საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არა
სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო რომ გამოაყოლოს ვინმემ!..
ავტორი ალეკო ასლანიშვილი6 წთ წაკითხვა
გაზიარება:
ავტორი
ალეკო ასლანიშვილი
ვინ შეიცვლის ქცევას?
საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არა
სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო რომ გამოაყოლოს ვინმემ!
გიგანტთა შერკინება-ასე შეიძლება დასათაურდეს ორი "დიდი" პოლიტიკოსის ეს ბრძოლა. შეტევა მწვავეა, დაუნდობელი, ურთიერთშეფასება-მართალი, უკან მოუხედავი, შედეგი-ფაქტობრივად ცხვირ-პირის დამტვრევაა მთელი ოპოზიციისთვის.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ოპოზიციის ალიანსის მიერ 26 მაისის რევოლუციის მსგავსი, რიგითი მეჩხერი გამოსვლის შეფასებისას რუსთავის ციხის საკნიდან ნაციონალური მოძრაობის განუკითხავმა ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა გულამოსკვნილმა წაკბინა: ამაზე ბევრად მეტი ხალხი იყო მაშინ, როცა ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით გამოსული დემონსტრაცია დაშალა ამ უთავბოლო ნიკა მელიამო.
გვერდით საკანში მჯომმა შეურაცხყოფილმა ნიკამ არ დააყოვნა და წერილი აფრინა თავისუფლებაზე, რომელმაც ექსპრეზიდენტი, როგორც იტყვიან, მიწაში ჩადო: სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ისტერესები არ არის, მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესებია, რადგან იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შესტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის დაკავებულიო.
როგორც მელია აღნიშნავს წერილში, სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების წინ საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა საქართველოში ჩამოსულიყო, ხოლო მისი მისამართით დაუსრულებელი ტალახის სროლა და მის წინააღმეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი „მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უკრაინაში გაშვების სანაცვლოდ ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო ძალიან აწუხებს". ნიკას თქმით, ბევრი რამ ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის და რაც შეიძლება მალე უნდა შეიტყოს. სააკაშვილმა უნდა თქვას, ვინ არის ის ანონიმური „მოღალატე", ვინც საქართველოში ჩამოიყვანა ფარული გარიგებით, რომლის აღსრულების დასკვნით ეტაპზე, 2022 წლის ბოლოს ხელისუფლებამ გადააგდო და საპატიმროში ჩასვა. ხალხმა სიმართლე უნდა გაიგოს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხვალ-ზეგ სააკაშვილისნაირად უღირსად და საშინლად დამაზიანებლად ვეღარავინ მოიქცესო. სააკაშვილს უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატე, რომელსაც არ ასახელებს. მე ბევრი ამომრჩეველი მოვუპოვე ნაციონალურ მოძრაობას. ჩემდამი სააკაშვილის სიძულვილი ჩემმა მზარდმა ავტორიტეტმა განაპირობა. სააკაშვილს ჩემს მიმართ ეჭვიანობა ისე ახრჩობს, როგორც ყელზე შემოჭერილი მარყუჟიო.
ერთი სიტყვით, ნიკა მელია ძალებს არ ზოგავს მიშას გასაშავებლად. ამ ვრცელ გაშავებაში ყურადღებას განსაკუთრებით იპყრობს მონაკვეთი, სადაც ნიკა გამოგვცემს ვინმე „მოღალატის"არსებობას და უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის საიდუმლო ისტორიას. თუმცა, საკვირველი არაფერია: სააკაშვილი აშკარად დატენილია მსგავსი იკლიკანტური თავგადასავლებით. აქ მიშას სათვალავში არსებული უსაშველო მრავალრიცხოვანი საბრალდებო დასკვნები როდი გვაქვს მხედველობაში, არა, პრეზიდენტყოფილის უჭკუო ქედმაღლობაში შემალული ბიწიერებანი.
მიხეილ სააკაშვილი თავმდაბლად აცხადებს, მე მრავალ წარმატებულ ფიგურას მივეცი ცხოვრების საგზური, როგორც აქ, ისე უკრაინაშიო. მე მელიასი რა უნდა მშურდესო. ბევრი ჩემი გაზრდილი უკრაინის რადას აქტიური წევრია, ზოგი მინისტრია. ზოგი_ელჩი. საქართველოში ჩემს მიერ დაფრთიანებულნი მთელ მსოფლიოს მოედვნენ. ზოგმა დამიფასა, ზოგმა_არა. მე ყოველთვის ვამაყობ ამ ხალხით. თუმცა, არის ხალხი, რომელთაგან, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ვერაფერი დავაყენე. ასეთი იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ადრე აღმოვაჩინე, თან გადავყევი, ის კი აჰყვა ამბიციებს, ჩაეფლო კორუფციაში, შეეკრა პატარკაციშვილს და განიმსჭვალა ბოღმით ჩემს მიმართ. სამწუხაროდ, მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ნიკა მელია, რომელსაც ძალიან ბევრჯერ ბევრი რამ გავუტარე, მათ შორის, ჩემზე სრულიად გაუგებარი თავდასხმები წლების განმავლობაში. თუ ჩემი პოლიტიკა არასდროს მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში_ნაციონალურ მოძრაობაში? სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან, ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის, მაგრამ უკვე აღარაფრის გაკეთება აღარ შემიძლია, სინანულის გამოთქმის გარდაო.
ნიკას სააკაშვილისეული შეფასება, მიუხედავად სტილის სიმსუბუქისა და ნაყროვანებისა, ბევრად უფრო გამანადგურებელი და სასიკვდილოა, ვიდრე ნიკასი მიშასადმი. ორი სიტყვით ასე ითქმის: ის გაუთანაბრა ოქრუაშვილს, ბოკერიას და ბეჭედი დაასვა, როგორც უმაქნისს და პოლიტიკისთვის უვარგისს. ტყუილად არ არის ნიკა ასე გაწიწმატებული.
მაგრამ ასეა თუ ისე, ამ ურთიერთწერილომანიამ ოპოზიციაში, განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობაში, შეშფოთება გამოიწვია: ახლა წარსულის ქექვის დრო არ არის, გაერთინებაა საჭიროო.
ამ პაექრობას თავისებური გამოხმაურება მოჰყვა ხელისუფლებაში. პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშვილმა მოკლედ და ხატოვნად მოჭრა: ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი. რადიკალიზმი, რასაც ოპოზიცია თესავს, საბოლოო ჯამში თავად მათ ჭამს. ამ შეყრა-გაყრას უკვე რამდენიმე წელია თვალს ვადევნებთო.
ორი ცხოვრებიდან გათიშულის_ციხის საკნების ბინადრების გარდა ერთმანეთს ჩასაფრებულნი არიან ოპოზიციის ალიანის წევრები: ენაალესილი თამარჩერგოლეიშვილი და ენა ნეხვით გადაგლესილი ნიკა გვარამია. თამარმა თავისი ენატყვიამფრქვევობით იმდენი ქნა, რომ ოპოზიციის ალიანსში წამოჯდა, არა მხოლოდ თვითონ, არამედ მისით ბედნიერი მეუღლე გიგა ბოკერიაც, რომელიც მანამდე პოლიტიკიდან ფაქტობრივად ჩამოშორებული, ანუ გაძევებული იყო, ახლა კი საძმოში ბოკერიებად მოიხსენება და ჩერგოლეიშვილობამდე ორიოდე ნაბიჯიღა დარჩა.
ჩერგოსა და გვარამიას გადაძახილები, შეძახილები და მოძახილები სწორედ რომ შხამად აღიქმება ახლობლობაში და არათუ ამტკიცებს ოპოზიციის ალიანსს, არამედ ბზარავს და ზარავს. აი, ახალი ბზარიც. ამ დღეებში თინა ბოკუჩავასთან შებმის შემდეგ ნიკა გვარამიამ ბოლომდე გახსნა კარტი ნაცმოძრაობის შესახებ: დამარცხებული ნაცმოძრაობის და მისი დამფინანსებლების გაპრავება, თუ „რატომ ვერ შეძლეს"(გამარჯვება), ტყუილიცაა და დღემდე სასაცილოდ და უსუსურად გამოიყურება. ყოველ ჯერზე ასე იქნება, ვიდრე ნაცმოძრაობა ვერ გაიგებს, რომ მარტო მიშა არაა საკმარისი არათუ არჩევნების მოსაგებად, არამედ ოპოზიციაში ყველაზე წინ გასასვლელადაც კიო.
ერთმანეთს ინგლისური ენის ცოდნას უწუნებენ. საქმე კი ის არის, რომ ოპოზიციურ ფრთასთან შეხვედრისას ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა, როგორც ჩანს, ოპოზიციასაც დაუწუნეს ტაქტიკა. გეგელიას თქმით, ეს ეხება 2024 წლის არჩევნებში ზღვარგადალახული პარტიების საპარლამენტო ბოიკოტს. პრინციპში იგივე იკითხება თბილისში დელეგაციის ვიზიტის შემდეგ ამერიკის საელჩოს განცხადებაშიც, სადაც პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ინსტიტუციებთან თანამშრომლობაზეა საუბარი. გეგელიას სატელევიზიო აღიარებამ შარვლიდან ამოაგდო ნიკა გვარამია, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის და უკიდურესი რადიკალიზმის მთავარი არქიტექტორი იყო, გეგელიამ ან ინგლისური არ იცის, ან სხვა ამერიკელებს შეხვდაო, განაცხადა. „გეგელია თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, მარტო „ლელო" ხომ არ უნდა შებრძანდეს და დაღუპოს პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია",- დაწერა მან სოციალურ ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება" ამ პროცესს (igulisxmeba გახშირებული სატელეფონო ზარები და ვიზიტები ამერიკიდან) ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებად აფასებს, ვაშინგტონმა მკაფიოდ დააფიქსირა ურთიერთობის გადატვირთვის პირობები და თბილისისგან კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვსო.
საერთოდ ამ მოხშირებულმა ვიზიტებმა ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს შეუვალმა „ქართულმა ოცნებამ" აღებულ კურსს უღალატა. ეს შიშები სოციალურ ქსელებშიც გამოჩნდა. ყოველივე ამას საეჭვოდ დაემთხვა ცნობა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ტრამპთაუერის, თბილისისთვის უჩვეულო და შეუფერებელი ცათამბჯენის შესაძლო აშენების შესახებ. ამ ეჭვს ადასტურებს აშშ სახელმწიფო მდივნის მარკ რუბიოს სიტყვები წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას. ჩვენმა დაუძინებელმა მეგობარმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ასეთი კითხვით მიმართა რუბიოს: „პროირანული და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი „ქართული ოცნების" მთავრობა, რომელიც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის რეგიონზე ამერიკის წვდომას (amaze ნათლად როგორ უნდა გამოხატო მეგობრობის ჭეშმარიტი მიზანი?-ა. ა.), ისინი ხელს უწყობენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და თავს არიდებენ თეირანზე შემოღებულ სანქციებს. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რათა გავუმკლავდეთ „ქართული ოცნების" მიერ ხელშეწყობილ სწრაფ რადიკალიზაციას საქართველოში?"
რუბიომ უპასუხა, რომ „ქართული ოცნების" მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ როგორ არის შესაძლებელი ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესება, რის შემდეგაც ამერიკამ ქართულ მხარეს აცნობა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამისთვის და იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნება" ტრაექტორიას შეიცვლის: „მათ გვკითხეს, რა არის საჭირო, რომ ამერიკასთან უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეთ. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია ამის საფუძველზე შევძლებთ მუშაობას და არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების, არამედ მათი ქცევის გამოსწორებასაც"(?!-. ა.ა.).
ჩვენი ტრაექტორია უცვლელია, ვითხოვთ თანასწორობას და პატივისცემას და ამაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს! ასეთი იყო თბილისის პასუხი რუბიოს განცხადებაზე. „ჩვენ არასდროს, არასდროს არ დაგვისვამს ასეთი კითხვა, ჩვენ გვაქვს ის გზავნილი, რომელიც საჯაროდაც გავაცხადეთ...ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც დაკავშირებულია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან...საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს. საქართველო არის ღირსეული, სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან",-თქვა ირაკლი კობახიძემ.
ფაქტია, საქართველოს მიმართ ინტერესი გაცხოველებულია, ოღონდ ეს ინტერესი ყველას თავისებური აქვს. ჩვენ იძულებულნი ვართ ამ მრავალფეროვნებიდან ჩვენთვის სასიკეთო გამოვჩხრიკოთ. სხვაგვარად არ გამოდის ამ უკუღმართ დროში, როცა ჯო უილსონიც კი შენი "მეგობარია" და შენზე ზრუნვაზე ათენ-აღამებს.
დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ისევ არის პრეტენდენტი ქვეყანა, რომელსაც ნატოში შესვლა სურს, მაგრამ დღევანდელი კონფიგურაცია ბევრად რთულია 1952 წელთან შედარებით. რუსეთის მოთხოვნები მასშტაბურია, მოსკოვის პოზიცია კი მკაცრი. ესკალაციის საფრთხე რეალურია. ამერიკას ევროპიდან წასვლა სურს, ევროპელები კი, თავის მხრივ, ნერვიულობენ და ისე არაპროგნოზირებულად მოქმედებენ როგორც არასდროს.