ხუდოჰესის მშენებლობას თუ არ დავუშვებთ, საბჭოთა კავშირის ეკონომიკა ჩამოიშლება და ქართველებს ხელ-ფეხი გაგვეხსნებაო, „აბოლებდნენ“ გულუბრყვილო ადამიანებს მწვანეთა მოძრაობის აქტივისტები, რაც პოლიტიკური მიამიტობის გამოვლინება იყო
ავტორი თეიმურაზ ჯანელიძე7 წთ წაკითხვა
გაზიარება:
თუ მომეც, რაღათ წამართვი!!!
ახალი წელი ბედობისაა, როგორი განწყობითაც შეხვდები, მთელი წლის განმავლობაში ისეთივე განწყობით იქნებიო, თქვა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ოტია იოსელიანმა.
სავარაუდოდ, ამიტომაც არის, ყველა შესაძლო გზით რომ ვცდილობთ, პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ და დამდეგ ახალ წელს დადებითი ემოციებით შევხვდეთ.
არაერთი ცხოვრებისეული სირთულის მიუხედავად, ასე იქნებოდა 2026 წლის შემთხვევაშიც, ისეთი გარემოება რომ არა, რამაც გასული საუკუნის შავბნელი 90-იანები და ყბადაღებული მეცხრე ბლოკი გამახსენა. კერძოდ, 29 დეკემბრის დილის 11 საათზე ავარიულად გამორთული ელექტრო ენერგიის მიწოდება მხოლოდ 75 საათის შემდეგ, პირველი იანვრის 14 საათზე გახდა შესაძლებელი ანუ 2026 წელს სანთლის შუქზე, რომანტიკულ გარემოში შევხვდით ბედის ანაბარად მიტოვებული ოჯახები.
იმერეთის ყოფილი გუბერნატორის თემურ შაშიაშვილის ინფორმაციით, 1989 და 1990 წლებში მხოლოდ ქუთაისი მოიხმარდა 300 მეგავატ ელექტროენერგიას, რაც დღევანდელ პირობებში 45 მეგავატამდე ყოფილა ჩამოსული და სად არის აქ ლოგიკა, პატივცემულო ბატონებო?!
თუ ხართ წყლისა და ელექტროენერგიის მომხმარებელი და მიგაჩნიათ, რომ ირღვევა თქვენი უფლებები, მიმართეთ მარეგულირებელ კომისიასო, მოგვიწოდებენ ტელეეკრანიდან, რაც მოსახლეობაზე ზრუნვის გამოხატულებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ როგორ უნდა მოგმართოთ, როცა თვითონვე ხართ ტარიფის გაძვირების ხელშემწყობი?
ელექტრო მომარაგების სისტემაში მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული და თუ დროზე არ მივიღეთ ეფექტური ზომები, კოლაფსი გარდაუვალიაო, რომ აცხადებენ ამ სფეროს მესვეურები, გულწრფელად მაინტერესებს, ვისი დაუდევრობით მივიდა მდგომარეობა იქამდე, რომ საგანგებო ზომების მიღება გახდა აუცილებელი!
თუ გადაჭარბებულ ცნობისმოყვარეობად არ ჩამეთვლება, ისიც მაინტერესებს, რატომ არ განიხილება ინტენსიურად დაკონსერვებული „ხუდონჰესის“ მშენებლობის განახლების საკითხი სამთავრობო დონეზე, ან რატომ არის მიყურისძირებული ნამახვანჰესის თემა, რომელიც ავანტიურისტი პოპულისტების მიერ აგორებული პროტესტის გამო იქნა შეჩერებული, რის სანაცვლოდაც, კონტაქტორ კომპანიას ათეულობით მილიონი დოლარის კომპენსაციას ვუხდით პირგასამტეხლოს სახით!
სიტყვა პოპულისტი აქ შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან სწორედ ამ კატეგორიის მედროვეებს უნდა ეკისრებოდეს თუნდაც მორალური პასუხისმგებლობა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რისთვისაც 40 მილიონი მანეთი იყო გამოყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ!
ხუდოჰესის მშენებლობას თუ არ დავუშვებთ, საბჭოთა კავშირის ეკონომიკა ჩამოიშლება და ქართველებს ხელ-ფეხი გაგვეხსნებაო, „აბოლებდნენ“ გულუბრყვილო ადამიანებს მწვანეთა მოძრაობის აქტივისტები, რაც პოლიტიკური მიამიტობის გამოვლინება იყო. სხვათაშორის, „მწვანეების“ გამოცდილება გაიზიარა ახალბედა პოლიტიკოსის ზვიად ძიძიგურის დაჯგუფებამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ მისი მშობლიური სამტრედიის სარკინიგზო კვანძის პარალიზება საბჭოთა კავშირის დაშლას დააჩქარებდა და საქართველოს ნანატრ თავისუფლებას მოუტანდა, რაც მიამიტობასთან ერთად, პოლიტიკური უვიცობის კლასიკური მაგალითი იყო!
სიყალბე, სიცრუე და ორპირობა რომ დასაშვებია ქართულ პოლიტიკაში და ნებისმიერი რანგის პოლიტიკოსები ურცხვად იტყუებიან, ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, მაგრამ ვერაფერი გაგვიწყვია. ეს სიტუაცია ხატოვნად არის განმარტებული ლავროვის ფუნდამენტურ ნაშრომში „კარმის დიაგნოსტიკა“: „არსებობს ცხვრის ფარა და არსებობს მგლების ხროვა, პოლიტიკოსი კი იქ არის, ვინც კეთილდღეობას უნდა დაპირდეს როგორც ერთს, ისე ორივე დაარწმუნოს, რომ ყველაფერს გააკეთებს მათი ინტერესების დასაცავად. პოლიტიკოსისათვის ყველაზე სწორი საქციელია, ერთიც მოატყუოს და მეორეც - პოლიტიკა ხომ ჩვენი შინაგანი მსოფლმხედველობაა“.
„რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა,
მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?!“
როგორც ჩანს, ასეთი მორალური სისპეტაკე შუა საუკუნეებში იყო მიღებული, როცა სიცრუე და ორპირობა ღირსების შემლახავ მოქმედებად მიიჩნეოდა საქართველოში.
რაც უნდა უსიამოვნო იყოს ამის აღიარება, ყოველგვარი მიეთ-მოეთის გარეშე უნდა ითქვას, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ფრიადზე აქვთ ის გამოცდა ჩაბარებული, ჩვენი ანუ ამომრჩევლის ბედოვლათობის წყალობით და ყოველი არჩევნების შემდგომ პერიოდებში ახალ-ახალი სიურპრიზებით რომ გვანებივრებენ! აბა, წარმოვიდგინოთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებას გაკვრით მაინც რომ ეთქვა, ენერგომომარაგების სისტემა სავალალო დღეშია და ტარიფის გაზრდას არ გამოვრიცხავთო, გაცილებით მეტი ამომრჩეველი გამოუცხადებდა ნდობას ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა ლიდერებს მიმზიდველი დაპირებები ჰქონდათ საარჩევნო პროგრამებში გაწერილი.
მარტო დენის საფასურის გაზრდაზე რომ იყოს საუბარი, კიდევ მოითმენდა კაცი, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა საწვავთან დაკავშირებით. გაზაფხული ძალაშია შესული, ხვნა-თესვის სამუშაოები კარზეა მომდგარი და დიზელის საწვავის ღირებულება ოთხ ლარს არის გადაცილებული.