2007 წლის 10 აგვისტოს, გამომცემლობა "სამშობლოდან" ჟურნა-გაზეთების რედაქციების დაუნდობლად გამოყრა და ღია ცის ქვეშ უპატრონოდ მიგდებაც დადგმული იყო?!
წამლის ჩადება, იარაღის ჩადება, უდანაშაულო ადამიანის ერთ ღამეში „ნარკომანად“, „ბანდიტად“, „ტერორისტად“ ან „სახელმწიფოს მტრად“ გამოცხადება, შემდეგ კი ტელეეკრანებიდან მისი ღირსების საჯარო დასაფლავება, ეგეც დადგმული იყო?
ის შავი პრაქტიკა, როცა ადამიანს ჯერ აკავებდნენ, მერე „მტკიცებულებას“ უჩენდნენ, მერე სასამართლოს წინასწარ დაწერილ განაჩენს აკითხებდნენ და ბოლოს მთელ ოჯახს აიძულებდნენ, ან გაჩუმებულიყო, ან გადარჩენისთვის ევაჭრა, ეგეც დადგმული იყო?
იარაღის და ნარკოტიკის ჩადებით ადამიანების გატეხვა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, არასასურველი ახალგაზრდების, აქტიური მოქალაქეების და დაუმორჩილებელი ადამიანების კრიმინალებად გადაღებვა, ეგეც დადგმული იყო?
ის ქვეყანა, სადაც პოლიციური მანქანა ადამიანს დანაშაულს კი არ უმტკიცებდა, არამედ საჭიროების შემთხვევაში დანაშაულს თვითონ უქმნიდა, ნივთმტკიცებას თვითონ უგონებდა, ბრალს თვითონ აკერებდა და მერე ამ ყველაფერს „კანონის უზენაესობას“ ეძახდა, ეგეც დადგმული იყო?
2010 წლის ის სამარცხვინო ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, როცა ტელეეთერიდან ხალხს რუსული შემოჭრის, ხელისუფლების დამხობის და სახელმწიფო კატასტროფის იმიტაცია აყურებინეს, პანიკაში ჩააგდეს ქვეყანა და შემდეგ ამას „სატელევიზიო ფორმატი“ დაარქვეს, ეგეც დადგმული იყო?
ის ჯოჯოხეთური მუქარები, როცა ადამიანს ეუბნებოდნენ, რომ ოჯახს გაუნადგურებდნენ, ახლობლებს დაუჭერდნენ, შვილს მომავალს წაართმევდნენ, ცოლ-შვილს შეურაცხყოფდნენ, დაამცირებდნენ და ამ ყველაფერს თვალწინ აყურებინებდნენ, ეგეც დადგმული იყო?
ქონების ახევის შემდეგ გამარჯვებული სახეებით გამოსვლა და ხალხისთვის იმის მოყოლა, თითქოს ბიზნესმენმა მილიონიანი ქონება სახელმწიფოს ნებაყოფლობით „აჩუქა“, თითქოს ადამიანი შუაღამისას შიშისგან კი არა, პატრიოტული აღმაფრენით მიდიოდა ნოტარიუსთან, ეგეც დადგმული იყო?
ბათუმში, სიღნაღში, ქობულეთში, ანაკლიაში და სხვა „ახალ ტურისტულ ზონებში“ ადამიანებისთვის ქონების ჩამორთმევა, მშობლიური სახლებისა და მიწების ძალით დაცლა, კერძო საკუთრების სახელმწიფო დეკორაციად გადაქცევა, ეგეც დადგმული იყო?
ის სისტემა, სადაც პროკურორი გამომძიებელი კი არ იყო, არამედ რეკეტიორი კოსტიუმში; მოსამართლე მართლმსაჯულების მსახური კი არა, რეჟიმის ბეჭედი; პოლიციელი კანონის დამცველი კი არა, პოლიტიკური დავალების შემსრულებელი; ხოლო ბიზნესმენი მოქალაქე კი არა, დასაწველი რესურსი, ეგეც დადგმული იყო?
ადამიანების დაჭერა არა იმიტომ, რომ დამნაშავეები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ფული ჰქონდათ, ქონება ჰქონდათ, ტელევიზია ჰქონდათ, გავლენა ჰქონდათ, პოლიტიკური პოზიცია ჰქონდათ, ან უბრალოდ ნაცებს თვალში არ მოუვიდნენ, ეგეც დადგმული იყო?
მერაბიშვილის პოლიციური სახელმწიფო, სადაც პოლიციელი კანონის დამცველი კი არა, რეჟიმის ნერვული სისტემა იყო, ხოლო მოქალაქე არა უფლებების მქონე ადამიანი, არამედ დასაშინებელი ობიექტი, ეგეც დადგმული იყო?
ის საქართველო, სადაც სახელმწიფო ადამიანის ღირსებას ჯერ აუპატიურებდა, მერე ქონებას ართმევდა, მერე თავისუფლებას უქრობდა, მერე ყველაფერს რეფორმის, წესრიგის, მოდერნიზაციისა და „ნულოვანი ტოლერანტობის“ ბრჭყვიალა სიტყვებით ფარავდა, ეგეც დადგმული იყო?
ის სისხლი, ის წამება, ის ცრემლი, ის დამცირება, ის დანგრეული ოჯახები, ის დაღუპული ახალგაზრდები, ის ცოცხლად დამარხული ღირსება და ის მთელი თაობის მეხსიერებაში ჩაბეჭდილი სახელმწიფოებრივი სადიზმი, ეგეც დადგმული იყო, თქვენ სულით, გონებით, გულით და ხორცით ავადმყოფებო?
არა, ეს ყველაფერი დადგმული არ ყოფილა.
დადგმული იყო მხოლოდ თქვენი სინდისის იმიტაცია.
დადგმული იყო თქვენი მორალის დეკორაცია.
დადგმული იყო თქვენი „რეფორმატორობის“ თეატრი.
დადგმული იყო ის ცინიკური ნიღაბი, რომლითაც დღემდე ცდილობთ, სისხლს საღებავი დაარქვათ, წამებას - მონტაჟი, ტერორს - რეფორმა, ქონების ახევას - სამართალი და სახელმწიფო სადიზმს ისტორიული აუცილებლობა.
ამ ყველაფრის უარყოფა, უბრალოდ, პოლიტიკური სიჯიუტე არ არის. ეს არის მორალური სიმახინჯე. ეს არის ისტორიული დანაშაულის გამართლება. ეს არის მსხვერპლთა სულებში ჩაფურთხება და ჯალათების მხარეს შეგნებულად დადგომა.
ვინც ამ ტრაგედიებს „დადგმულს“ უწოდებს, ის უბრალოდ უტიფარი კი არა, იმ სისხლიანი სისტემის იდეოლოგიური ნარჩენია. ის იმ რეჟიმის მორალური გამგრძელებელია, რომელიც ადამიანს ჯერ ღირსებას ართმევდა, მერე თავისუფლებას, მერე ქონებას, ბოლოს კი, საჭიროების შემთხვევაში, სიცოცხლესაც.
სინამდვილეში, ეს იყო სახელმწიფო მანქანად ქცეული შანტაჟი, კანონის ენაზე ნათარგმნი ბანდიტიზმი, პროკურატურის კაბინეტებში დაკანონებული რეკეტი და პოლიციური ძალაუფლებით შენიღბული პოლიტიკური სადიზმი.
ასეთ რეჟიმს ცივილიზებულ სახელმწიფოს კი არა, ადამიანებზე ექსპერიმენტების ლაბორატორიას ეძახიან.
მაგრამ ეს ქვეყანა ბრმა არ არის;
ეს საზოგადოება მეხსიერებადაკარგული არ არის;
ეს სისხლი მიწას არ შეშრობია;
ეს ტკივილი არქივში არ ჩაკეტილა;
ისტორიას თქვენი ავადმყოფური ნარატივებით ვერ გადაწერთ;
სისხლს ვერ გააუფერულებთ;
წამებას ვერ გააქრობთ;
მიცვალებულებს ვერ გააჩუმებთ;
და სიმართლეს ვერ მოკლავთ!!!
ირაკლი ყიფიანი
დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ისევ არის პრეტენდენტი ქვეყანა, რომელსაც ნატოში შესვლა სურს, მაგრამ დღევანდელი კონფიგურაცია ბევრად რთულია 1952 წელთან შედარებით. რუსეთის მოთხოვნები მასშტაბურია, მოსკოვის პოზიცია კი მკაცრი. ესკალაციის საფრთხე რეალურია. ამერიკას ევროპიდან წასვლა სურს, ევროპელები კი, თავის მხრივ, ნერვიულობენ და ისე არაპროგნოზირებულად მოქმედებენ როგორც არასდროს.