრმა სინძირო კოიძუმიმ კი, ტაბუს მიუხედავად, თავდაცვითი ხარჯების მომატებაზე დისკუსიის ინიცირება მოახდინა



