აღდგომა და ხვალეო! როგორ დასრულდება ეს მსოფლიო დამიჭი-გამიშვი? | საქართველოს რესპუბლიკა
პოლიტიკამოსაზრება
აღდგომა და ხვალეო! როგორ დასრულდება ეს მსოფლიო დამიჭი-გამიშვი?
ავტორი ალეკო ასლანიშვილი7 წთ წაკითხვა
გაზიარება:
ავტორი
ალეკო ასლანიშვილი
საწუხარს რა გამოლევს!
აღდგომა და ხვალეო!
როგორ დასრულდება ეს მსოფლიო დამიჭი-გამიშვი?
მთელი მსოფლიო სულის კაწკაწით ელოდა 7 აპრილის ღამეს, როცა უნდა დაწყებულიყო ირანული ცივილიზაციის განადგურება (პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებით), უპირველესი სამიზნეები იყო ხიდები და ელექტროსადგურები, მაგრამ ხალხმა ცოცხალი ჯაჭვი შემოავლო თითოეულ სამიზნეს და გადაარჩინა ისინი, ჯერჯერობით მაინც!.. ხიდებისა და ელექტროსადგურების აფეთქება კვლავ რჩება თეთრი სახლის დღის წესრიგში. პაკისტანის ჩართულობით მოხერხდა ორკვირიანი ვადის დათქმა ცეცხლის შესაწყვეტად, ოღონდ, შეთანხმებაში არ შევიდა ლიბანი, რომელიც განუწყვეტლივ იბომბება ისრაელის მიერ.
ეს შეთანხმება ომის სამივე მონაწილემ საკუთარ დიდ გამარჯვებად გამოაცხადა.
"ეს არის ჩვენი სრული და აბსოლუტური გამარჯვება 100 პროცენტით", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა.
"დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ, აშშ ვაიძულეთ ჩვენი 10 პუნქტიანი გეგმა მიეღო. მტერმა ირანელი ერის წინააღმდეგ უსამართლო, უკანონო და დანაშაულებრივ ომში უდავოდ ისტორიული და გამანადგურებელი მარცხი განიცადა. მტრის მიერ დაშვებული უმცირესი შეცდომის შემთხვევაში სრული ძალის გამოყენებით გავცემთ პასუხს," - დაწერა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ.
"თითი სასხლეტზეა. ეს დასასრული არ არის," - ეს ფრაზა ნეთანიაჰუმ შეთანხმებისთანავე გააჟღერა და იმავე დღეს ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა ლიბანზე, ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე და ბექაას აღმოსავლეთ ველზე. მისი თქმით, სულ რაღაც 10 წუთში 100-ზე მეტი სამეთაურო ცენტრი და სამხედრო ობიექტი დაბომბეს. დაიღუპა 250-მდე და დაშავდა 1100-ზე მეტი ადამიანი.
შეთანხმების დადება ჰაერივით აუცილებელია. პრეზიდენტი ტრამპი კვლავ იმუქრება, თუ ისინი შეთანხმებას არ დადებენ, ირანში ყველაფერს ავაფეთქებთ და ნავთობს ხელში ჩავიგდებთო, "გიჟო ნაძირლებო", გახსენით ჰორმუზის სრუტეო!..
იმავე დროს, თურმე, "ამერიკის მიზანი არ იყო ირანის რეჟიმის შეცვლა, რადგან მისი ყველა თავდაპირველი ლიდერი დაიღუპა. ახალი ჯგუფი ნაკლებად რადიკალური და ბევრად უფრო გონივრულია. ირანის წინააღმდეგ ომი დასასრულს უახლოვდება, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ: გავანადგურეთ მათი სამხედრო ფლოტი, საჰაერო ძალები და რაკეტები. მათ აღარ შეუძლიათ შექმნან ბირთვული ბომბი. ჩვენ ჯერ არ შევხებივართ ნავთობს". ტრამპი მიმართავს ქვეყნებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საწვავის მიღება, რომლებიც უარს ამბობენ ირანის ომში მონაწილეობაზე, "მოიკრიბეთ დაგვიანებული გამბედაობა, შედით ჰორმუზის სრუტეში და უბრალოდ აიღეთ, რთული ნაწილი დასრულებულია".
"ყოვლის შემძლე ღმერთის ნებით ეს ომი გაგრძელდება თქვენს დამარცხებამდე, შემუსვრამდე და სამუდამო დანებებამდე," - უპასუხა ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ტრამპს. მანამდე ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ამერიკულ საზოგადოებას მიმართა, რომ გაიხედონ რიტორიკის მიღმა, რომ ირანთან ომი არ ემსახურება ამერიკელი ხალხის ინტერესებს. გაიაზრონ, ნამდვილად შედის თუ არა "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" მათი მთავრობის პრიორიტეტებში, თუ ის მოქმედებს როგორც ისრაელის წარმომადგენელი.
ტრამპი სპარსეთის ყურის რეგიონში სწრაფი რეაგირების ძალებს უყრის თავს. ეს სამხედრო დანაყოფები სახმელეთო ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი, ბოლოს ჰორმუზის სრუტის ბლოკადა მოახდინა, რომლის პასუხადაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ახალი განცხადება გაავრცელა: თუ ომი გაგრძელდება, ჩვენ გამოვიყენებთ ისეთ იარაღებს, რომელთა შესახებ მტერს წარმოდგენაც კი არა აქვს და რომელთათვისაც წინააღმდეგობის გაწევისთვის მტერს ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები ექნებაო.
X X X
მაშინ, როდესაც მსოფლიო ყალყზეა შემდგარი, საქართველო აქცენტირებული რჩება მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, რადგან მსოფლიოს მრავალ კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები. მტკიცედ ითქვა, რომ მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს.
ამასობაში "ლელო-ძლიერი საქართველო" გამოდის ინიციატივით ანაკლიის პორტს დაერქვას დონალდ ტრამპის სახელი. პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ ამიერკავკასიაში გაჩნდა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, რომელსაც ეწოდა "ტრამპის გზა". ამ გზამ ვერ უნდა აუაროს გვერდი საქართველოს. ამის განხორცილება კი შესაძლებელია მხოლოდ ანაკლიის პორტის აშენებით, რაც იქნება "ტრამპის გზის" ლოგიკური გაგრძელება. მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ანაკლიის პორტს დაერქვას ტრამპის სახელი და ის გახდეს "ტრამპის გზის" კარიბჭე დასავლეთ სამყაროსთვის... ჩვენი გუნდი მზად არის ახლაც და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე (?!) უზრუნველყოს ყველა ამ პირობის შესრულება".
უნგრეთში ვიქტორ ორბანის დამარცხებამ ახალი იმედები გაუჩინა ქართულ ოპოზიციას. "ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!" - დაწერა სააკაშვილმა. იმის ფეხის ხმას მთელი ოპოზიცია აჰყვა. პარლამენტარ ნინო წილოსანის შეფასებით კი ქართველ რადიკალებს ტყუილად უხარიათ, მათ ნული შანსი აქვთ და უნგრეთთან პარალელის გავლება სრული აბსურდია: "აქაური გაცამტვერებული ოპოზიციისგან განსხვავებით, უნგრეთში გამარჯვებულმა პარტიამ ხალხის 54 პროცენტამდე მხარდაჭერა უჩვენა, რისი სერიოზული ნაკლებობაც აქვთ ჩვენს ოპონენტებს. პირიქით, სწორედ 56 პროცენტიანი და მეტი მხარდაჭერა ერგო სხვადასხვა არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხისგან. ამიტომ ამ პარალელების გავლება სრული აბსურდია".
9 აპრილს, როგორც ყოველთვის, ხალხმა პატივი მიაგო 9 აპრილის მსხვერპლთ. მემორიალთან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კაბინეტის წევრებთან ერთად მივიდნენ და გვირგვინებით შეამკეს. ჩვენმა ევროპული მომავლის მცველებმა ყიჟინა დაახვედრეს: "მონებო!" "რუსებო!" ერთმა აქტივისტმა კი მათ მიერ მიტანილი გვირგვინების გადაყრა სცადა, რისთვისაც სამართლამცველებმა დააკავეს. გლახად აღერღილი დახვდა შუა გზაში კულტურის მინისტრის მოადგილეს ბექა დავითულიანს მეტისმეტად აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი, სულ "ანტიეროვნული, რუსი და მოღალატე" უძახა.
მაგრამ ასე იყო თუ ისე, 9 აპრილის ღონისძიება მაინც მშვიდობიანად ჩატარდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა მაინც გამოყო ფეხი და სცადა მინავლულ ცეცხლზე ნავთის გადავლება: "რაც არ უნდა აქ მოვიდეს "ქართული ოცნება" და ვითომცდა პატივი სცეს, თუნდაც დაიჩოქოს, მაინც არაფერი ეშველებათ. ესენი არიან ისინი, ვინც საქართველოს ყიდის, საქართველოს დამოუკიდებლობას ყიდის. მზად არის იმისათვის, რომ თავიანთი გამდიდრებისა და ძალაუფლებისთვის ყველაფერი გასცენ და ყველაფერი მისცენ რუსებს!"
ამაზე იტყვიან "მაგ პირით პურს როგორა ჭამო". მაგრამ ამ შედარებას რომ მივყვეთ, მაშინ ზურაბიშვილის ქალს პური საერთოდ არ უნდა ეჭამა! ჯერ მარტო ის რადა ღირს, 2024 წლის არჩევნების დამთავრების დღესვე რომ დაახეთქა, არჩევნები გაყალბებულიაო და ჩასაფრებული თავისიანები აიყოლია. და მას შემდეგ ყოვლად უსაბუთოდ, ყოვლად დაუმტკიცებლად გადადის ეს მამალი ტყუილი ევროკავშირის ქვეყნებში და საქართველოს ხელისუფლებას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. აკი დაიტრაბახა კიდეც, მაშინ მე რომ არ მემარჯვა და ეს არ მეთქვა, ჩვენ არ ვიქნებოდით იქ, სადაც ახლა ვართო. ბარაქალა შენ, მარადიულო პრეზიდენტო!
ამას წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ რუსეთს მოუწევს საქართველო "არამეგობრული ქვეყნების" სიაში შეიყვანოს, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება მძიმე დარტყმას მიაყენებს მის ეკონომიკასო, რის პასუხადაც შალვა პაპუაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა: ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებით და არა იმის მიხედვით, თუ ვინ რას იტყვისო. შენს პირს შაქარი!
საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსმა" გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში იმის თაობაზე, რომ 6 ახალი ქვეყანა შეემატა ტრანსნაციონალური რეპრესიის განმახორციელებელი სახელმწიფოების ჯგუფს, რომელთა შორის საქართველოცაა ავღანეთის, ბენინის, კენიის, ტანზანიისა და ზიმბაბვეს გვერდით. მათ აქვთ მცდელობა გააჩუმონ საზღვარგარეთ მყოფი დისიდენტები უკანონო ქმედებებით, რისთვისაც იყენებენ როგორც ფიზიკურ, ისე არაპირდაპირ მეთოდებს: უკანონო დაკავებებს, იძულებით დაბრუნებას, საერთაშორიო სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენებასა და ზეწოლას ემიგრაციაში მყოფ პირებზე. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია საქართველოს კონტექსტში კონკრეტულ შემთხვევებს არ აღწერს. სამაგიეროდ, საქართვლოდან ახლახან გაძევებული ჟურნალისტი აფგან სადიგოვი და მისი ქართველი დამქაშები გაძევების აქტს საერთაშორისო სამართლისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევად მიიჩნევენ. "ივანიშვილმა-მკვლელმა, კორუმპირებულმა მაღალჩინოსანმა, კრემლისა და პუტინის მონამ და თავისი ქვეყნის მოღალატემ დიდი დარტყმა მიაყენა ქართული სახელმწიფოს იმიჯს ჩემი გაძევებით. ამ ნაბიჯით მან ხალხის აწმყო და მომავალი თავის პირად ინტერესებს შესწირა." - დაწერა მან სოციალურ ქსელში (შეგახენებთ, რომ სადიგოვს მიესაჯა ქვეყნიდან გაძევება სამი წლით და 2000 ლარი ჯარიმა). კიდევ კარგი, ივანიშვილი მართლა მკვლელი და მოღალატე არ არის, თორემ სადიგოვს თუნდაც მხოლოდ ცრუ და ბოროტი ენაგრძელობისთვის იმ ენას უბრალოდ ამოგლეჯდა და ახიც იქნებოდა!
ამასობაში ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი "ბრალდება" წამოეწია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან, ივანიშვილი ამზადებს ერთ-ერთი შვილის ხელისუფლებაში მიყვანას და გვაჩვევს დინასტიურ მმართველობასო. იქვე ოპოზიციასაც აყრის ქოქოლას, ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული, უნდა იყო ქართული და ქართველების გზა არის რევოლუციაო.
"ვარდების რევოლუცია" არ ასვენებს მიშას, თორემ პოლიტიკოსსა და ნორმალურ ოპოზიციონერს როგორ არ უნდა ერჩივნოს არჩევნების გზით რეჟიმის შეცვლა. მაგრამ სისხლში გამჯდარი ავანტიურიზმი მოსვენებას არ აძლევს. კიდევ კარგი, მის რევოლუციურ გამოსვლებს და მოწოდებებს მსმენელი აღარ ჰყავს.
არც არასდროს ეყოლება!
ალეკო ასლანიშვი
დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ისევ არის პრეტენდენტი ქვეყანა, რომელსაც ნატოში შესვლა სურს, მაგრამ დღევანდელი კონფიგურაცია ბევრად რთულია 1952 წელთან შედარებით. რუსეთის მოთხოვნები მასშტაბურია, მოსკოვის პოზიცია კი მკაცრი. ესკალაციის საფრთხე რეალურია. ამერიკას ევროპიდან წასვლა სურს, ევროპელები კი, თავის მხრივ, ნერვიულობენ და ისე არაპროგნოზირებულად მოქმედებენ როგორც არასდროს.