ქსნის ხეობის წარსულიდან | საქართველოს რესპუბლიკა
ისტორია
ქსნის ხეობის წარსულიდან
„ისინი ხან ქართლის პატრიოტული ძალების სათავეში ჩანან და თავგანწირვით ებრძვიან მტრებს, ხან უცხო და საკუთარ ძალებზე დაყრდნობით დაუნდობლად თრგუნავენ მეზობელ სათავადოთა და სამეფო პროგრესულ ძალებს. ვიწრო, ეგოისტური მოსაზრებებით არ ერიდებიან აშკარა აჯანყებებსაც. ერისთავთა თვითნებობას ემორჩილებოდა მათი რეზიდენციის - ახალგორის ბედიც.“
ავტორი დავით ახლოური6 წთ წაკითხვა
გაზიარება:
ქსნის ხეობის წარსულიდან
„ქრისტე აღსდგა, გიხაროდეს!“
შეუპოვარი კაცი იყო შანშე ქსნის ერისთავი, XVIII საუკუნის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და იმ დროის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერი.
გვიანფეოდალურ ხანაში ქსნის ერისთავთა ძალაუფლება და სახელისუფლო ტერიტორია კიდევ უფრო იზრდება. სამაგიეროდ, ადგილი აქვს საქართველოს სამეფო კარზე შინააშლილობის ფაქტებს, რაც ერისთავებს, ხშირ შემთხვევაში ურჩობისა და სამეფო პროგრესული ძალების წინააღმდეგ ამხედრების საშუალებას აძლევდა. როგორც ვ. ხოცუაშვილი შენიშნავს: „ისინი ხან ქართლის პატრიოტული ძალების სათავეში ჩანან და თავგანწირვით ებრძვიან მტრებს, ხან უცხო და საკუთარ ძალებზე დაყრდნობით დაუნდობლად თრგუნავენ მეზობელ სათავადოთა და სამეფო პროგრესულ ძალებს. ვიწრო, ეგოისტური მოსაზრებებით არ ერიდებიან აშკარა აჯანყებებსაც. ერისთავთა თვითნებობას ემორჩილებოდა მათი რეზიდენციის - ახალგორის ბედიც.“
1703 წელს ქართლის ჯანიშინად დანიშნულ ვახტანგ მეექვსესთან შანშეს მამას დათუნა ქსნის ერისთავს კარგი ურთიერთობა არ უნდა ჰქონოდა. 1712 წელს ვახტანგის სპარსეთში გაწვევის შემდეგ ბაქარს დათუნასთვის სახლთუხუცესობა ჩამოურთმევია, სავარაუდოდ, ერისთავის ვახტანგთან მტრული დამოკიდებულების გამო. ვახუშტი თვითონ გადმოგვცემს ერისთავებთან დაპირისპირების პერიპეტიებას: „მიზეზ-ჰყო ესე დათუნამ და უკუ დგა. ამისთვის წარავლინა ბაქარ ძმა თვისი ვახუშტი მას ზედა და მისვლასა მისსა მოკუდა დათუნა ერისთავი“. ვახუშტის ჯარი ახალგორს შესევია, რაც დათუნა ერისთავის სიკვდილის მიზეზი უნდა გამხდარიყო.
დ. გვრიტიშვილის დასკვნით, დათუნა, ისევე, როგორც მისი წინამორბედი იესე ქსნის ერისთავი, კლასობრივ ბრძოლას შეეწირა. დათუნა 1717 წელს გარდაიცვალა. „ხოლო ძენი მისნი წარვიდნენ კახეთს, და დაიპყრა მამული მისი ვახუშტი. არამედ შანშე, ძე დათუნასი წარვიდა წინაშე ყეენისა ყაზმინს და მეფე ვახტანგცა მიეწოდა ყეენსა მუნ წინაშე თვსსა. თავრიზიდან შთასრული შანშე ითხოვა მეფემან ვახტანგ ყეენისაგან, მოსცა და პატიმრად წარმოუგზავნა ბაქარს, ძესა თვსსა“. პატიმარყოფილი შანშე ქალაქიდან გაქცევას ახერხებს და თავის მამულში ბრუნდება. ჩანს, ახალგორი, კარგად უნდა ყოფილიყო იმ დროისათვის გამაგრებული. სწორედ აქ აფარებს თავს შანშე, რომელიც 1718 წლიდან ქსნის ერისთავად გვევლინება. იგი, თავდაცვის მიზნით, საიმედოდ ამაგრებს ქსნის საერისთავოს, მის ცენტრს - ახალგორს და აჯანყებისთვის ემზადება.
გაზიარება:
ვახტანგის წინააღმდეგ შანშეს პირველ აჯანყებას დავით გვრიტიშვილი 1719 წლით ათარიღებს, ნიკო ბერძენიშვილი 1720 წლით. ვახტანგ მეექვსემ აჯანყების ჩასახშობად ახალგორს თავისი შვილები, ქსნის ერისთავების წინააღმდეგ გამოცდილი მებრძოლები ბაქარ და ვახუშტი შეუსია. ახალგორის დარბევის შემდეგ შანშე ჭურთის ხეობაში კარგად გამაგრებულ წინკიბის ციხეში ჩაკეტილა, მაგრამ სიტუაციის სწორად გაანალიზების შემდეგ იძულებული გამხდარა „ხრმალ-კისერკიდებულს“ ბაქარისათვის შენდობა ეთხოვა. მოუსვენარი ბუნების ქსნის ერისთავი ისევ ახერხებს გაქცევას, ბრუნდება ახალგორში და ახალი აჯანყებისთვის ემზადება. 1720 წელს შანშემ ვახტანგის წინააღმდეგ მეორე აჯანყება მოაწყო. ქსნის ერისთავის აჯანყებაზე საუბარია საქართველოს ისტორიის ქრონიკებში: „1720 წელს შანშე ერისთავი ქსნისა გაიპარა თბილისითგან და დუშეთში გამაგრდა. იწყინა მეფე ვახტანგმა, გაუსია ჯარით ვახუშტი ლიახვზედ, ბაქარი ქსანზედ და რეხულაზედ ჯარით. ახალგორს დასწვეს სასახლე მისი. შანშე ზებეყურში იყო, რეხულის სათავეში, აქედან შეეხვეწა, შეირიგა მეფემ, ჩამოიყვანა მცხეთას და შემოიფიცა, უბოძა ერისთავობა და მამული თვისი“. მართალია ეს ცნობა ორი სხვადასხვა დროის ფაქტს ერთ თანადროულ ასპექტში წარმოაჩენს, მაგრამ შინაარსობრივად საინტერესოა. როგორც ვხედავთ, ვახტანგის ქსნის ხეობაში მიზეზი პატიმრადყოფილი შანშეს თბილისიდან გაქცევა უნდა გამხდარიყო და კიდევ ერთი - ბაქარს ახალგორი აუხრებია და ერისთავთა სასახლე დაუწვავს.
მიუხედავად ორგზის აჯანყებისა, მეფე ქსნის ერისთავს ანგარიშს უწევს და დასჯის მაგივრად, შემორიგების მიზნით, ერისთავობასა და საერისთავოს მამულებს ხელშეუხებლად უტოვებს. შანშესაც ამის შემდეგ მეფისთვის აღარ უორგულია, იგი ბოლომდე ვახტანგ მეექვსისა და მისი მემკვიდრეების თანამდგომად გვევლინება. ჩანს, რუსეთში გადახვეწილი მეფის ერთგულებამ ბევრი ზიანი მიაყენა მასაც და მის სათავადოსაც.
1724 წლის 9 ნოემბერს შანშე ვახტანგისათვის გაგზავნილ ბარათში აღნიშნავს: „თქვენი ძმა ალიყულხან საქართველოს არ მოასვენებს და არც დააყენებს. არც ჩვენ დაგვაყენებს, ამიტომ, რომ შენი და შენი შვილის ერთგულობას მწამობს, შენი ვინმე ამ ქვეყანას რომ იყოს, ეგებ ღმერთმა შენც მოგიმართოს ხელი და იმასაც, თორემ, თუ შენი შვილი ამ ქვეყანას არ არის, შენთვისაც დავიკარგებით და შენი შვილისთვინაც. ნუ გვიზამ, ბაქარ დააბრუნე, სულ ნუ დააგდებთ ამ ქვეყანას, არ გიჯობთ, დამიჯერეთ“. ასეთი იყო ოსმალთა წინააღმდეგ ამხედრებული ქართული საზოგადოების მეთაურის ეროვნული სულისკვეთება და პროგრესული აზროვნება.
ჩვენთვის საინტერესო ცნობას შეიცავს 1733 წელს შანშეს ვახტანგისადმი გაგზავნილი წერილი, სადაც ქსნის ერისთავი კონსტანტინე კახთა მეფის მიერ მის მამულში ორგზის ლაშქრობაზე მიგვანიშნებს: „თათრები და კახთ ბატონი, ქართველნი, ლეკნი მომადგნენ, ჯერ ახალგორს მობრძანდა კახი ბატონი და აქ ვერა გაარიგარა, წაბრძანდა. მას უკან ლიახვზედა მომადგნენ. მღვთით და თქვენის დოვლათით ვერცრა იქიდამ გაარიგეს. დიდი ჯარი იყო, თორმეტი ათასი იყო თათარი, ლეკი, ქართველი და კახნი“. მართალია, შანშე აღნიშნავს, მომხდურთ „ვერა გაარიგესო“, მაგრამ ოსმალთა ლაშქრობას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა. აოხრებდნენ „მამულსა შანშესასა ოსმალნი“ - გვამცნობს ვახუშტი.
„ოსმალობის“ „ყიზილბაშობით“ შეცვლის შემდეგ ახალგორი ყიზილბაშთა წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მძლავრ კერად იქცა. დ. გვრიტიშვილის ცნობით „ქსნის საერისთავოს ბრძოლა ყიზილბაშების წინააღმდეგ (1736-1741) ოთხ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა ერთგვარი ინტერვალებით.“
ყიზილბაშები აჯანყებული ქსნის ერისთავის დასაჯელად რამდენჯერმე შეესივნენ მის მამულს. შაჰის სახელგანთქმულ სარდლის სეფი-ხანის მეთაურობით ირანელთა პირველ შემოსევას შანშე თავის რეზიდენციაში - ახალგორში დახვედრია და უეცარი თავდასხმით მტერი ისე გაუნადგურებია, რომ ულაშქროდ დარჩენილ სეფი-ხანს ტყვეობისთვის ძლივს დაუღწევია თავი და თბილისს შეფარებია. განრისხებულ ნადირ-შაჰს ქსნის ხეობის ასაკლებად და შანშეს ხელში ჩასაგდებად მალევე კიდევ ერთხელ გამოუგზავნია ლაშქარი და სეფი-ხანისთვის დაუბარებია: „თუ დამიჭიროთ შანშე, ყოველი თქვენი საწადელი აღვასრულო და მოგცე წყალობა უშურველიო“.
უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებული შანშე ქსნის ხეობიდან ჯერ იმერეთში, შემდეგ - რუსეთში გაიხიზნა. შანშეს მამული ლევან მუხრან-ბატონისთვის უბოძებიათ, შემდეგ კი გივი ამილახვრის ხელში აღმოჩნდა. რუსეთიდან ახალგორში დაბრუნებული შანშე ისევ განაგრძობს ბრძოლას ყიზილბაშთა წინააღმდეგ. აქედან იწყება ფაქტიურად მისი ყიზილბაშებთან ბრძოლის მეორე ეტაპი. თუმცა, როგორც ჩანს, მის თანამებრძოლებს თანდათან დაღლა დაეტყოთ, შემოეცალნენ... ზოგიერთმა ფეოდალმა უმტრო კიდეც და ყიზილბაშებს შეურიგდა. ქსნის ერისთავის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო. ნადირ-შაჰი შანშეს ცოცხლად შეპყრობისთვის არაფერს იშურებდა. თამამად შეიძლება ითქვას, 1736-1741 წლებში, საქართველოში არავის მიუყენებია იმდენი ტკივილი ნადირისთვის, საერთოდ, ყიზილბაშებისთვის, რამდენიც შანშემ მიაყენა.
1741 წლის აგვისტოში ნადირმა იმამ-ყული-ხანს ბეგლარბეგობა უბოძა და ქართლში გამოისტუმრა. მას ძირითადად ქსნის ხეობის აოხრებაში უნდა მიეღო მონაწილეობა... მტრის აურაცხელ ურდოებთან დამარცხებული ქსნის ერისთავი ახალციხის ფაშას აფარებს თავს, მაგრამ ფაშამ იგი არ დაინდო და მის მოსისხლე მტერს გადასცა. ნადირმა იავარქმნილი ქსნის ხეობა ველურ ავღანელებს დაუტოვა გასაძარცვავად. როგორც ვ. ხოცუაშვილი წერს: „იოლი წარმოსადგენია, თუ რა დღე დაადგებოდა დაუცველსა და უპატრონოდ მიტოვებულ ქსნის ხეობას და ერისთავების საიმედო რეზიდენციას - ახალგორს. ასე მოიშალა ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლის ეს აქტიური კერა. ამიერიდან ახალგორს და საერთოდ ქსნის ხეობას მეფის კარი დაეპატრონა, ერისთავის მოვალეობას კი ფორმალურად გივი ამილახვარი ასრულებდა.“
1744 წელს თეიმურაზ მეორე ქართლის, ხოლო ერეკლე მეორე კახეთის მეფე გახდა. თეიმურაზის შუამდგომლობით, 1745 წელს ნადირ-შაჰისაგან ნაწამები, თვალებდათხრილი შანშე ირანიდან საქართველოში დაბრუნდა, მისი ძმა იესე ყულარაღასი კი გზაში გარდაცვლილიყო და მკვდარი ჩამოასვენეს. საქართველოს ისტორიის ქრონიკებში დაცული ცნობის მიხედვით, სპარსეთიდან მომავალ შანშეს ნადირშაჰთან მიმავალი გივი ამილახვარი შეხვედრია: