ალცჰაიმერის დაავადების აჩრდილი | საქართველოს რესპუბლიკა
ჯანმრთელობა
ალცჰაიმერის დაავადების აჩრდილი
ალცჰაიმერის დაავადებას უწინ სიბერედ განიხილავდნენ, თუმცა კი შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ცალკე დაავადებაა, მედიცინაში ერთ-ერთი უდიდესი პარადოქსი ის გახლავთ, რომ მეცნიერები დღესაც კამათობენ და ჯერაც ვერ დაუდგენიათ: თავის ტვინი ადამიანის ორგანოა, თუ თავად ადამიანია თავის ტვინის ორგანო?!
ავტორი ოთარ ტურაბელიძე5 წთ წაკითხვა
გაზიარება:
დაბერება მხოლოდ წლების ტვირთი არ არის:
ალცჰაიმერის დაავადების აჩრდილი
დროდადრო სხვადასხვა ნივთების არასწორ ადგილას მოთავსება, მოკლევადიანი მახსოვრობა, ზუსტი დეტალებისა და ეპიზოდების ვერდამახსოვრება, ოჯახის წევრებისა და მეგობრების სახელების დავიწყება და მსგავსი სხვა პრობლემები, ეგრეთ წოდებული ალცჰაიმერის დაავადების მხოლოდ პირველადი ნიშნებია, რომელსაც როგორც წესი, თავდაპირველად ავადმყოფების ახლობლები ამჩნევენ და რომლითაც დღეს მსოფლიოში მილიონობით ადამიანია დასნეულებული. ამდენად, სავსებით გასაგებია ჩვენი სამედიცინო საზოგადოების ის ინტერესი, რომელიც მან ცნობილი მორფოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო მეთოდოლოგიური საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიკოს-მდივნის რამაზ ხეცურიანის საჯარო ლექციის თემაზე "სიბერე, ასაკობრივი ცვლილებების მორფოლოგია. ალცჰაიმერის დაავადების" მიმართ გამოიჩინა, რომელიც მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში წაიკითხა და რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან 85-ე წლისთავს მიეძღვნა.
- აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი ლექციებს ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობის დროს კითხულობდა და, მიუხედავად იმისა, რომ, იგი, როგორც წესი, დასწრებას არასდროს ამოწმებდა, მის ლექციებს არავინ აცდენდა, იმდენად საინტერესო იყო მათი მოსმენა,-თქვა შესავალ სიტყვაში თსსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლინატროშვილმა. - ალცჰაიმერის დაავადება ის სენია, რომლის სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატებით წარმატებული მკურნალობის არაერთხელ გავრცელებულმა ცნობებმა, მთელ მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპტიმისტური მოლოდინები არც ერთხელ არ გამართლდა. თუმცა კვლევები ამ მიმართულებით კვლავაც გრძელდება…
ამდენად, მორფოლოგიური ცვლილებების მიმოხილვა, რომლებიც ავადმყოფობას ახლავს, უდავოდ ძალიან საინტერესო იქნება როგორც პროფესიონალი მკვლევრებისთვის, ისე მომავალი სპეციალისტებისთვისაც.
- ალცჰაიმერის დაავადებას უწინ სიბერედ განიხილავდნენ, თუმცა კი შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ცალკე დაავადებაა, მედიცინაში ერთ-ერთი უდიდესი პარადოქსი ის გახლავთ, რომ მეცნიერები დღესაც კამათობენ და ჯერაც ვერ დაუდგენიათ: თავის ტვინი ადამიანის ორგანოა, თუ თავად ადამიანია თავის ტვინის ორგანო?! - ასე დაიწყო საუბარი აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა, რომელიც ლექციის მსვლელობისას შეეხო ცოცხალი და არაცოცხალი მატერიის საკითხს ახალშობილებში, დროის რაობას, ორგანიზმის განახლების თავისებურებებს, ცხოველებსა და ადამიანებში დაბერების პროცესის განსხვავებებს, დემოგრაფიულ მონაცემთა სტრუქტურულ თავისებურებებს საქართველოსა და მსოფლიოში, დედამიწის მოსახლეობის სწრაფი ტემპით დაბერების თემას, ადამიანის სენსორულ შეგრძნებებს, სიბერის სხვადასხვა თეორიებს, ასაკობრივი ცვლილებების მორფოლოგიურ საფუძვლებსა და სხვ.
-მედიცინაში „დაბერება" არ ნიშნავს მხოლოდ კალენდარული წლების მატებას. ეს არის ორგანიზმის სტრუქტურულ და მოლეკულურ დონეზე პროგრესირებადი ტრანსფორმაციის პროცესი, ამდენად როდესაც ის პათოლოგიურ კალაპოტში გადადის, ხშირად საქმე გვაქვს ნეიროდეგენერაციულ დარღვევებთან, რომელთა შორისაც ალცბაიმერის დაავადება ყველაზე გავრცელებული კომპლექსური გამოწვევაა, - აღნიშნა მომხსენებელმა._ჯანსაღი დაბერების პროცესშიც კი, ადამიანის თავის ტვინი განიცდის დამახასიათებელ ანატომიურ და ჰისტოლოგიურ ცვლილებებს. ნეიროვიზუალიზაციური კვლევები აჩვენებს, რომ 60 წლის შემდეგ თავის ტვინის მოცულობა ყოველწლიურად 0,5 პროცენტით მცირდება. ატროფია ყველაზე მეტად შუბლის წილისა და ჰიპოკამპის სტრუქტურებშია გამოხატული და სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი კონსოლიდაციაზე მორფოლოგიური თვალსაზრისით
ეს ცვლილებები მოიცავს:
-სინაფსური სიმკვრივის შემცირებას: ჯანსაღი დაბერების პროცესში მინიმალურია ნეირონების მასობრივი სიკვდილი, ნაცვლად ამისა, მცირდება დენდრიტების განტოტებები და სინაფსების (ნეირონთაშორისი კავშირების) რაოდენობა;
- მიელინის დეგრადაციას: თეთრი ნივთიერების აქსონალური გარსის (მეილინის) დაზიანება აფერხებს იმპულსების გადაცემის სიჩქარეს;
_მიკროცირკულაციის დარღვევას: თავის ტვინის კაპილარების კედლები სქელდება (ფიბროზი), რაც აუარესებს ნეირონების ჟანგბადითა და გლუკოზით მომარაგებას. როდესაც ეს მორფოლოგიური გარდაქმნები ფიზიოლოგიურ ნორმას სცილდება, იწყება ნეიროდეგენერაციულ ცვლილებათა კასკადი, რაც აყალიბებს ალცჰაიმერის დაავადების კლინიკურ სურათს.
ორგანიზმის განახლების ნორმალური პროცესი გარკვეული თავისებურებებით მიმდინარეობს: ყოველ 10 წელიწადში ახალი ჩონჩხი გვაქვს; ყოველ 2-3 კვირაში ფილტვების განახლება ხდება; ყოველ 78 საათში განახლდება კუჭის ლორწოვანი გარსი; ენის რეცეპტორული (დვრილები) განახლდებიან ყოველ 10 დღეში; დღე-ღამეში მიტოქონდრიები 40 კმ FNA-ს გამოიმუშავებენ, რაც ჩვენი არსებობისთვის არის აუცილებელი; ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა 120 დღეა; გულის კუნთი მთელი სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ორჯერ განახლდება.
ასევე საინტერესოა, თუ როგორ იცვლება ტვინის ნეირონთა რაოდენობა თავის ტვინის ყოველ ერთ კვადრატულ მილიმეტრზე: 30-40 წლის ასაკში 825 ნეირონია; 60 წლის ასაკში 640-680 ნეირონი; 70 წლის ასაკში 400-500 ნეირონი.
აქედან ნათლად ჩანს, რომ ნერვულ უჯრედთა რაოდენობა ასაკის მატებასთან ერთად კლებულობს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მათი უმრავლესობა, ისევე, როგორც საერთოდ სხეულის ყველა უჯრედთა უმრავლესობა, გადადის "სენესტენციის" მდგომარეობბაში. მათში შენელებულია ყველა პროცესი, რომლებიც სასიცოცხლო პროცესების სახით არის ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ იცვლება საერთოდ მოსახლეობის ასაკობრივი სტატისტიკა: კერძოდ, 2025 წლის 1 იანვრის მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში ვითარება ასეთი იყო: 1. ბავშვი (0-14 წ.)-19 პროცენტი; 2. საშუალო ასაკი (15-64წწ)-64,2 პროცენტი; 3. ხანდაზმულები (65 და მეტი) - 16,2 პროცენტი.
საშუალო მედიანური ასაკი-1990 წელს შეადგენდა 27-28 წელს, ხოლო 2020 წლისთვის ის გაიზარდა და შეადგენდა 37,7 წელს, რაც მოსახლეობის ასაკობრივ მატებას (ანუ დაბერებას) მოწმობს.
მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის პროგნოზი 2050 წლისთვის კი ასეთია:-შემცირდება ბავშვთა რიცხოვნობა (0-14 წ.) - 28 პროცენტიდან - 18 პროცენტამდე; - დაიკლებს საშუალო ასაკი (15-64 წწ) - 66 პროცენტიდან 61 პროცენტამდე. 1,7 პროცენტით მოიმატებს მოხუცთა რაოდენობა.
ასევე სწრაფად მიმდინარეობს მსოფლიო მოსახლეობის დაბერების პროცესიც, კერძოდ:-2015 წლიდან 2020 წლამდე 60 და მეტი წლის ასაკის მოსახლეობა 900 მილიონიდან 2 მილიარდამდე გაიზარდა (12-დან 22 პროცენტამდე); -ამასთანავე საფრანგეთში ხანდაზმულთა 10 პროცენტიდან 20 პროცენტამდე რომ გაზრდილიყო, ამას 150 წელი დასჭირდა;-ისეთ ქვეყნებში კი, როგორებიცაა ბრაზილია, ჩინეთი და ინდოეთი, ამ პროცესს მხოლოდ 20 წელი დასჭირდა.
დღეისათვის ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა იაპონიაშია და 90 წელს შეადგენს.
აქედან გამომდინარე, ვინაიდან გაიზარდა მოსახლეობის საშუალო ასაკი, სიცოცხლე უფრო ხანგძრლივი გახდა და, ამასთანავე, დაიხვეწა დიაგნოსტიკური პროცესები, იმატა მოხუცებულობით გამოწვეულმა პათოლოგიებმაც, კერძოდ გაიზარდა დემენციური პროცესებით დაავადებულთა რაოდენობა.
ბოლო წლების გენეტიკურმა და მოლეკულურმა კვლევებმა რევოლუცია მოახდინა ალცჰაიმერის დაავადების ეტიოლოგიის დადგენაში. დღესდღეობით დაავადების გამომწვევ მთავარ მექანიზმად განიხილება ნეიროანთება და მიკროგლიის დისფუნქცია-უახლოესი აღმოჩენებით ალცჰაიმერის დაავადება არა მხოლოდ ნეირონების, არამედ იმუნური სისტემის პათოლოგიაცაა. თავის ტვინის მიკროგლიის უჯრედები საწყის ეტაპზე ცდილობენ ამიდოიდური ფოლაქების შთანთქმას, თუმცა ქრონიკული გადაღლისა და მუტაციების გამო მიკროგლია კარგავს დამცავ ფუნქციას. ნაცვლად ამისა, ის გადადის პროანთებად მდგომარეობაში და იწყებს პროანთებადი ციტოკინების სეკრეციას, რაც პირდაპირ ანადგურებს ჯანსაღ ნეირონებსა და სინაფებს.
ამასთანავე, „კოლაფსურ" რეჟიმში მუშაობს ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ-ერთი უახლესი აღმოჩენა-გლიმფური სისტემა-თავის ტვინის თავისებური "სარეცხი მანქანა", რომელიც აქტიურდება ღრმა ძილის ფაზაში, ინტენსიურად "რეცხავს" ტვინის ქსოვილს და იქიდან გადმოდევნის ტოქსიკურ მეტაბოლიტებს, მათ შორის B-ამილოიდს.
თანამედროვე ბიოქიმიური კვლევები ალცჰაიმერის დაავადებას ხშირად მოიხსენიებს როგორც "ტიპი 3 დიაბეტს", ვინაიდან ამ დროს ნეირონებში ყალიბდება ინსულინრეზისტენტულობა, რაც იწვევს გლუკოზის მეტაბოლიზმის მკვეთრ ვარდნას.
ამრიგად, ასაკობრივი მორფოლოგია ქმნის ნოყიერ ნიადაგს, ხოლო მოლეკულური და მეტაბოლური დარღვევების ერთობლიობა წარმოადგენს ალცჰაიმერის დაავადების ტრიგერს, (ტრიგერი ნიშნავს ადამიანის გარკვეულ მოქმედებას, რომელიც ახსნას არ ექვემდებარება, ალოგიკურია - რედ.). მეცნიერების უახლესმა აღმოჩენებმა შეცვალა ჩვენი ხედვა, ეს დაავადება აღარ განიხილება, როგორც "ცილოვანი ნაგვის" დაგროვება, ის არის მულტისისტემური პათოლოგია, სადაც ნეიროანთება, გლიმფატური სისტემის უკმარისობა, მიტოქონდრიული კრიზისი და ლიზოსომების დისფუნქცია ერთიან მანკიერ წრეს ქმნიან.
ამ კომპლექსური მექანიზმის გაშიფრვა თანამედროვე მედიცინას აძლევს შანსს შეიმუშაოს ახალი თაობის თერაპიული საშუალებები, რომლებიც მიმართულნი იქნებიან არა მხოლოდ სიმპრომების შემსუბუქებაზე, არამედ ნეიროდეგენერაციის ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და შეჩერებაზე.