ემუქრება თუ არა ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას გადაშენებით?
კაცობრიობას ექვსიდან ერთი შანსი აქვს, რომ მიმდინარე ასწლეულის დასასრულამდე გაქრეს. ეს არ მოხდება გიგანტური ასტეროიდის ჩამოვარდნის და რომელიმე ვულკანის სუპერ-ამოფრქვევის შედეგად (რისკები 1:10000-სთან). არც ბირთვული ომის ან კლიმატური კატასტროფის გამო (რისკები 1:1000-თან). რაც შეეხება პანდემიებს, რისკები უფრო მაღალია - 1:30-თან, ხოლო უბედურება ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი „ხელოვნური ინტელექტის“ (AI - Artificial Intelligence) დაპირისპირებით ადამიანთა საზოგადოებასთან (რისკები 1:10-თან).

„ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის არსებობისათვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს“, - ნათქვამია ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ემუქრება თუ არა ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას გადაშენებით? მეცნიერთა პესიმისტური და ოპტიმისტური პროგნოზები“ (ავტორი - სტივ ტენრე). „ადამიანთა მოდგმის ნეიროქსელებით დაღუპვის შანსი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ბირთვული ომით და სხვა გლობალური კატასტროფით“, - ნათქვამია მასალაში.
კაცობრიობას ექვსიდან ერთი შანსი აქვს, რომ მიმდინარე ასწლეულის დასასრულამდე გაქრეს. ეს არ მოხდება გიგანტური ასტეროიდის ჩამოვარდნის და რომელიმე ვულკანის სუპერ-ამოფრქვევის შედეგად (რისკები 1:10000-სთან). არც ბირთვული ომის ან კლიმატური კატასტროფის გამო (რისკები 1:1000-თან). რაც შეეხება პანდემიებს, რისკები უფრო მაღალია - 1:30-თან, ხოლო უბედურება ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი „ხელოვნური ინტელექტის“ (AI - Artificial Intelligence) დაპირისპირებით ადამიანთა საზოგადოებასთან (რისკები 1:10-თან).
ეს ციფრები მოგონილი არ გახლავთ. ისინი ამოღებულია ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული „კაცობრიობის მომავლის ინსტიტუტის“ (Future of Humanity Institute) მასშტაბური კვლევიდან. ინსიტიტუტის წამყვანი თანამშრომელი ტობი ორდი არც ფანტაზიორი არ არის და არც კონსპიროლოგი. იგი სერიოზული მეცნიერია, კონსულტაციებს უწევს რიგ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ორგანიზაციებს - გაეროს, ჯანმოს და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს. ტობი ორდის პროგნოზებს იზიარებენ კალიფონიის (აშშ) მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიულ ზონაშიც - „სილიკონის (სილიციუმის) ველზეც“.
2023 წლის ოქტომბერში ხელოვნური ინტელექტის 2700-მდე მკვლევარს, რომლებმაც „გონიერი რობოტების“ შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი, კითხვა დაუსვეს „ხელოვნური ინტელექტის“ პერსპექტივის თაობაზე, ანუ თუ როგორ ხედავენ ისინი „ადამიანი-რობოტების“ მომავალს. შედეგი: ალბათობა იმისა, რომ „ხელოვნური ინტელექტი“ კაცობრიობას დაღუპავს, დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 51%-მა, რისკით 1:10-თან. იმავე წელს 100-ზე მეტმა ცნობილმა პიროვნებამ, ილონ მასკისა და კომპანია Apple-ს თანადამფუძნებელ სტივ ვოზნიაკის ჩათვლით, ხელი მოაწერეს ღია წერილს მოწოდებით, რომ აუცილებელია სასწრაფო მორატორიუმის შემოღება „ხელოვნური ინტელექტის“ განვითარებაზე. „რამდენად მიზანშეწონილია ისეთი არადამიანური გონების შექმნა, რომელიც თავის შემქმნელ ადამიანებზე უპირატესობას მოიპოვებს რიცხობრივად და ინტელექტუალურად? და რაც მოსალოდნელია - ის ადამიანს - ჩაანაცვლებს?“, - ნათქვამია წერილში, მაგრამ კითხვები უპასუხოდ დარჩა.
დღეს, როცა „ხელოვნური ინტელექტის“ განვითარებაში ასობით მილიარდი დოლარის ინვესტიციები იდება, „ხელოვნური ინტელექტის კვლევის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა 81-გვერდიანი მოხსენება, რომელშიც გამოხატულია აზრი ამ დარგში კვლევების სტრატეგიის შემუშავებაზე - შეიზღუდოს ისეთი მიმართულებებით კვლევა, რომლებიც საფრთხის შემცველია და ადამიანს თავის წინააღმდეგ შეიძლება შემოუბრუნდეს. ინსტიტუტის აზრით, „ხელოვნური ინტელექტის“ ამჟამინდელი განვითარების ტრაექტორია, დიდი ალბათობით, კატასტროფას გამოიწვევს და კაცობრიობას გადაშენებით დაემუქრება“.



