რატომ ეშინიათ სტალინის დღემდე?! | საქართველოს რესპუბლიკა
პოლიტიკა
რატომ ეშინიათ სტალინის დღემდე?!
სტალინი არ ყოფილა წმინდანი, მაგრამ არც დემონი იყო, როგორადაც მას ხშირად ხატავენ.
სტალინის მთავარი ისტორიული როლი, იმ რთულ პერიოდში იყო ნებისმიერ ფასად საბჭოთა სახელმწიფოს შენარჩუნება, სოციალისტური სისტემების კონსოლიდაცია, ფაშიზმის დამარცხება.
ავტორი ირანდა კალანდაძე6 წთ წაკითხვა
გაზიარება:
ეპოქის სიმართლე
რატომ ეშინიათ სტალინის დღემდე?!
მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ბაბუაჩემი - აბესალომ კალანდაძე - დაიჭირეს. ღამით მიადგნენ და მაშინ აიყვანეს, როცა თხმელის ხეზე ადესას კრეფდა. ლამპა ხის ტოტზე ჰქონდა ჩამოკიდებული და მისი ხელით დაწნულ გიდელში ფრთხილად აწყობდა სურნელოვანი ადესის მსუქან მტევნებს.
ბაბუაჩემს მეუღლე ადრე გარდაეცვალა... დღისით რომ კოლმეურნეობაში მუშაობდა, საღამოთი შვილებს უვლიდა, ღამით კი საოჯახო საქმეებს აწესრიგებდა.
იმ ღამეს კგბ სწორედ მაშინ მიადგა, როცა დარდიანი ღიღინით ხის კენწეროზე ყურენს კრეფდა.
როგორც თქვეს, ბაბუაჩემი მეზობელმა დაასმინა - ბოლო ხანებში თითქმის ყველა საღამოს ხეზე მიძვრება, როგორც ჩანს, გადამცემი მოწყობილობა აქვს დამონტაჟებული და საზღვარგარეთს გადასცემს ცნობებსო...
რამდენიმე დღე აყურყუტეს ბაბუაჩემი ოზურგეთის შინსახკომში და მერე გამოაგდეს - წადი, ბიძია, სახლში, ობოლ შვილებს მიხედეო!
გაგეღიმებათ და ბაბუაჩემი, ღრმა სიბერემდე, თავის განთავისუფლებას ძალიან უმადლოდა სტალინს: მაგას ჰქონდა რკინის დისციპლინა, უსამართლობას მის დროს ვერავინ გაბედავდა, ის იყო გლეხის პატრონი, „ულვაშა“ ძალიან მაგარი იყოო, ამბობდა...
სხვათა შორის, „ულვაშა სოსელო“ 1905 წელს ჩემს სოფელში მიტინგზე სიტყვითაც გამოსულა. იმ ღამეს სოფელში დარჩენილა, მისი ბოლშევიკი მეგობრის ოჯახში, სადაც მეგობრის და, ულამაზესი მადია კალანდაძე გაუცნია და თავდავიწყებით შეჰყვარებია, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა და ამაზე მერე მოვყვებით.
ბოლო ხანებში სტალინის სიცოცხლის უკანასკნელი ჟამის ამბებს რომ ვამზეურებდი, მის თავგადასავალს კარგად რომ ჩავუღრმავდი, ძველ ვიდეოებს ვუყურე და იმდროინდელი დოკუმენტები გადავათვალიერე, გაგეღიმებათ და ცრემლები წამსკდა, ისეთი ბუმბერაზი კაცი ყოფილა „ულვაშა“ და თან ტრაგიკული ბედის ქართველი.
სტალინს, როგორც პიროვნებას და პოლიტიკურ მოღვაწეს, დღემდე ებრძვიან, მაგრამ რატომ, თუკი ის აშენებდა სახელმწიფოს, სადაც ყველა ადამიანი იყო თანასწორი, შრომა იყო ღირებულება, სახელმწიფო ვალდებული იყო, დაეცვა ნებისმიერი ადამიანი, განათლება და ჯანდაცვა იყო უფასო ვალდებულება და არა პრივილეგია?
რევოლუციით მოსული ახალი ხელისუფლების სათავეში მოქცეული იოსებ ჯუღაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა შემდეგ გადამწყვეტი აღმოჩნდა მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ მძიმე ეპოქაში.
მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის სამხედრო სტრატეგიამ განსაზღვრა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის და რუსეთის ბედი, არამედ მთლიანი ევროპის განთავისუფლება გერმანული ფაშიზმისგან.
სტალინის პოლიტიკური სტრატეგია მიმართული იყო კაცობრიობის გადარჩენისკენ და ამას ხვდებოდნენ უბრალო ადამიანები, ამიტომაც მიდიოდნენ სიკვდილის პირისპირ „კოდური“ სიტყვებით: სტალინისათვის! (За Сталина!)
ისეთი მასშტაბის, ისეთი რადიკალური, ადამიანზე ორიენტირებული მოდელი, როგორიც საბჭოთა სოციალიზმმა შექმნა რუსეთში, შემდეგ არც ერთ ქვეყანაში არ განმეორებულა.
რაც ახლა დასავლეთში ხდება ჯანდაცვის, განათლების, შრომის უფლების "თვალსაზრისით", ბევრს კი ჰგონია, მაგრამ არ არის კაპიტალიზმის ბუნებრივი ევოლუცია. ეს არის ერთგვარი „წაბაძულობა“, რაღაცნაირი უსუსური ნიშნის მოგება საბჭოთა მაგალითისთვის და შიში, რომ ჩაგრულმა, ღარიბმა ფენებმა რევოლუცია კვლავ არ მოინდომონ...
სტალინის მმართველობის დისკრედიტაცია დღეს სურთ არა იმიტომ, რომ „არაეფექტური“ იყო, არამედ იმიტომ, რომ იყო და არის "საშიში" მაგალითი. ეს პრეცედენტი შექმნა ქართველმა კაცმა, რომელიც იმდენად კომიკურ, ანდა ტირანულ, თუნდაც უწიგნურ პოლიტიკურ ფიგურად სურთ, წარმოაჩინონ, რომ ვერავინ მოინდომოს მისი იდეების კვლავ აღორძინება, არავინ მოისურვოს მისი სახელის დადებით კონტექსტში მოხსენიება, არავინ აღიაროს მისი მოღვაწეობა კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს პროგრესულ მოვლენად, იმ მოვლენად, რომელმაც რუსულ მიწაზე ნახა ნოყიერი ნიადაგი და მაგალითად იქცა მთელი მსოფლიოსთვის...
სტალინი არ ყოფილა წმინდანი, მაგრამ არც დემონი იყო, როგორადაც მას ხშირად ხატავენ.
სტალინის მთავარი ისტორიული როლი, იმ რთულ პერიოდში იყო ნებისმიერ ფასად საბჭოთა სახელმწიფოს შენარჩუნება, სოციალისტური სისტემების კონსოლიდაცია, ფაშიზმის დამარცხება.
ახლა ზოგიერთები ფაშიზმს ზერელედ, Pლაყშტატიონ-ის სათამაშოდ აღიქვამენ, ზოგი მიიჩნევს, რომ ეს საზიზღარი „ღრუსები“ რომ არა, ჩვენ დღეს გერმანიის გვერდით მდგომი ევროპიელი „მეგობრები“ ვიქნებოდით და არა ჩამორჩენილი „გრუზია“, რომელიც ბოლშევიკურმა რევოლუციამ 100 წლით დახია უკან.
ეს სასაცილოა, სტალინი რომ არ იყოს... სინამდვილე კი ის არის, რომ ყველაფერი პირიქითაა!
სოციალური თანაწორობის იდეით, განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომი საბჭოთა მოქალაქეები ებრძოდნენ ფაშიზმს, რომელიც არ იყო უბრალოდ იდეოლოგია. ის იყო პროექტი ადამიანის დეჰუმანიზაციის, მონობის, ხალხების მასობრივი ჩაგვრისა და განადგურებისა, რომელსაც პირველ სამიზნედ სოციალისტური იდეით მაცხოვრებელი მშვიდობიანი ადამიანები ჰყავდა. ის ადამიანები, რომელთაც ეს სოციალური უფლებები და მშვიდობიანი ცხოვრება სისხლით ჰქონდათ მოპოვებული.
სოციალიზმი იყო არა უბრალოდ რუსეთის ისტორიის გაგრძელება, არამედ მცდელობა, ისტორიაში პირველად, სახელმწიფო აშენებულიყო არა ბაზრის, კაპიტალის და ფულს დახარბებული ელიტების ირგვლივ, არამედ უბრალო ადამიანების ღირსების გარშემო.
მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, ზოგიერთმა გაურკვეველმა პოლიტიკურმა იდეოლოგიამ და ფსევდო-ლიბერალურმა მოძრაობებმა არა მხოლოდ მსოფლიო, არამედ საქართველოც წალეკეს. ცხვირში საყურეგაყრილი, მწვანედ თავშეღებილი ზოგიერთი ახალგაზრდა კაცი გამოდის რუსთაველის გამზირზე და სტალინს და სოციალიზმს ბოროტების გადმონაშთს და დიდ ისტორიულ შეცდომას უწოდებს, რადგან უცოდინრობის გამო ვერ მიმხვდარა, რომ, ნებსით თუ უნებლიედ, იმ ძალებს ემონება, რომლებსაც არ სურთ უბრალო ადამიანმა თავი ასწიოს, მზეს შეხედოს, სოციალური დისკრიმინაციის ბორკილი დაამსხვრიოს და თქვას: მე ვარ ღვთის ქმნილება, ადამიანი, რომელსაც თავისუფლების და თანასწორობის უფლება მაქვს!
ადამიანმა ერთხელ გაბედა ეთქვა, რომ ღირსება არ იყიდება, ცხოვრება არ იზომება მხოლოდ ფულით და სავაჭრო მოგებით და რადგან ეს სიტყვები საბჭოთა ხალხისთვის სისხლით, შრომით და რწმენით, ერთხელ უკვე იქცა რეალობად სავარაუდოდ, მომავალშიც განმეორდება, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა!..
სწორედ ამიტომ ეშინიათ სტალინის!
ირანდა კალანდაძე
დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ისევ არის პრეტენდენტი ქვეყანა, რომელსაც ნატოში შესვლა სურს, მაგრამ დღევანდელი კონფიგურაცია ბევრად რთულია 1952 წელთან შედარებით. რუსეთის მოთხოვნები მასშტაბურია, მოსკოვის პოზიცია კი მკაცრი. ესკალაციის საფრთხე რეალურია. ამერიკას ევროპიდან წასვლა სურს, ევროპელები კი, თავის მხრივ, ნერვიულობენ და ისე არაპროგნოზირებულად მოქმედებენ როგორც არასდროს.